არასამთავრობო სექტორი - უნდა შეჩერდეს მთავარი პროკურორის მოქმედი წესით შერჩევის პროცესი და პროცესს ჩამოშორდეს იუსტიციის მინისტრი

კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მთავარი პროკურორის მოქმედი წესით შერჩევის პროცესის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

როგორც მათ აღნიშნეს, მოქმედი წესით მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში დიდია იუსტიციის მინისტრის როლი, რაც თანამდებობაზე დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევის შანსებს ამცირებს. კოალიციის წევრების თქმით, თეა წულუკიანის მიერ დასახელებული მთავარი პროკურორობის არცერთი კანდიდატი - არჩილ კბილაშვილი, ოთარ ფარცხალაძე, გიორგი ბადაშვილი, ირაკლი შოთაძე - არ გამოირჩეოდა პოლიტიკური ნეიტრალობით.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოქმედი წესით მთავარი პროკურორის შერჩევა ვერ უზრუნველყოფს ამ თანამდებობაზე პოლიტიკურად ნეიტრალური, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული კანდიდატის შერჩევას. მოქმედი წესი გულისხმობს იმას, რომ კანდიდატი უნდა დაასახელოს იუსტიციის მინისტრმა ანუ მაღალია პოლიტიკური მონაწილეობა ამ პროცესში.

მიღებულია კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც რამდენიმე თვეში ძალაში უნდა შევიდეს და სწორედ ამ მომენტს უკავშირდება პროკურატურის ფუნდამენტური რეფორმირება. დღეს პროკურატურის სისტემა კვლავ რჩევა იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა კონსტიტუციური რეფორმა მთლიანად ცვლის პროკურატურის სისტემას, მათ შორის მთავარი პროკურირის შერჩევის წესებს. თუკი ჩვენ დღეს ხარვეზიანი წესით ავირჩევთ მთავარ პროკურორს 6 წლის ვადით, ეს ნიშნავს იმას, რომ ის კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე თვეში ამოქმედდება, ვერანაირ გავლენას ამ უწყების გაჯანსაღებასა და დეპოლიტიზირებაზე ვეღარ მოახდენს,"- განაცხადა EMC-ის წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა.

როგორც კოალიციის წევრი ორგანიზაციები აღნიშნავენ, რამდენიმე თვეში საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, პროკურატურა ყალიბდება სამთავრობო კაბინეტისგან დამოუკიდებელ ორგანოდ. ამდენად კოალიციის პოზიციით, საჭიროა ახლა მთავარი პროკურორის არჩევა მოხდეს უკვე რეფორმირებული, ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი წესით.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას:

- შეჩერდეს მოქმედი წესით მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი.

- განხორციელდეს ძირეული ცვლილებები მთავარი პროკურორის შერჩევის წესში.

- პროცესს ჩამოშორდეს იუსტიციის მინისტრი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს