მამუკა მდინარაძე - ხორავას ქუჩის საქმეზე არიან თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც გამოძიებას საერთოდ არ დაუკითხავს

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩის საქმეზე არიან თვითმხილველი მოწმეები, რომლებიც გამოძიებას საერთოდ არ დაუკითხავს. ამის მიზეზზე განმარტება მდინარაძემ საქმის მწარმოებელ გამომძიებელს ირაკლი ფიფიას სთხოვა.

“გავიგე, რომ ოპერატიულად მუშაობთ და 20 დღის შემდეგ დაკითხეთ? ისეთებიც არიან (მოწმეები), რომლებიც საერთოდ არ არიან დაკითხული. ჩვენ ვნახეთ “რუსთავი2“-ის კადრები, რომლის მიხედვით, არის რამდენიმე თვითმხილველი, რაღაც კონკრეტულს ამბობენ და მათთან საერთოდ არ არის პოლიცია ნამყოფი. აქ ჩვენ ცოტა უცნაური პასუხიც მივიღეთ, რომ გამოკითხეს მეუღლე და ქმრის გამოკითხვა აღარ სჭირდებოდათ. პათოსი იყო, რომ რაკი მეუღლე იყო დაკითხული, ამიტომ ქმარი აღარ დაიკითხა“, - განაცხადა მდინარაძემ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამომძიებელმა ფიფიამ განმარტა, რომ კანონის თანახმად, მკაცრ ჩარჩოებში იყვნენ მოქცეული, რაც იმაში გამოიხატება, რომ როცა ბრალდებული არასრულწლოვანია და პატიმრობაში იმყოფება, კანონით გამოძიების ჩატარების დრო არის შეზღუდული.

“გამოძიების საწარმოებლად გვეძლევა ერთ თვეზე მეტი ვადა. ამ ვადაში 119 მოწმე გამოიკითხა, რომლებიც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდნენ. რაც შეეხება იმ მოწმეებს, ვინც არ გამოიკითხა, გეტყვით, რომ ორჯერ მეტ ადამიანთან განხორციელდა ოპერატიული გასაუბრება. პოლიციის თანამშრომელი ყველა ოჯახში მიდიოდა, აკაკუნებდა და ოპერატიულად ესაუბრებოდა მათ, ხომ არ იცოდნენ რამე მომხდარ საქმეზე“, - განაცხადა ფიფიამ მამუკა მდინარაძის პასუხად.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოკითხეს. კერძოდ, სხდომაზე საქმის უშუალო გამომძიებლს, ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროს იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროს შალვა ბედოიძეს მოუსმინეს. საგამოძიებო კომისიამ მოუსმინა ზვიად კუპრავასაც.

2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს