ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2018

ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება ყველა გადაწყვეტილება დაიბლოკოს

საქართველოში 2005 წლამდე გამოშვებული მანქანების აკრძალვისთვის ემზადებიან***

ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება ყველა გადაწყვეტილება დაიბლოკოს

"ერთ კვირაში ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება, საიდანაც დიდი წარმატების მოლოდინი აქვს თბილისს. თუმცა ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი გეგმავს, დაბლოკოს სამიტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შეეხება, რაც უკვე ცნობილია ნატო-ს შტაბ-ბინაშიც", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, ნატო-ს სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება ყველა გადაწყვეტილება დაიბლოკოს / ნატო-ში საქართველოს კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციას უნგრეთ-უკრაინის დაპირისპირება აბრკოლებს

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ უნგრეთს კონკრეტულად საქართველოს მიმართ პრეტენზია არ აქვს, მაგრამ თუ ნატო-ს მხრიდან ერთ პაკეტშია გაერთიანებული საქართველო და უკრაინა და საუბარია, რომ მათ რაღაც ერთობლივი უნდა მისცემოდათ, მაშინ საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს წამგებიან სიტუაციაში, რაც არასასურველი სცენარია. კაკაჩიას თქმით, უკრაინასთან ჩვენი ჩართვა პრობლემური ხდება და თუ ნატო-ს სამიტზე ჩვენს რაიმე წინსვლაზეა საუბარი, ბუნებრივია, საქართველო არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ უკრაინასთან მიებმება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველოს ზიანი არ მიადგეს და ნატო-სთან დაახლოების გზაზე პროგრესი არ შეჩერდეს," - აღნიშნავს გამოცემა.

"მისი თქმით, თბილისმა აქტიურად უნდა იმუშაოს ბუდაპეშტთან, უნგრეთის პრემიერ ვიკტორ ორბანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება შესაძლებელია. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ "უნგრეთის შესაძლო დაბლოკვაზე განცხადება თავად უნგრულ მედიაში არსად არ იძებნება", მხოლოდ რუსული და უკრაინული მედია წერს და იმედი აქვთ, რომ უნგრეთი საქართველოს პრობლემებს არ შეუქმნის. საგულისხმოა, რომ ამ სამიტზე უკრაინა-საქართველო-ნატო-ს ერთობლივი სხდომა იმართება, რის შემდეგაც უნდა მოხდეს უკრაინა-საქართველოს შესახებ ალიანსის წევრებისთვის წინადადების წარდგენა და მიღება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საკითხი სწორედ უკრაინასთან ერთად განიხილება, რაც თბილისს დიდ პრობლემას უქმნის, რადგან უნგრეთი აცხადებს, რომ ყველა საკითხს დაბლოკავს, სადაც უკრაინა იქნება ნახსენები", - განაგრძობს გამოცემა.

"უკრაინა-უნგრეთს შორის დაპირისპირება გასული წლის სექტემბრიდან დაიწყო, როდესაც უკრაინის განათლების კანონში ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა და, ახალი რეგულაციით, უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინულის გარდა, ყველა სხვა ენაზე იკრძალება განათლების მიღება. კანონი ნაწილობრივ წელს ამოქმედდა და მე-5 კლასიდან ეროვნულ უმცირესობებს მშობლიურ ენას აღარ ასწავლიან, 2020 წლიდან კი აკრძალვა დაბალ კლასებსაც შეეხება. სექტემბრამდე უნგრეთი უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო ნატო-ში გაწევრიანების კუთხით, თუმცა ამ რეგულაციის მიღების შემდეგ ბუდაპეშტში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული კანონი უკრაინაში მცხოვრები 150 000 უნგრელი ოჯახის უფლებებს არღვევს. უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ უკრაინა-ნატო-ს კომისიის სხდომის ჩატარებასა და კიევის ევროკავშირთან დაახლოებას მანამდე დაბლოკავს, ვიდრე კიევი "განათლების შესახებ კანონში" ცვლილებას არ შეიტანს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მომავალი კვირის ნატო-ს სამიტზე ბრიუსელში დაბლოკავს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შეეხება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ახლა კი, ნატო-ს სამიტამდე ერთი კვირით ადრე, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანი უკრაინა-საქართველოს საკითხის დაბლოკვას ააანონსებს", - დასძენს გამოცემა.

"უკრაინული მედიის ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ვიქტორ ორბანი გეგმავს, ხმა მისცეს ნებისმიერი იმ დოკუმენტის წინააღმდეგ, რომელიც მისაღებად იქნება შეთავაზებული ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის უკრაინისა და საქართველოს ლიდერებთან ერთობლივი სხდომის შემდეგ. კორნელი კაკაჩიას თქმით, უნგრეთის ხელისუფლებისაგან არაერთხელ ყოფილა განცხადებები, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. ახლა რა ხდება, ზუსტად კონტექსტი არ იცის, მაგრამ ჰგონია, რომ უნგრეთი ამ შემთხვევაში გამოაცალკევებს საქართველოს. თუმცა თუ ნატო-ს მხრიდან ერთ პაკეტშია გაერთიანებული საქართველო და უკრაინა და საუბარია, რომ მათ რაღაც ერთობლივი უნდა მისცემოდათ, მაშინ საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს წამგებიან სიტუაციაში. ეს საქართველოსთვის ძალიან არასასურველი სცენარია იმიტომ, რომ უკრაინას შეიძლება ჰქონდეს ისეთივე სცენარი, რომელიც მაკედონიასა და საბერძნეთს შორის იყო, როდესაც სახელწოდების გამო საბერძნეთი მუდმივად ბლოკავდა მაკედონიის გაწევრიანებას და სულ ახლახან გადაწყდა ეს საკითხი, როდესაც ერთობლივად ახალი სახელი შეიმუშავეს. თუ ჩვენ ნატო-ს საკითხში მეტ-ნაკლებად მივებმევით უკრაინას, მაშინ უნგრეთსა და უკრაინას შორის ეს დაპირისპირება ჩვენთვისაც პრობლემური გახდება იმიტომ, რომ უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობა ასე სწრაფად ვერ მოგვარდება. დღეს ისიც აშკარაა, რომ ევროკავშირისგან განსხვავებით, ნატო-სთან ურთიერთობაში საქართველო ცოტა უფრო წინ დგას, ვიდრე უკრაინა და მაინც უფრო ცალკე განიხილება, ვიდრე უკრაინასთან ბმაში. თუმცა ბოლო დროს უკრაინაც ძალიან გააქტიურებულია ნატო-ს მიმართულებით და უკრაინის გეოპოლიტიკური წონა და მისი პოლიტიკური მნიშვნელობა უფრო დიდი და ფასეულია, ვიდრე საქართველოსი. ანუ, ორივე ამ ქვეყნის ერთად განხილვა უფრო ფასეულია ალიანსისთვის, ვიდრე მათ მომავალზე ცალ-ცალკე ფიქრი. მიმაჩნია, რომ ნატო-ს ხელმძღვანელებმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად უნდა გადაწყვიტონ, როგორ სჯობს სამიტზე ამ საკითხის დაყენება და დარწმუნებული ვარ, ახალ ფორმულას იპოვიან, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები არ დაზარალდეს", - წერს სტატიის ავტორი.

საქართველოში 2005 წლამდე გამოშვებული მანქანების აკრძალვისთვის ემზადებიან

"ძველი ავტომობილების, იგულისხმება 2005 წლამდე გამოშვებული მანქანები, იმპორტი მალე აიკრძალება, რისი მიზეზიც მათი არაეკოლოგიურობაა. მეზობელი ქვეყნების მსგავსად, "ევრო-5"-ის სტანდარტი საქართველოშიც ამოქმედდება. სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებს ახალი საკანონმდებლო ცვლილება დროულად მიაჩნიათ, თუმცა, მათი აზრით, აუცილებელია, სახელმწიფომ წაახალისოს მოსახლეობა, რათა მათ შეძლონ და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ავტოპარკის განახლებაში", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, საქართველოში 2005 წლამდე გამოშვებული მანქანების აკრძალვისთვის ემზადებიან

"დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, ძველი მანქანების შემოყვანა აუცილებლად უნდა აიკრძალოს. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, შესაძლოა, მტკივნეული იყოს, თუმცა დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვა გამოსავალი არ არსებობს. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავას ინფორმაციით, საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში ახალ საკანონმდებლო ინიციატივბეზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის დაძველებული ავტმობილების შეზღუდვაზე."ვმუშაობთ, რომ დაწესდეს შეზღუდვა და ძველი მანქანების შემოყვანა როგორმე შევაჩეროთ. ასევე, შევზღუდოთ დიდძრავიანი ავტომობილების იმპორტიც. სწორი ფორმაა მოსაფიქრეებელი ამ კუთხით", - განაცხადა კუჭავამ", - აღნიშნავს გამოცემა.

"როდიდან შევა კანონი ძალაში და აიკრძალება თუ არა 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი საქართველოში, ამ კითხვით "ბიზნეს-რეზონანსი" ეკონომიკის სამინ.ისტროს დაუკავშირდა, თუმცა მათგან კომენტარი ვერ მივიღეთ. სპეციალისტები კი ამბობენ, რომ გადაწყვეტილება, რომლის მეშვეობითაც ავტოპარკის განახლებას აპირებენ, არ უნდა დარჩეს საუბრის დონეზე. დეპუტატ შალვა ოგბაიძის თქმით, ხშირ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები გამოდიან ინიციატივით, მაგრამ გადაწყვეტილებას მეზობელ ქვეყნებში იღებენ. მისი აზრით, საქართველოს ემუქრება პერსპექტივა, გახდეს ევროპისა და ამერიკის დამტვრეული ავტომობილების სასაფლაო. ამის შეჩერებაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და ავტოპარკის განახლებას ხელი უნდა შეუწყოს. "ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ და ჩვენი მეზობლები მოქმედებენ ხოლმე. ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო აზერბაიჯანის შემთხვევაში, მათ არც კი დაუანონსებიათ, ისე მიიღეს 3 წლის წინ კანონი და "ევრო 5"-ზე უფრო ასაკოვანი ავტომობილების შეყვანა აკრძალეს. მთავარია ჩვენ შემთხვევაში საუბარი საუბრად არ დარჩეს", - განაგრძობს გამოცემა

" ემუქრება პერსპექტივა, გახდეს ევროპისა და ამერიკის დამტვრეული ავტომობილების სასაფლაო. ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ასეთი მდგომარეობა საშინელებაა. ავტოპარკის განახლებასთან ერთად, გვიჩნდება კითხვა - რა ქნას ფინანსურად გაჭირვებულმა ადამიანმა, თუ მის ავტომობილს ამოწურული აქვს ყველანაირი რესურსი. ასეთი მანქანები სულ რამდენიმე წელში "სიცოცხლეს ამთავრებენ" ელიავას მბაზრობაზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის რეალობა. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან წახალისებითა და სტიმულირებით, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მომრავლების კუთხით უნდა შეიცვალოს სიტუაცია. ჯიპებს "მარიაჟობისთვის" არ უნდა ვყიდულობდეთ და იმ ფასად ეკოლოგიურად უსაფრთხო და ეკონომიური მანქანა უნდა შევიძინოთ. ევროპაში გავრცელებულია პრაქტიკა, რომ ეკონომიური მანქანა უდრის ეკოლოგიურს. დრო დადგა ისეთი, ამის იქით არაფერია, კატასტროფის გარდა, რომელიც დაწყებულია. მთლიანად მთავრობამ უნდა იმოქმედოს, როგორც ქირურგმა და არ უნდა იფიქრონ, ამ "ოპერაციის" ჩატარების დროს ვინმეს ეტკინება თუ არა. მთავარია ჯანმრთელი საზოგადოება. ამიტომ როგორც კი გადაწყვეტილებას მივიღებთ, უნდა გავიტანოთ ბოლომდე და ვაქციოთ კანონად", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ოგბაიძემ", - დასძენს გამოცემა.

"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საჭიროა არათუ "ევრო-5"-ის სტანდარტის დაწესება, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში ახალი და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები მომრავლდნენ, აუცილებელია, მთავრობამ წაახალისოს საზოგადოება განბაჟების მარტივი წესით. "ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, მათ შორის ჩემი ინიციატივითაც. მეზობელმა სახელმწიფოებმა, მათ შორის აზერბაიჯანმა, შემოიღო "ევრო 5"-ის სტანდარტი და 2005 წელზე ქვემოთ გამოშვებული ტრანსპორტის შეყვანა იქ აღარ შეიძლება. დღეს საქართველოს საზღვარი გახსნილია ყველანაირი ტიპის ჯართისთვის. შემოდის დაშლილი, დანაწევრებული სატრანსპორტო საშუალებები. ავტოპარკის სიძველეზე როდესაც ვსაუბრობთ, სახელმწიფომ უნდა წაახალისოს ახალი ავტომობილების შემოყვანა. ამისთვის საჭიროა "ევრო 5"-ის სტანდარტის შემოღება; აუცილებელია განბაჟების სამართლიანი სისტემის შექმნა. დღეს ახალი ავტომობილების, 1 წლამდე განბაჟება არის უფრო ძვირი, ვიდრე 6-7 წლის მანქანების, თავიდანვე შეცდომა იყო ეს კანონი. თუ ავტოპარკის განახლება გვინდა, პირველ რიგში, უნდა შევუწყოთ ხელი რომ ადამიანებმა შეძლონ ახალი ავტომობილების მისაღებ ფასად განბაჟება", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მესხიშვილმა. "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარე გელა კვაშილავა პირდაპირ აკრძალვას არ ემხრობა. მისი აზრით, უფრო მეტად სხვა ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, ვიდრე იმპორტის შეზღუდვა. მაგალითად, სუფთა ტრანსპორტის წახალისება. სახელმწიფოსგანაც უნდა წამოვიდეს ინიციატივა, რომ ადამიანები დაინტერესდნენ და მეტი საშუალება გაუჩნდეთ გამართული ტგრანსპორტის შეძენისთვის. "შეიძლება მართლაც აიკრძალოს 2005 წლამდე გამოშვებული მანქანები, მაგრამ უფრო მთავარია ის ავტომობილები, რომელთაც აქვთ დიდი მოცულობის ძრავა. ნამდვილად საჭიროა მათი შეზღუდვა. მცირელიტრაჟიანი ავტომობილები მეტად უნდა წახალისდეს. დღევანდელი კანონმდებლობით, ჰიბრიდები საბაჟოზე უფრო ნაკლებად იბეგრება, კიდევ უფრო წახალისებაა საჭირო. უფრო სხვა ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, ვიდრე შეზღუდვა. მაგალითად, სუფთა ტრანსპორტის სტიმულირება. სახელმწფიოსგანაც უნდა წამოვიდეს ინიციატივა რომ ადამიანები დაინტერესდნენ და მეტი რესურსი გაუჩნდეთ გამართული და სუფთა ტრანსპორტის შესაძენად", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კვაშილავამ", - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა