საპატრიარქო სპორტის სასახლეში დაგეგმილ „ქართველი ხალხის ეროვნულ ყრილობასთან“ მიტროპოლიტ იობის კავშირს უარყოფს

საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება 6 ივლისს, სპორტის სასახლეში დაგეგმილ „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობის“ მიზნებსა და გეგმებს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორც საპატრიარქოში აღნიშნავენ, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ყრილობა იმართება მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით, რასაც მეუფე უარყოფს და ასევე გაკეთდა განაცხადი ამ ღონისძიებასთან მიმართებაში კათოლიკოს-პატრიარქის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, რაც რეალობას არ შეესაბამება.

„როგორც ჩვენთვის მასმედიის საშუალებით ახლახანს გახდა ცნობილი, ა.წ. 6 ივლისს თბილისში, სპორტის სასახლეში, იგეგმება „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა“, რომელიც, მათი თქმით, მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას.

ეს არის პოლიტიკური განაცხადი, რისი უფლებაც საზოგადოებას აქვს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ყრილობა იმართება მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით, რასაც მეუფე უარყოფს. ასევე გაკეთდა განაცხადი ამ ღონისძიებასთან მიმართებაში კათოლიკოს-პატრიარქის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, რაც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. შეკრების მიზნებსა და გეგმებზე როგორც საზოგადოებისთვის, ისე ჩვენთვის ა.წ. 2 ივლისს გახდა ცნობილი და, ბუნებრივია, მას ვემიჯნებით.

კათოლიკოს-პატრიარქი და საქართველოს საპატრიარქო პოლიტიკური ხასიათის ამგვარ ღონისძიებებთან დაკავშირებული ვერ იქნება. ეს არის საერო პირთა საქმე და მათი გადასაწყვეტი, მიიღონ მასში მონაწილეობა თუ არა“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა