ლევან ალაფიშვილი - მთავარი პროკურორობის მსურველთა სიაში ირაკლი ნადარეიშვილის და შალვა თადუმაძის ჩასმით ნათელი ხდება მმართველი გუნდის თამაშები

ირაკლი ნადარეიშვილის ან შალვა თადუმაძის მთავარი პროკურორობის მსურველთა სიაში ჩასმა საზოგადოებისთვის არაფერს ცვლის, თუმცა ნათელი ხდება მმართველი გუნდის თამაშები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, „კარგი მმართელობის პროგრამის“ ხელმძღვანელმა, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა.

როგორც ალაფიშვილმა აღნიშნა, „დასკვნით ტურში პროკურატურის და მთავრობის კანდიდატები გადავლენ და გარიგება სწორედ პროკურორთა კორპუსასა და სახელმწიფოს შორის მოხდება“, რაც მისივე შეფასებით, „ძალიან ცუდია“.

„როდესაც იუსტიციის მინისტრის ინიცირებით შეიცვალა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე განმწესების წესი, იმ დროიდან მოყოლებული ვამბობ, რომ ეს სისტემური გადაწყვეტა არ არის რომ მიიღწეს მიზანი - პროკურატურა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი და იყოს პოლიტიკური პროცესების მიღმა. ამასთან, არ იყოს პოლიტიკური ლოიალობის რისკი. სამწუხაროდ, არც მაშინ და არც დღეს ამ საკითხს ჯეროვანი ყურადღება არ მიექცა. შესაბამისად, პოლიტიკური ლოიალობის და სიმპათიის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება კვლევაც რჩება პროკურატურის ნაწილი და პოლიტიკოსები ეძებენ რაღაც საერთო თანხვედრის მიზანს და მერე პროცედურულად თამაშობენ.

როდესაც მთავარ პროკურორზე ვსაუბრობთ, გადავხედოთ, ვინ იღებს მის არჩევაზე საბოლოოდ გადაწყვეტილებას - საპროკურორო საბჭო, სადაც პოლიტიკური შემადგენელია. ეს არის ჩემთვის პრობლემა და არა გვარ-სახელები. სისტემა საჭიროებს რეფორმირებას იმისთვის, რომ საზოგადოებას გვქონდეს ინსტიტუციურად, პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი პროკურატურა, რომლის ირგვლივაც პოლიტიკური თამაშები გამორიცხული იქნება. თავისთავად, პროკურატურა პოლიტიკური ლოიალობისთვის არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებებს, ან მიღებულ გადაწყვეტილებებს არ დააკორექტირებს“, - განაცხადა ალაფიშვილმა და დასძინა, რომ შალვა თადუმაძის, ან ირაკლი ნადარეიშვილის სიაში ყოფნა არაფერს ცვლის.

„საზოგადოებისთვის ეს არაფერს ცვლის. თუმცა, ნათელი ხდება მმართველი გუნდის თამაშები - დაასახელოს მისთვის საინტერესო რამდენიმე კანდიდატი იმისთვის, რომ პროცესი წარმოაჩინოს საინტერესოდ, პლურალისტურ გარემოში ჩატარებულად, საბოლოოდ კი, მისთვის საინტერესო გადაწყვეტილება მიიღოს. თუ პროცედურული თამაშები დარჩა, სავარაუდოდ მეორე, დასკვნით ტურში იქნებიან პროკურატურის და მთავრობის წარმომადგენლები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობისა და პროკურატურის კადრები იქნებიან მმართველი პოლიტიკური ძალის დღის წესრიგის მთავარი ლიდერები. გადაწყვეტილებებსაც აქ მიიღებენ. ამ შემთხვევაში გარიგება მოხდება პროკურატურის კორპუსს, მხედველობაში მაქვს საბჭო და პოლიტიკოსებს შორის, რაც ძალიან ცუდია. ეს ნიშნავს, რომ პროკურატურა და პროკურორთა კორპუსი ჩართული იქნებიან პოლიტიკურ პროცესში, ეს კი ნეიტრალიტეტს არ ნიშნავს. გარიგების საგანი კი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს. ეს იქნება იმ პროცესის გაგრძელება, რასაც წლებია ვუყურებთ“, - განაცხადა ალაფიშვილმა.

იურისტის შეფასებით, პროცესი დამოკრატიულად დასრულდებოდა, თუ პოლიტიკური შემადგენელი სრულად გამოირიცხებოდა და მთავარი პროკურორი საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით აირჩეოდა.

„მხოლოდ ერთი პირის განმწესება კი არ არის მთავარი, რიგითი გამომძიებლის დონეზე უნდა გაძლიერდეს სისტემა, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ზემდგომის ჩარევისგან. სისტემურად უნდა გავიაზროთ, როგორი პროკურატურა გვინდა. გამოძიება უნდა იყოს ცალკე არსებული ძლიერი ინსტიტუტი, პროკურატურა - ცალკე, მისი საქმის წარმმართველი სასამართლოში, რომელიც გამოძიების გაფუჭებულ საქმეს აღარ წაიღებს სასამართლოში, როგორც ეს ხორავას ქუჩის ინცინდენტის შემთხვევაში მოხდა. მოლოდინი, რომ რაიმე შეიცვლება ახალი პროკურორის არჩევით, არ მაქვს“, - განაცხადა ალაფიშვილმა.

ამ დროის მონაცემებით, მთავარი პროკურორობისთვის 15 კანდიდატი იბრძვის. დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე.

გარდა ამ სამი კანდიდატისა, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში წარდგენილნი არიან: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მარიამ ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, ედიშერ ფუტკარაძე, ნინო გოგნიაშვილი და გიორგი შაშიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა ირაკლი შოთაძემ. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ და მთავარ პროკურატურასთან, ზაზა სარალიძისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციების დროს მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა