რამაზ საყვარელიძე - სამართლიანობის აღდგენის პროცესი, სავარაუდოა, რომ ირაკლი ნადარეიშვილის ხელში უფრო სწორი გზით გაგრძელდება

სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც ასე მტკივნეულ თემად იქცა პროკურატურის და სასამართლოს პრობლემების განხილვისას, სავარაუდოა, რომ ირაკლი ნადარეიშვილის ხელში უფრო სწორი გზით გაგრძელდება, - ამის შესახებ პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.

როგორც საყვარელიძე ამბობს, ნადარეიშვილის კანდიდატურა უფრო საყურადღებოა იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ მის ზურგს უკან პრაქტიკული საპროკურორო სამუშაო დგას, იცის საპროკურორო რეალობა როგორია საქართველოში, რაც შესაძლოა, ნაკლებად იცოდეს შალვა თადუმაძემ.

„ირაკლი ნადარეიშვილზე, როგორც შესაძლო კანდიდატზე, საუბარი დღეს არ დაწყებულა. თუმცა, მისი პოზიცია იყო უცნობი, დღეს დაკონკრეტდა, რაც მისასალმებელია. მისი კანდიდატურა იმსახურებს ყურადღებას ბევრი თვალსაზრისით. დაწყებული იქიდან, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც ასე მტკივნეულ თემად იქცა პროკურატურის და სასამართლოს პრობლემების განხილვისას, სავარაუდოა, რომ მის ხელში უფრო სწორი გზით გაგრძელდება, რადგან მას პროკურორად მოღვაწეობისას ბევრი პრობლემა შეხვდა სამართლიანობის აღდგენის გამო. მას ჰქონდა ეს თემა მინდობილი და საკმაოდ ბევრ სირთულეს აწყდებოდა. თუ ის მთავარი პროკურორი გახდება, უფლებები გაეზრდება, მეტი შესაძლებლობები გაუჩნდება ამ თემის მოსაგვარებლად და მეტ ნაბიჯს გადადგამს.

ნადარეიშვილის კანდიდატურა უფრო საყურადღებოა იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ ის პროკურორია, მის ზურგს უკან პრაქტიკული საპროკურორო სამუშაო დგას. იცის საპროკურორო რეალობა როგორია საქართველოში, რაც შესაძლოა ნაკლებად იცოდეს ამ ვიწრო მიმართულებით, შედარებით ნაკლები გამოცდილების მქონე შალვა თადუმაძემ“, - აღნიშნა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი ირაკლი ნადარეიშვილის პროკურატურაში მუშაობის პერიოდსაც იხსენებს და ამბობს, რომ „ნაციონალების“ ზეობის დროს ნადარეიშვილმა დატოვა პროკურატურა“.

„ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ თუკი მძაფრი, მკვეთრი, რადიკალური არ იქნა პოზიცია, არ შეიცვალა პროკურატურაში საკადრო პოლიტიკა, „ნაციონალების“ კადრების მიმართ გაგრძელდა კოჰაბიტაცია პროკურატურის დონეზე, სამართლიანობის აღდგენა არასოდეს მოხდება. ვინც ხელს აწერდა უკანონო გადაწყვეტილებას, ის ადამიანები თავის თავის წინააღმდეგ ხომ არ იმოქმედებენ დღეს?! ამის გამო, ყოველთვის დაიბლოკება ის სასამართლო პროცესები, ის საქმეები, რომელთა კუდებიც განვლილ 9 წელთან მიდის“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს