ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს, ქეთევან ცინცაძეს მიმართავს.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა მოქმედებები თუ განცხადებები ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება მოსამართლის მაღალ სტატუსს და მოსამართლის ეთიკის სტანდარტებს.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილი ვითარება ფართოდ შუქდება მედიის მეშვეობით, სადაც არაერთი ინფორმაცია გავრცელებულა მსგავსი შემთხვევების შესახებაც, თუმცა ჩემთვის დღემდე უცნობია, დაინტერესდა თუ არა დამოუკიდებელი ინსპექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების საკითხით, რომლებიც, ჩემი ღრმა რწმენით, ხშირად არღვევენ მოსამართლის ეთიკის სტანდარტებს.

მოსამართლე უნდა უფრთხილდებოდეს მართლმსაჯულების პრესტიჟს და, სასამართლო შენობაში თუ მის გარეთ, არ იქცეოდეს სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის თანამდებობისათვის შეუფერებლად. ამავე დროს, მოსამართლემ თავის განცხადებაში უნდა გამოიჩინოს სათანადო კორექტულობა, არ გამოიყენოს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი სიტყვები და გამოთქმები ან დისკრიმინაციული ტერმინოლოგია. მოსამართლე საჯაროდ არ უნდა გამოხატავდეს უარყოფით აზრს ან შეხედულებას სხვა მოსამართლისა და კოლეგის პროფესიონალიზმსა თუ პირად თვისებებზე“, - აცხადებს ჯანეზაშვილი.

გარდა ამისა, ჯანეზაშვილი ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი ამ დებულებებს უგულებელყოფს, რაც გამოიხატება იმაში, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე მისი გამოსვლები და შეფასებები გაჯერებულია არაეთიკური გამონათქვამებით, ცინიზმითა და ცრუ ინფორმაციით მის მიმართ.

„აღსანიშნავია, რომ სერგო მეთოფიშვილი უკვე დანიშნულია მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ; იგი, გარდა საბჭოს წევრობისა, არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეც. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ ერთდორულად უკავია რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა სასამართლო სისტემაში, იგი საზოგადოებაში წარმოდგენილია, როგორც გამორჩეული ფიგურა და სასამართლოს სახე. ამიტომ, სასამართლოს ავტორიტეტისა და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გამოიკვლიოს სერგო მეთოფიშვილის საკითხი“, - აცხადებს ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი მოუწოდებს დამოუკიდებელ ინსპექტორს:

შეისწავლოს 2018 წლის 11 ივნისის სხდომაზე მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებშიც მან ჩემ შესახებ ისაუბრა სრულიად არაეთიკურად და ცხადია, რომ მიზნად ჰქონდა, მოეყენებინა პირადი შეურაცხყოფა;

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აცნობოს, რა რეაგირება მოახდინა 2018 წლის 30 მარტს „კოალიცია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისათვის“ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც საუბარია ჩემ მიმართ დისკრიმინაციის შემცველი გამონათქვამების შესახებ, რაც კოალიციამ შეაფასა, როგორც საბჭოში განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით განხორციელებული ქმედებები;

შესაბამისი რეაგირება მოახდინოს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ #6 ანგარიშზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განსხვავებული აზრი იდევნება; და რომ საზოგადოებას ხშირად უხდებოდა, საბჭოს სხდომებზე მოესმინა ხმამაღალი საუბარი, პერსონალური ხასიათის არაეთიკური ბრალდებები და აგრესიული განცხადებები, რომლებსაც არაფერი ჰქონდა საერთო სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ საგნობრივ, არგუმენტირებულ დისკუსიასთან;

დაესწროს ან გაეცნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს; დააკვირდეს არსებულ ვითარებას, მოსამართლე წევრების ქცევებს, განცხადებებს და გამონათქვამებს, რათა გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს