ზურაბ ჭიაბერაშვილი - მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შესახებ ამხელა პაკეტი არის კანონებში მხოლოდ სახელწოდების ცვლილებები და მეტი არაფერი

პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, სადაც მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდნენ, კამათის ფონზე წარიმართა.

საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც განაცხადა, რომ რეალურად არაფერი იცვლება და წარმოდგენილი ცვლილებები არის მხოლოდ კოსმეტიკური. კამათის ერთ-ერთი საგანი იყო ჭიაბერაშვილის მიერ სიღარიბესთან დაკავშირებული განცხადებაც.

„მთავრობის წევრები და პრემიერ-მინისტრი მცირე მთავრობის არასწორ განმარტებას აკეთებენ, თითქოს ეს არის ადმინისტრაციული ხარჯის შეფარდება მშპ-სთან. მცირე მთავრობა არის სამთავრობო ხარჯების შეფარდება მშპ-სთან. ამ თვალსაზრისით, ისეთი ქვეყნები რომ ავიღოთ, როგორც აშშ-ია, სამთავრობო ხარჯი შეადგენს 22.7%-ს, გერმანიაში 27.9%-ს. ცუდი მაგალითი არის ევროკავშირიდან საბერძნეთი, სადაც 48.8%-ია. ზოგადად, ეკონომისტები ამბობენ, რომ რაც უფრო მცირეა მთავრობა, ეკონომიკური ზრდა უკეთესია. იდეა მცირე მთავრობის სწორი და კარგია, თუმცა არასწორად არის შემოთავაზებული მთავრობის მიერ. საქართველოში უფრო მაღალი მაჩვენებელია (29%), ვიდრე აშშ-სა და გერმანიაში და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა. მუნიციპალიტეტებსაც თუ ჩავთვლით, მთლიანად ჩვენი ბიუროკრატია ყოველი 100-ლარიდან 35 ლარს. ამხელა პაკეტი, რაც წარმოდგენილია, არის სახელწოდების ცვლილებები კანონებში და მეტი არაფერი. არანაირი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შემცირდეს მთავრობის ზომა, მთავრობას არ წარმოუდგენია. მთავრობის ზომა მცირდება, როდესაც ნაკლებ გადასახადებს იღებს მთავრობა ეკონომიკიდან. ეს არის კოსმეტიკური ცვლილებები. სამინისტროების რიცხვი და რაოდენობა არ არის კავშირში მცირე მთავრობასთან, თუ მთავრობა ისევე ერევა ეკონომიკაში, როგორც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლებში. წარმოდგენილი ცვლილებები არ პასუხობს, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ ჭიაბერაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ მისი განცხადებები „უდიდესი სირცხვილია“.

„ბატონო ზურა, ჩვენ პირველები ვართ ვინც ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არის სიღარიბე, მათ შორის ბავშვთა სიღარიბე, თუმცა სირცხვილია თქვენ რომ საუბრობთ სიღარიბეზე, როდესაც თქვენი ხელისუფლების პირობებში ხმა არ ამოგიღიათ არც ერთ წარმომადგენელს. უდიდესი სირცხვილია თქვენგან ამის გაკეთება. სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი თუ ახალი წარმომადგენლები სიღარიბეზე ლაპარაკობდნენ“, - განაცხადა კილაძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ კი ჭიაბერაშვილს მოუწოდა მითები „შვილებსა და შვილიშვილებს“ მოუყვეს.

„თქვენ ეკონომიკური ზრდის პირობებში გეზრდებოდათ სიღარიბე. 2013 წლის შემდეგ სიღარიბე შემცირებულია. ცნობილი მითების შემქმნელია ბატონი ზურაბი. მცირე მთავრობა ნიშნავს იმას, რასაც გვთავაზობს ბატონი პრემიერი. ტყუილებს იძახით ბატონო ზურაბ. თქვენ რასაც ამბობთ მაგას ჰქვია მცირე სახელმწიფო და არა მცირე მთავრობა. ადმინისტრაციული დანახარჯები, რომელიც არის 4.% და არა 27, 32 და რაღაც ციფრებს რომ იძახით და შემცირდება 3.9%-მდე. თქვენ რასაც იძახით, ეს არის ბიუჯეტის ზომა ეკონომიკის ზომასთან. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან განკარგვადი და არავითარი ბიუროკრატიული ხარჯები ეს არ არის, ეს არის ხარჯები ჯანდაცვაზე, განათლებაზე, თავდაცვაზე, ეს არის ხარჯები, რისთვისაც სახელმწიფო გვაქვს. თუ თავადი კროპოტკინის მიმდევარი ბრძანდებით და ამის ეჭვი დიდი ხანია მაქვს, მაშინ დაიწერეთ, რომ ანარქია არის წესრიგის დედა და ევროპული ბაზარი დაარეგულირებს საქართველოს. ჯანდაცვა თქვენ არ გინდათ, განათლება არ გინდათ და დაგვანებე თავი. მცირე მთავრობა არის არა მხოლოდ სამინისტროების გაერთიანება, არამედ კონცეფცია, რომელსაც ჩვენ ვატარებთ. ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება, სამინისტროების ოპტიმიზაცია მოხდება, რაც მოიტანს, რომ ნაკლები დანახარჯი წავა ადმინისტრაციაზე და უფრო მეტი მოხმარდება ადამიანს. მითები ბატონო ზურაბ, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს მოუყევით“, - განაცხადა ზოიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა