ხათუნა ლაგაზიძე - სარალიძის საქმე „ქართული ოცნებისთვის“ საბედისწერო არჩევანია - ან შეძლებს სახე დაიბრუნოს ან თავადვე გაებმება საკუთარ დაგებულ მახეში

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი“ დამოუკიდებელ ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, მაისიდან მოყოლებული შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესი უცნაურადაც კი განვითარდა. ვგულისხმობ აქციების შედეგად ჯერ მთავარი პროკურორის, ხოლო შემდეგ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას, ასევე სასწრაფო წესით მამუკა ბახტაძის გაპრემიერებას, რომელმაც პარლამენტს უკვე წარუდგინა სახელმწიფო სტრუქტურების ცვლილებების პროექტი.

ქუჩაში „ნაციონალების“ გააქტიურების ფონზე პოლიტიკურად ხმაურიანი მოთხოვნებით გააქტიურდა არასაპარლამენტო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც როგორც იტყვიან, პულსი არ ესინჯება.

ამ პროცესების გამპირობებელ მიზეზებსა და ფაქტორებზე საკმაოდ ბევრი ითქვა, მაგრამ ფაქტია, რომ შიდაპოლიტიკური ვითარება მაისის შემდეგ მნიშვნელოვნად შეცვლილია. თქვენ როგორ დაახასიათებდით იმას რაც მოხდა, იმ პროცესებს, რაც მიმდინარე მოვლენების გამსაზღვრელ-განმაპირობებელი აღმოჩნდა?

- ამ პროცესებამდე ხელისუფლება მიიყვანა მართვის იმ მოდელმა, რომელიც, სამწუხაროდ, მან აირჩია და რომელიც მას კომფროტს კი ანიჭებს, მაგრამ, სამაგიეროდ, საზოგადოებასთან აშორებს.

რაც ახლა შიდა პოლიტიკაში ხდება, აქამდე ხელისუფლება მიიყვანა მართვის იმ მოდელმა, რომელიც, სამწუხაროდ, მან აირჩია და რომელიც მას კომფორტს კი ანიჭებს, მაგრამ, სამაგიეროდ, საზოგადოებასთან აშორებს

როგორია ეს მოდელი? - უპირველესად, ეს არის ყველა პოლიტიკური ჯგუფის, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ლიდერის მარგინალიზაცია სოციალური ქსელებისა და სპეციალურად მართული საინფორმაციო კამპანიების, ფეისბუკ-ომების საშუალებით, რაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში შემოსვლის სურვილს უკარგავს ადამიანებს, მათ შორის ახალ თაობას.

ეს "ქართულ ოცნებას" სჭირდება იმისთვის, რომ იყოს ერთადერთი უალტერნატივო ძალა პოლიტიკურ სივრცეში, მით უფრო "ნაცმოძრაობის" ფონზე და არ დაუშვას ახალი ლიდერების გამოჩენა, რომელთაც საზოგადოების ნდობა ექნებათ და შესაბამისად, ხალხის მობილიზება შეეძლებათ.

მეორე, რითაც "ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, არის "დაყავი, გაამარგინალე და იბატონეს" პრინციპი თავად "ქართულ ოცნებაში", რათა არც პარტიაში გამოჩნდნენ პერსპექტიული ლიდერები, რაც "ოცნებისვე" ერთფეროვან მასად გადაქცევას უწყობს ხელს.

მესამე, ეს არის, ასე ვთქვათ, საჩვენებელი დასავლური "ფლიგელი" იმ ახალგაზრდების სახით, რომელთაც დასავლური განათლება და პროფესიული გამოცდილება აქვთ.

პარალელურად თვალს უხუჭავენ ან ახალისებენ მართულ ჯგუფებს, ე.წ. ნაციონალისტებს, "ფაშისტებს" და ა.შ. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ საზოგადოების საპროტესტო განწყობა ნებისმიერი მიმართულებით გააკონტროლონ, თანაც ისინი, საჭიროების შემთხვევაში, ზონდერ-ჯგუფებადაც გამოდგებიან.

შემდეგი ხერხია "მგელი მოდის" ტაქტიკა, ანუ იმის ძახილი, მოდიან "ნაციონალებიო", რასაც "ნაციონალური მოძრაობაც" უწყობს ხელს. ამ ტაქტიკის შედეგად ქართული პოლიტიკური სპექტრი კვლავ და კვლავ რჩება ორპოლუსიანი, ოღონდ თუ ადრე იყო თეთრი და შავი, ანუ "ოცნება" და "ნაციონალები", ახლა არის რუხი და შავი და ისევ "ოცნება" და "ნაციონალები", შუაში კი, ფაქტობრივად, არავინ ჩანს.

ხელისუფლების შენარჩუნების კიდევ ერთი ხერხია, გყავდეს პარლამენტში პარტნიორებად "ევროპული საქართველო" და "პატრიოტები", რომელთაც რეიტინგის ზრდის რესურსი, ფაქტობრივად, არა აქვთ

ხელისუფლების შენარჩუნების კიდევ ერთი ხერხია, გყავდეს პარლამენტში პარტნიორებად "ევროპული საქართველო" და "პატრიოტები", რომელთაც რეიტინგის ზრდის რესურსი, ფაქტობრივად, არა აქვთ.

დაბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, მართული პროკურატურა და სასამართლო - ის პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ქმნიდნენ სააკაშვილის ხელისუფლების რეჟიმის ფასადს და ახლა "ქართული ოცნების" სახეს ქმნიან. როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ გამოიყენებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" კადრებსა და სისტემას, მაგრამ ისე გადაეხლართნენ ერთმანეთს, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე, გაუგებარია.

სამწუხაროდ, ამ ყველაფერმა შეკრა დღევანდელი "ქართული ოცნების" ხელწერა და იმდენად გაერთო ის ხელისუფლების შენარჩუნების თამაშებში, რომ საზოგადოების განწყობები და მოთხოვნები გვერდზე დარჩა.

ხელისუფლების შიგნით აშკარად რჩება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ მხოლოდ დროებით დაიოკეს ამბიციები

მეორე მიზეზი პირველის შედეგია: როცა გარეთ არ დარჩა კონკურენტი, „ოცნების“ შიგნით დაიწყო დაპირისპირება. ცხადია, რომ კვირიკაშვილის წასვლის შემდეგაც „ოცნება“ მონოლითური ვეღარ გახდება - ხელისუფლების შიგნით აშკარად რჩება სხვადასხვა ჯგუფები, რომლებმაც ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შემდეგ მხოლოდ დროებით დაიოკეს ამბიციები.

თუმცა, ადრეც მიმაჩნდა და ახლაც იმავეს ვიტყვი: შიდა კონკურენციაში ცუდი არაფერია, თუ ის ჯანსაღი კონკურენციის, ახალი იდეებისა და საინტერესო ინიციატივების წინაპირობად იქცევა, ოღონდ არა მხოლოდ მეტი ძალაუფლების მოპოვების კუთხით.

- „საქსტატის“ მონაცემებით, მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, არადა კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ეკონომიკაში არსებული პრობლემები დასახელდა. როგორც ჩანს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა მოულოდნელი აღმოჩნდა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახლდათ იმის მიზეზი, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დიპლომატიურ კორპუს დახურულ კარს მიღმა შეხვდა.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა ინფორმაცია მიაწოდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ივანიშვილმა დიპლომატიურ კორპუსს სამთავრობო ცვლილებებზე?

- შეიძლება ითქვას, რომ კვირიკაშვილის გადაყენების მიზანშეწონილობის თაობაზე კითხვები ქვეყნის შიგნით კი არა, ქვეყნის გარეთ გაჩნდა: სხვადასხვა ინფორმაციით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობები, რომლებიც საკუთარი არეული და გაპრობლემებული საგარეო პოლიტიკის გამო, თითქოს ნაკლებად უნდა იცლიდნენ საქართველოსთვის, ინტერესდებიან, ხომ არ გამოიწვევს კვირიკაშილის გადაყენება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლას.

ახალი მთავრობის ფორმირებისას ხელისუფლება ალბათ საგარეო ფაქტორსაც გაითვალისწინებს. როგორც ჩანს, ამიტომ გვესმის მინისტრობის სავარაუდო კანდიდატთა შორის მათი გვარებიც, ვისაც დასავლური განათლება ან პროფესიული გამოცდილება აქვთ

ეს კითხვა იმან გააჩინა, რომ ბახტაძის მთავრობაში, დღეის მდგომარეობით, მათ არ ჰყავთ ამერიკასთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე ადამიანი ანუ დასავლეთისთვის და ამერიკისთვის ყველა უცხო სხეულია, არა „ამერიკული“ წარსულით, თავად პრემიერი კი - რუსული განათლებით.

როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ მოუწია ბიძინა ივანიშვილს საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებთან გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, არა ახალი პრემიერი ან საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრო, არამედ პარლამენტის საგარეო-პოლიტიკური გუნდი.

ახალი მთავრობის ფორმირებისას, ხელისუფლება ალბათ ამ ფაქტორსაც გაითვალისწინებს. როგორც ჩანს, ამიტომ გვესმის მინისტრობის სავარაუდო კანდიდატთა შორის მათი გვარებიც, რომლებსაც დასავლური განათლება ან პროფესიული გამოცდილება აქვთ.

- ახალმა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს სამთავრობო სტრუქტურების პროექტი წარუდგინა. პარლამენტი მას მიმდინარე კვირას სამივე მოსმენით მიიღებს. ამ თემაზეც საკმაოდ ბევრი კი ითქვა, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით მოსალოდნელ სტრუქტურულ ცვლილებებს? და თქვენი დაკვირვებით, რა შანსები აქვს პრემიერ მამუკა ბახტაძეს გახდეს მმართველი გუნდის ლიდერი თუ შეიძლება მანაც თავისი წინამორბედების ბედი გაიზიაროს?

- ვფიქრობ, რომ ახალი მთავრობა ყველა წინამორბედზე მეტად იქნება ბიძინა ივანიშვილზე ორიენტირებული: 2012 წლის კოალიციური მთავრობის შემდეგ ღარიბაშვილსაც და კვირიკაშვილსაც მიეცათ მეტ-ნაკლები თავისუფლება მინისტრების დაკომპლექტების კუთხით. მეჩვენება, რომ ბახტაძე ამ კუთხით ყველაზე მეტად შეზღუდული იქნება, თუმცა შეიძლება ვცდები და ეკონომიკური ბლოკი სწორედ მას დააკომპლექტებინონ პირადი პასუხისმგებლობით.

ზოგადად, ბახტაძის მთავარ რესურსად ის მიმაჩნია, რასაც სხვები მის ნაკლად მიიჩნევენ - მისი ახალგაზრდობა. პრემიერად წარდგენის დღეს მას ჰქონდა სამსიტყვიანი საინტერესო მესიჯი: განათლება, ინოვაცია, ახალგაზრდობა, რაც, ნამდვილად მისი და ქვეყნის მთავარი გამოწვევაა.

ახალი მთავრობა ყველა წინამორბედზე მეტად იქნება ბიძინა ივანიშვილზე ორიენტირებული... ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს სწორი ხედვები, მაგრამ რამდენად შეეცდება ამის განხორციელებას, ჯერჯერობით უცნობია

ის, რომ მისი პრემიერობა გადაწყვეტილი იყო, მე მივხვდი დაახლოებით ორი თვის წინ, როცა საიტებზე აქა-იქ მოკრძალებულად გაკრთა ინფორმაცია მისი ბილ გეიტსთან შეხვედრის თაობაზე. როგორც ჩანს, ეს შეხვედრა ხელის ჩამორთმევით შემოიფარგლა და ამიტომაც, მას სამთავრობო მედიამ გამორჩეული ყურადღება ვერ დაუთმო, მაგრამ ამ ფრაგმენტული შეხვედრის მნიშვნელობა ის მესიჯია, რომ ბახტაძისთვის პრიორიტეტია ტექნოლოგიურად განვითარებული საქართველო, რაც ამ ქვეყნის წინსვლის ერთადერთი სწორი ხედვაა.

ტექნოლოგიური საქართველო, რომლის მიღწევასაც უნდა დაექვემდებაროს განათლების, ეკონომიკის და საზოგადოების რეფორმაც - არის ის უმთავრესი მიზანი, რომელიც, ბახტაძის იქნება თუ ნებისმიერი სხვისი, მთავრობას წარმატებულს გახდის. საქართველო უნდა იქცეს განათლებისა და ტექნოლოგიების რეგიონალურ ჰაბად - ეს მისი ორგანული ფუნქციაა გეოგრაფიული მდებარეობიდან და უაღრესად ნიჭიერი მომავალი თაობიდან გამომდინარე.

ესტონეთი ამის არაჩვეულებრივი ნიმუშია: როგორ გახდა პატარა ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეტად ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფო. ბახტაძის პირველი რიგის ამოცანად მე მესახება ქართული დესანტის გადასხმა ესტონეთში ამ გამოცდილების შესწავლის მიზნით, მით უფრო, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ესტონური გამოცდილების ქართულ რეალობაში გადმოტანის კარგი მოდელი მოგების გადასახადის სახით.

და მეორე საზოგადოებრივი დაკვეთა ბახტაძის მიმართ - ეს პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებაა: პოლიტიკაში ახალი, მოტივირებული თაობის შემოყვანის ხელშეწყობა, მათთვის ერთგვარი ხიდის როლის შესრულება.

და რაც მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ძალზედ აქტიური, მაგრამ სწორი, კვალიფიციური პიარის ფონზე, რათა ის „მიშას“ შარჟად არ წარმოაჩინონ, რისი რისკიც ბოლო დღეებში აშკარად გაჩნდა.

დღეს თავად ივანიშვილი დგას უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე: ან გააგრძელოს ძველებურად მართვა ან შემოიტანოს მართვის პრინციპულად ახალი პარადიგმა. მგონია, რომ შუალედური გზები, როგორც თვითონ უყვარს ხოლმე თქმა, გაიკრიფა

დადებითია ისიც, რომ ბახტაძეს მოსწონს საზოგადოებასთან ურთიერთობა და იმედია, ამაზე უარს არ ათქმევინებენ, არ განუსაზღვრავენ იმ ადამიანთა წრეს, ვისთან ურთიერთობაც მას ეკრძალება. ყველა ახალმოსულ პრემიერს აქვს შანსი წინას მიერ დაგროვილი მტრები მოყვრებად აქციოს ან მათი რიცხვის გაამრავლოს. ვნახოთ, ბახტაძე რა გზას აირჩევს.

ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს სწორი ხედვები, მაგრამ რამდენად შეეცდება ამის განხორციელებას, ჯერჯერობით უცნობია.

- პრემიერი მამუკა ბახტაძე პარლამენტის მიერ სტრუქტურული ცვლილებების პროექტის დამტკიცებამდე ახალი მთავრობის შემადგენლობის დასახელებისაგან თავს მაქსიმალურად იკავებს. როგორც ჩანს, კვლავ აქტუალურია იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის საკითხიც. თქვენ როგორ შეაფასებდით, მთავრობის ახალი შემადგენლობის სავარაუდო კანდიდატებს და თქვენი აზრით, შეინარჩუნებს თუ არა მინისტრის პორტფელს თეა წულუკიანი?

- ვიყოთ რეალისტები: სახელები და გვარები არაფერს ცვლის, თუ თავად ბიძინა ივანიშვილმა არ აღიარა მართვის სტილის ცვლილების აუცილებლობა. დღეს თავად ივანიშვილი დგას უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე: ან გააგრძელოს ძველებურად მართვა ან შემოიტანოს მართვის პრინციპულად ახალი პარადიგმა. მგონია, რომ შუალედური გზები, როგორც თვითონ უყვარს ხოლმე თქმა, გაიკრიფა.

არის მეორე აპრობირებული გზაც და სამწუხაროდ, საცდური დიდია, რომ მართული ოპოზიციური პარტიებით და მოსუფთავებული პოლიტიკური ველით, სადაც თავის შემოყოფის სურვილი არ აქვს არავის - მართვას დიდხანს შეძლებს. რომელ გზას მიანიჭებს უპირატესობას, ეს მხოლოდ მისი ასარჩევია

2020-ისთვის რომ არ ფიქრობს მართვის სადავეების ხელიდან გაშვებას, ცხადია, მაგრამ რაღაცას ხომ ფიქრობს 2024-ისთვის, როცა სხვა თუ არაფერი, საარჩევნო მოდელის ცვლილება - როცა მხოლოდ პროპორციული გზით ავირჩევთ პარლამენტს, ქვეყანაში სხვა რეალობას შექმნის.

მკითხველისთვის რომ თვალსაჩინო იყოს, ერთ მაგალითს მოვიყვან: 2016 წლის არჩევნებში „ოცნებამ“ პროპორციული ანუ პარტიაზე მიცემული ხმებით მხოლოდ - 48% აიღო, მაგრამ მაჟორიტარული კომპონენტის წყალობით საკანონმდებლო ორგანოში ადგილების 77% დაიკავა.

სხვა სიტყვებით, გამარჯვებულმა პარტიამ დაახლოებით 30%-ით უფრო დიდი წარმომადგენლობა მიიღო, ვიდრე ამას პროპორციული სისტემით მოახერხებდა. ანუ 2020-ს რომც გადაახტეს, 2024-ში მაინც „ოცნება“ უმრავლესობით ვერ მოვა პარლამენტში.

ანუ ივანიშვილმა ან ახალი, მართული პარტიები უნდა შექმნას, მათ შორის, ოპოზიციური ან ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას და ახალი თაობის შემოყვანას, რასაც გვპირდებდა 2012 წელს. ხომ აფინანსებდა ლამის ორი ათწლეული ძველ თაობას, ახლა დავაფინანსებდი ახალს: წარმატებულს, ტექნოლოგიურს, ინოვაციურს; შევხვდებოდი რეგიონების მიხედვით წარმატებულ ახალგაზრდებს, ვინც შეძლო და ამ „დაჩაგრულ“ ქვეყანაში წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწია, ვინც წინააღმდეგობათა გადალახვის და წარმატების საკუთარი, პატარა თუ დიდი ისტორიები შექმნა.

პრეზიდენტის პოსტზე დასავლეთისთვის გაუგებარი კანდიდატურის წამოყენება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კითხვის ნიშნებს კიდევ უფრო გაზრდის

ასეთი, გაგიკვირდებათ და ამ ქვეყანაშიც კი უამრავია. მოვუსმენდი - რა უნდათ, რა რესურსია ისინი საქართველოსთვის და ა.შ. ეს ერთი გზაა, რომლითაც ის ისტორიაში დარჩება არა მარტო როგორც „მიშას წამქცევი“, არამედ როგორც ქვეყნის ფეხზე დამყენებელი.

არის მეორე, აპრობირებული გზაც და სამწუხაროდ, საცდური დიდია, რომ მართული ოპოზიციური პარტიებით და მოსუფთავებული პოლიტიკური ველით, სადაც თავის შემოყოფის სურვილი არ აქვს არავის - მართვას დიდხანს შეძლებს. რომელ გზას მიანიჭებს უპირატესობას, ეს მხოლოდ მისი ასარჩევია.

- საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე ახლა ალბათ ერთ-ერთი აქტუალური თემაა თუ ვინ იქნება მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი?

- მთავარია რა კრიტერიუმით შეირჩევა ის: ეს კანდიდატი იმგვარი მაინც უნდა იყოს, რომ სულ მცირე, საზოგადოება შეურაცხყოფილი არ დარჩეს მისი წამოყენებით. არ არის გამორიცხული, „ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში გაჩენილი - ახალ სამთავრობო გუნდთან დაკავშირებული კითხვები, პრეზიდენტობის კანდიდატად გამოკვეთილად პროდასავლური კანდიდატის წამოყენებით დააკომპენსიროს, რაც საქართველოს მიერ დასავლური კურსის ერთგულების სიმბოლური ჟესტი იქნება.

როდესაც არ იძიებ დაჩეხილი მოზარდების მკვლელობას, ეს არანაკლებ ამძაფრებს დაუცველობის განცდას. თუ არ დაისაჯა ყველა დამნაშავე, კიდევ უფრო გაძლიერდება დაუსჯელობის სინდრომი. ეს იქნება მავანთათვის მწვანე შუქის ანთება აგრესიული და სასტიკი დანაშაულების ჩადენისთვის

და პირიქით, პრეზიდენტის პოსტზე დასავლეთისთვის გაუგებარი კანდიდატურის წამოყენება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კითხვის ნიშნებს კიდევ უფრო გაზრდის.

- ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი-2“-ის ეთერში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა აღუდგინოს საქართველოს მოქალაქეობა და მას მიეცეს საშუალება საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

მეორე მხრივ, მან ასევე თქვა, რომ მის ირგვლივ გაერთიანებულ პოლიტიკურ ძალებს მეტად საინტერესო და კონკურენტული საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლებათ. მისივე თქმით, ახლა ერთიანდებიან პარტიები და ადამიანები, რომლებთანაც იგი ადრე დაპირისპირებულიც კი იყო, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსოლიდაციის პროცესი დაწყებულია.

თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა იგი ხელისუფლებამ უნდა დააკავოს, მისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა პრაქტიკულად გამორიცხულია, მაგრამ თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს სააკაშვილთან დაახლოებული პარტიებისა თუ მოძრაობების ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი?

- ფაქტობრივად, „ხორავას ქუჩის“ აქციებმა აჩვენა „ნაციონალების“ მხარდაჭერის რესურსი. სულ მცირე, 2020-ისთვის „ნაციონალებს“ არც ერთ კონფიგურაციაში ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არა აქვთ, იმიტომ რომ ხალხს დღემდე მათი უფრო ეშინია, ვიდრე ხელისუფლების, რასაც ამძაფრებს თვითონ "ნაცმოძრაობის" მომხრეების ნაწილი, რომელიც საკუთარი გვარებითა და სახელებით საკუთარი "ფეისბუკგვერდებიდან" და ტელეეთერიდან პირდაპირ იმუქრება ანგარიშსწორებით, ფიზიკური განადგურებით ემუქრება იმ ხალხს, ვინც მათი ამომრჩეველი არ არის - ჩვენ მოვალთ და ფიზიკურად დაგამთავრებთო!

მეეჭვება, რომ „ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ ან მის განაყოფ „ევროპულ საქართველოს“ შეელიოს. თან ამ უკანასკნელის შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ საპარლამენტო პარტიის აკრძალვა?!

"ნაცმოძრაობას" არ ეყო იმის წინდახედულობა, რომ თავაშვებული მომხრეები გააჩეროს, მაგრამ ეს "ნაცმოძრაობის" პრობლემაა, "ქართული ოცნების" პრობლემა კი ის არის, რომ თანდათან იშლება ზღვარი "ნაციონალებისგან" მომავალ საფრთხეებსა და "ქართული ოცნებისგან" მომავალ საფრთხეებს შორის.

რატომ ვამბობ ამას? როდესაც არ იძიებ დაჩეხილი მოზარდების მკვლელობას, ეს არანაკლებ ამძაფრებს დაუცველობის განცდას. თუ არ დაისაჯა ყველა დამნაშავე, კიდევ უფრო გაძლიერდება დაუსჯელობის სინდრომი. ეს იქნება მავანთათვის მწვანე შუქის ანთება აგრესიული და სასტიკი დანაშაულების ჩადენისთვის.

- საინტერესოდ მიმდინარეობს ხორავას ქუჩაზე გამოუძიებელ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საპარლამენტო კომისიის მუშაობა. ბევრი თვლის, რომ ამ კომისიაში აქტიური მონაწილეობით „ევროპელ დემოკრატებს“ აქვთ შანსი პროკურატურის მუშაობის რეფორმირებასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული პროექტი დადონ.

ამის პარალელურად “საქართველოს პატრიოტები“ პარლამენტს “ნაცმოძრაობის“ მმართველობის სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების ინიციატივით მიმართვას აპირებენ.

თქვენ როგორ შეაფასებდით საპარლამენტო კომისიის მუშაობას? თუ „პატრიოტებმა“ სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების ინიციატივით მიმართეს, სავარაუდოდ, როგორი იქნება მმართველი გუნდის რეაქცია?

- მოკლევადიან პერსპექტივაში „ევროპული საქართველოს“ იმიჯი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამოკიდებულია საპარლამენტო კომისიაზე, რომელიც სარალიძის საქმეს იძიებს, რაც მათი 2020 წლის პარლამენტში მოხვედრის შანსებს ზრდის.

თუმცა არ მგონია, რომ მათ შეძლონ და შეინარჩუნონ მთავარი ოპოზიციური ძალის იმიჯი 2020-24 წლებისთვის, რადგან ისინი რადიკალური იმიჯური, იდეოლოგიური და რესურსული განახლების აუცილებლობას ვერ გრძნობენ.

ფასი ამ შემთხვევაში არის სახელმწიფოს უსაფრთხოება და ქვეყნის ერთგულება ან ღალატი. ეს არის ფასი და არანაირი გამართლება ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს ქმედებას არა აქვს

რაც შეეხება მმართველი გუნდის რეაქციას: დღემდე „ოცნების“ ხელისუფლება იდგა 4 ძირითად საყრდენზე - 1. ეს იყო და არის - ადმინისტრაციული რესურსი - საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები; 2. იყო და ბოლო პერიოდის აქციებმა აჩვენა რომ აღარ არის - მოსახლეობაში გამჯდარი აპათია და ზოგ შემთხვევაში, დეპრესია, რაც მას პროტესტის აქტიურად გამოხატვის სურვილს უკარგავდა. საზოგადოება უკვე მზად არის თავისი პროტესტი ქუჩის აქციებით გამოხატოს; 3. გადასწორებული ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც ამომრჩეველი საკუთარ იმედებს უკვე ვეღარ უკავშირებს. 4. და მათ შორის ყველაზე მთავარი: - საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში გამჯდარი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შიში.

ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებას" ერთადერთი უალტერნატივო ძალის იმიჯს უქმნის პოლიტიკურ სივრცეში და მეეჭვება, რომ „ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ ან მის განაყოფს „ვეროპულ საქართველოს“ შეელიოს. თან ამ უკანასკნელის შემთხვევაში, როგორ წარმოგიდგენიათ საპარლამენტო პარტიის აკრძალვა?!

- ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ პეტრე დერმიშაძესთან, რომელიც დანაშაულს აღიარებდა და აღწერდა როგორ გახდა რუსული დაზვერვის აგენტი, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა.

ასეა მიუხედავად იმისა, რომ ახლა პეტრე დერმიშიძე აცხადებს - ოპერაცია „ენვერი“ სპეკტაკლი იყო. რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ თავდაცვის უწყებამ ჯაშუშობისთვის ბრალდებულ დერმიშაძის კომპანიებს მომსახურებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა?

- როგორ შეიძლება თავდაცვის სამინისტროს კითხვები არ გასჩენოდა, როცა მილიონიან კონტრაქტებს აფორმებდა შესყიდვებზე რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებულ პირთან, რომლის მიმართაც სასამართლო გადაწყვეტილება მისი უდანაშაულოდ ცნობის შესახებ არ არსებობს.

კომისია, რომელმაც ის პოლიტპატიმრად გაურკვეველი მიზეზებით აღიარა, არ არის სასამართლო და თავად ამ კომისიის საქმიანობის მიმართაც არაერთი კითხვის ნიშანი არსებობს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სამართლიანი გამოძიება არის ხელისუფლების გადარჩენის ერთადერთი გზა. თუ საზოგადოება არ დარწმუნდა, რომ სიმართლე დადგინდა, ყველა დამნაშავე დაისაჯა, ხელისუფლებას უფრო დიდი პრობლემები შეექმნება

ასეც რომ არ იყოს, იმ პირთან თანამშრომლობა, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამართებელი განაჩენი არ არსებობს, თავდაცვის მაღალჩინოსანთა პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

„სახელმწიფო შეწყიდვების შესახებ“ კანონით ვხელმძღვანელობდით და ამიტომ ყველაზე დაბალი ფასი ავირჩიეთო - თავდაცვის სამინისტრო რომ აცხადებს, სახელმწიფოს ღალატის ცნებით რომ ეხელმძღვანელათ, არა?!

რა ფასზე გველაპარაკებიან საერთოდ?! - ფასი ამ შემთხვევაში არის სახელმწიფოს უსაფრთხოება და ქვეყნის ერთგულება ან ღალატი. ეს არის ფასი და არანაირი გამართლება, ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს ქმედებას არა აქვს.

- შვილმკვდარმა მამამ ზაზა სარალიძემ პროკურატურის შენობასთან ამჯერად მარტო დაიწყო აქცია და კვლავ შვილის მკვლელის დაკავებას ითხოვს...

- ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის სამართლიანი გამოძიება არის ხელისუფლების გადარჩენის ერთადერთი გზა. თუ საზოგადოება არ დარწმუნდა, რომ სიმართლე დადგინდა, ყველა დამნაშავე დაისაჯა, ხელისუფლებას უფრო დიდი პრობლემები შეექმნება. შეიძლება პროცესი განსაზღვრულ ეტაპზე დროებით შეჩერდეს, მაგრამ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ გაქრება და, ადრე თუ გვიან, ისევ აფეთქდება.

შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ ხვალ-ზეგ რევოლუცია მოხდება და ამ ხელისუფლებას ვინმე გადააგდებს, მაგრამ ეს საქმე ლოგიკურ დასასრულამდე თუ არ მივიდა, ნამდვილად გახდება ამ ხელისუფლების ცუდი დასასრულის დასაწყისი.

სხვა თუ არაფერი, ეს უსამართლობის განცდა ჭრის იმ მთავარ ღერძს, რომელზეც "ქართული ოცნება" მოვიდა - ეს არის სიცოცხლის უფლების, ადამიანის უფლებების დაცვა და ღირსების აღდგენა. ეს იყო "ქართული ოცნების" რაობა და როდესაც ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ეს საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. დანაშაულია, როდესაც ის სამართალდამცავი სისტემა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის სახე იყო, ამ ხელისუფლების სახედაც იქცა.

რამ განაპირობა ამ პრობლემების წარმოქმნა? - სწორედ იმან, რომ "ქართულმა ოცნებამ" მემკვიდრეობით მიღებულ დანაშაულებრივ სისტემაზე უარი არა თუ ვერ თქვა და მისი საკუთარ სამსახურში ჩაყენება სცადა.

აი, სწორედ იმ შეცდომებმა, რაც ამ 6 წლის განმავლობაში დაუშვეს, ერთად მოიყარა თავი ე.წ. ხორავას ქუჩის საქმეში. ნახევარზომები საკმარისი არ იქნება: სარალიძის საქმე „ქართული ოცნებისთვის“ საბედისწერო არჩევანია - ან შეძლებს სახე დაიბრუნოს ან თავადვე გაებმება საკუთარ დაგებულ მახეში.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო