ირაკლი სესიაშვილი - მივესალმები დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტს, როცა სამოქალაქო საზოგადოება ზედამხედველობას ახორციელებს, მათ შორის, თავდაცვის და შსს-ს შესყიდვებზე

პირველ რიგში, მივესალმები იმ განსხვავებულ და აწ უკვე დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტს, როცა სამოქალაქო საზოგადოება აქტიურია და ზედამხედველობას ახორციელებს, მათ შორის, თავდაცვის და შსს-ს შესყიდვებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სესიაშვილი ძალოვანი სტრუქტურების შესყიდვების შესახებ ტელეეთერით გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ტელესიუჟეტში მოხსენიებულ კომპანიას არ აქვს დაშვება საიდუმლო შესყიდვებთან და ვერ მიაწვდიდნენ თავდაცვის სამინისტროს ისეთ პროდუქტს, რომელიც შეიძლება, რაიმე სახით საფრთხის შემცველი იყოს უწყებისთვის.

„ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. ამავე დროს, ჩვენ ვყალიბდებით სამართლებრივ სახელმწიფოდ, ჩვენი ცხოვრების წესია კანონის უზენაესობა და ამ გამჭვირვალობის პრინციპზე დაყრდნობით, ვცდილობთ, ძლიერი საძირკველი შევუქმნათ ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ ფასეულობებს.

ჩვენი ოპონენტებისგან არ გამკვირვებია მათთვის ჩვევად ქცეული პოლიტიკური სპეკულაციები. დიახ, ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაციაა, როცა როგორც შევეჩვიეთ, ისინი ან ვერ ერკვევიან საკითხში და კამერებთან განცხადებები წინ უსწრებს საკითხში გარკვევას, ან ასევე ჩვეულად, ერთი დღის შავი პიარის ნიუსში მონაწილეობისთვის, ერთმანეთს ასწრებენ. არადა, რომ გაერკვიონ ხოლმე საკითხებში, ცუდი არ იქნება - კრიტიკის პარალელურად, ეს მათი ვალდებულებაა.

მინდა, გამოვეხმაურო ერთ-ერთი ტელეეთერით გასულ სიუჟეტს ძალოვანი სტრუქტურების შესყიდვების შესახებ, რასაც თავდაცვის სამინისტრომ ძალიან ნათელი და მკაფიო პასუხი გასცა ფაქტებზე დაყრდნობით.

1. სიუჟეტში დასახელებული კომპანია მონაწილეობას იღებდა ღია ელექტრონულ ტენდერში და გაიმარჯვა, რადგან უკეთესი პირობები დადო და კანონმდებლობით, არავის აქვს უფლება მას მოგებული ტენდერი გაუუქმოს. თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს ხელმძღვანელობას არ და ვერ ეცოდინებოდა, ვინ იღებს ღია, ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობას და ვერ და არ გააკონტროლებდა ამ პროცესს. ეს არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება. ჩვენს ოპონენტებს ეს უკვირთ, მაგრამ ეს არის კანონის უზენაესობა , ეს არის კონკურენტული და გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფა და ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა.

2. ჩვენი ოპონენტების მცდელობა, რომ ამ კომპანიის საქმიანობა დაუკავშირონ თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის საქმიანობას და გააჩინონ საზოგადოებაში ეჭვი, თითქოს ეს ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ინტერესებს, მორიგი ტყუილი და სპეკულაციაა. ამ კომპანიებს არ აქვთ დაშვება საიდუმლო შესყიდვებთან და ვერ მიაწვდიდნენ თავდაცვის სამინისტროს ისეთ პროდუქტს, რომელიც შეიძლება, რაიმე სახით საფრთხის შემცველი იყოს უწყებისთვის.

და ბოლოს, არ მინდა ვინმეს მმართველობას შევედარო, მერწმუნეთ, ისეთები მახსენდება, შედარებაც კი მრცხვენია, მაგრამ გირჩევთ, მოეშვათ სპეკულაციებს და სანამ კომიტეტზე ვინმეს დაბარებას მოითხოვთ, ჯერ ამ კომიტეტის სხდომებს დაესწარით ხოლმე მაინც“, – აცხადებს სესიაშვილი.

სტუდია ”მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს ”გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა და საჯაროდ დღემდე არ უარყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო