გენადი არველაძე - ჩვენ ვამაყობთ, რომ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც არამარტო საქონლით, არამედ მომსახურებით ვაჭრობასაც მოიცავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ჰონგ კონგთან 28 ივნისს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ყოვლისმომცველია და ვაჭრობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს არა მარტო საქონლით ვაჭრობას, არამედ მომსახურებით ვაჭრობასაც. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ისეთ მნიშვნელოვან რეგიონთან, როგორიცაა ჰონგ კონგის ადმინისტრაციული რეგიონი, რომელიც არის სავაჭრო და საინვესტიციო ჰაბი,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

ხელმოწერა ჰონგ კონგში, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ სამიტის ერთ-ერთი ცენტრალური ღონისძიება იყო. სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 3 000-ზე მეტი სტუმარი ესწრება, მათ შორის სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, როდესაც საუბარია „ერთი სარტყლისა და ერთი გზის“ ინიციატივაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა სავაჭრო ბარიერის მოხსნა.

„ამ თვალსაზრისით, ეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგია, რადგან ეს საილუსტრაციო შემთხვევა, თუ როგორ შეიძლება რეგიონის ქვეყნებმა მოხსნან ვაჭრობის ბარიერები, რათა ხელი შეეწყოს აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის ვაჭრობას,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

მისივე შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას სარგებელი ორივე მხარისთვის მოაქვს, ორივე ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს და ორივე მხარისთვის მოაქვს დადებითი შედეგები.

მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.11.2019
ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციაში არ ჩანს ოპოზიციური ძალა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალებისა და ელექტორატის ლიდერი გახდებოდა
„სამ რაან სპა-ცენტრი“ ევროპის საუკეთესო სპად დასახელდა