გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველო ძალიან ახლოსაა ევროპასთან და ჩვენ მასთან მიმართებაში ახალი პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ

თბილისში არა მარტო პარლამენტის წინ ფრიალებს ევროკავშირის დროშა, ამ ლურჯ დროშას ყვითელი ვარსკვლავებით თბილისში ყველგან შეხვდებით და ეს ჩვენ გვხარებს. ბევრ ქვეყანაში ეს ესე არ არის, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან შეხვედრის დროს განაცხადა. მისი თქმით, ეს არის გარეგნული გამოხატულება იმისა, რასაც ქართველები შინაგანად გრძნობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დავით ზალკალიანისა და ჰაიკო მაასის შეხვედრა ბერლინში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, გერმანია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კურსს მხარს უჭერს და ამ გზაზე უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყო საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭება.

„თქვენ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების ტემპი აიღეთ და ამ თვალსაზრისით ბრძანდებით რეგიონში წამყვანი ქვეყანა, ამაში ჩვენ მომავალშიც გვინდა მხარი დაგიჭიროთ“, -განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საკუთარ გამოსვლაში მან ასევე ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე და ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე. მისი თქმით, საქართველო ნატო-ს მჭიდრო პარტნიორია და ეს გამოიხატება როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს აქტიური ჩართულობით, ასევე ნატო-ს სამიტში საქართველოს მონაწილეობით.

„საქართველო ნატო-ს ერთ-ერთი მჭიდრო პარტნიორია. ავღანეთში საქართველო 900 ჯარისკაცით არის წარმოდგენილი. მინდა გავიხსენო მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმის ფატი. მაშინ ქართველი ჯარისკაცების ძალისხმევით მოხერხდა ჩვენი თანამშრომლების გადარჩენა და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ.

ნატო-ს სამიტსაც მინდა შევეხო, რომელიც უახლოეს დღეებში ჩატარდება. საქართველო წარმოდგენილი იქნება ამ სამიტზე და ესეც გახლავთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის ნიშანი ნატოს დონეზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ უსაფრთხოების საკითხებშიც და ბოლომდე ვიდგებით. ეს ეხება კონფლიქტურ რეგიონებსაც. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის არ არის ვაჭრობის საგანი და ამაში მომავალიც არაფერი არ შეიცვლება“,-განაცხადა მინისტრმა.

ჰაიკო მაასის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სახით.

„ჩვენ ძალიან გვიხრია, რომ 70 შესანიშნავი ქართველი მწერალი იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე, მათი ნაშრომები და ეს წიგნები გვიჩვენებენ, რომ ქართველები ევროპულად აზროვნებენ და ევროპულად გრძნობენ. მართლაც ისინი გვიდასტურებენ, რომ საქართველო ძალიან ახლოს არის ევროპასთან“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს