დავით ზალკალიანი - ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი

საქართველო რომ ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია, ამას ცხადყოფს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპასთან დაახლოების პროცესში უკვე მიღწეული თვალსაჩინო წარმატებები, რაც საყოველთაოდ დაფასებულია ჩვენი პარტნიორების, მათ შორის გერმანიის მიერ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერმანელ კოლეგასთან ჰაიკო მაასისთან ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის განსაკუთრებულ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ ამას ადასტურებს მინისტრის რანგში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბერლინში. მისი თქმით, გერმანიას გამორჩეული ადგილი უჭირავს საქართველოს უახლეს ისტორიაში და დიდი წვლილი შეაქვს, როგორც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სახელმწიფოებრივი ტრანსფორმაციის პროცესში. დავით ზალკალიანის შეფასებით, საქართველო-გერმანიის არსებულ ურთიერთობებს აქვს დიდი პოტენციალი თვისებრივად ახალ დონეზე ავიდეს.

ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას დავით ზალკალიანი მიესალმა გერმანელი მინისტრის ინიციატივას, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას აღმოსავლეთ სამეზობლოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც, ევროპულად აზროვნებენ და ევროპულ ფასეულობებსა და ღირებულებებს ითავისებენ.

მედიასთან ერთობლივ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორცილებულ წარმატებულ რეფორმებზე.

„ჩვენი ამბიციაა საქართველო იყოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებული მაგალითი რეგიონში და არა მხოლოდ. ამისთვის ძალღონეს არ დავიშურებთ“, - განაცხადა მინისტრმა და საგზაო რუკის მიზნების რეალიზაციაში ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

მან მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ პოზიტიური გადაწყვეტილებისათვის და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებით მოსახლეობამ ევროპული ტრანსფორმაციის რეალური სარგებელი მიიღო. დავით ზალკალიანმა ასევე ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს ნატო-ს სამიტის კონტექსტში და ასევე საქართველო-გერმანიის წარმატებულ თანამშრომლობას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

„როგორც მოგეხსენებათ, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება. მსურს გერმანელ კოლეგასთან ყურადღება გავამახვილო მომავალ ნატოს სამიტზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ამ რეალობის სათანადო შეფასებაზე. დასაფასებელია, რომ გერმანია აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში“, - განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს, მათ შორის ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის, გადაადგილების შეზღუდვის და ადამიანის უფლებების სხვა უხეში დარღვევების საკითხებს. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების საჭიროებას.

დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა საქართველოს მხრიდან კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან პოლიტიკაზე. ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრი მიესალმა „საქართველოს რკინიგზისა“ და „დოიჩე ბანის“ მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებას. 2018 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს, როგორც ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებულ კულტურის მატარებელს.

აღნიშნულ კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს