ციფრული ეკონომიკის თემაზე „ტექნოპარკში“ კონფერენცია გაიმართება

„ტექნოპარკში“, ,,საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაცია'' (DEAG) 7 ივლისს, კონფერენციას გამართავს თემაზე „ციფრული ეკონომიკა, ინოვაციური ტექნოლოგია და სამართლებრივი რეგლამენტაცია“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ქართულ რეალობაში დანერგვის, მისი სიკეთეების გამოყენებისა და მოსალოდნელი შედეგის მნიშვნელობის განსაზღვრაა, რაც, მათივე შეფასებით, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ზოგადად, მმართველობითი სისტემის გამართულად ფუნქციონირების გარანტი გახდება.

„ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით, ხელისუფლების ნების შემთხვევაში, უახლოეს მომავალში სახელმწიფო მმართველობის მაღალტექნოლოგიური ციფრული პლატფორმის შექმნის შესაძლებლობა გვექნება. ამ ტექნოლოგიების სიკეთეებზე საუბარს დღეს უკვე გვერდს სამთავრობო სტრუქტურებშიც ვეღარ უვლიან. ამის უტყუარი მტკიცებულებაა ის, რომ ჩვენს რეალობაში ბლოკჩეინი უკვე წარმატებით დაიტესტა საჯარო რეესტრში“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

კონფერენციას სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, იურისტები, ბლოკჩეინ მიმართულებით კომპანიების ხელმძღვანელები და სხვა ფიზიკური, თუ იურიდიული პირები დაესწრებიან.

გამომსვლელებს შორის იქნებიან: საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ცუცქირიძე, ,,ტექტანკის” დირექტორი ლევან ბოძაშვილი, „ლუნა გრუპის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, DEAG-ის პრეზიდენტი გიორგი შერვაშიძე, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცის’’ პრეზიდენტი შოთა გულბანი, ,,ინფორმაციული უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის'' უფროსი ლადო სვანაძე, პირველი ქართული კრიპტობირჟის დამფუძნებლები - ზურაბ კერძევაძე და სულხან ჯაში, ,,ბლოკჩეინ აკადემიის'' დამფუძნებელი დავით ჭუმბურიძე, ,,ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის'' პრეზიდენტი ვეფხია გიორგაძე, ,,Artactive.io''-ს გენერალური დირექტორი სოსო კოკოზაშვილი, შპს „გი“-ს (ანალიტიკოსი) გიზო კობახიძე, ,,ლუნა გრუპ''-ის IT დირექტორი, ირაკლი კვარაცხელია, „უფლებადამცველთა სახლი“-ს დამფუძნებელი მამუკა ტუსკაძე.

კონფერენციას მოდერაციას გაუწევს ,,საქართველოს ციფრული ეკონომიკის ასოციაციის’’ თანადამფუძნებელი - ლანა გალდავა.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ცვლილებების ერთგვარი შიში, რაც ართულებს სიახლეების მიმღებლობის პროცესს. განსაკუთრებით რთულია ზემოაღნიშნული, თუ საქმე რეალური სეგმენტის გაციფრულების ტენდენციას ეხება. ამიტომ, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითრებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა სიკეთეებს მოუტანს თითოეულ მათგანს ციფრული ეკონომიკა. ამ მხრივ კი მედიის როლი შეუცვლელია. თქვენივე ნების შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ და ერთობლივი ძალით ერთად შევქმნით მომავალს დღეს“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა