ანა ნაცვლიშვილი - “მოქალაქეობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის რყევა და პრეზიდენტის უფლებამოსილების კიდევ უფრო შეკვეცა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით გამოხატულია უნდობლობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ხდება ინსტიტუტის რყევა, პრეზიდენტის უფლებამოსილების კიდევ უფრო შეკვეცა და ამ ყველაფრის ახალი რედაქციის კონსტიტუციისთვის დაბრალება.

ნაცვლიშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს.

ნაცვლიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების ნაწილში დაგეგმილი ცვლილებები არაფერ კავშირშია კანონმდებლობის ახალ კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის პროცესთან.

“პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თავად საკონსტიტუციო ცვლილებების სულისკვეთებას ჩვენ მივესალმებით. მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით ძალიან ბევრი ადამიანისთვის ფართოვდება შესაძლებლობა, რომ მათ აღიდგინონ ან შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა იმ პირობებში, როცა მათ ასევე სურთ, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება. ეს ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცალსახად მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებებთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ქვეტექსტით პრეზიდენტის უფლებამოსილებების კიდევ უფრო შემცირება ხდება. გრძელდება პოლიტიკა, როცა ამ წლების განმავლობაში თანდათან და მიზანმიმართულად მცირდება ისედაც შეკვეცილი უფლებამოსილებები, რაც სახელმწიფოს მეთაურს ჰქონდა. ჩვენთვის მიუღებელია “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი რამდენიმე ცვლილება. ერთია ის, რომ პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუცია განსაზღვრავს როგორც ერთადერთ სუბიექტს, რომელიც მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს, შესაძლებლობა ერთმევა დანიშნოს იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც პრეზიდენტს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა უნდა მოუმზადოს მიანიჭოს თუ არა მოქალაქეობა ამა თუ იმ პირს. პრეზიდენტს ერთმევა შესაძლებლობა აღნიშნული კომისიის საქმიანობა საკუთარი აქტით დაარეგულიროს - ცვლილებების მიხედვით, მუშაობის წესებს თავად კომისია დაარეგულირებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს, რომელთაც აქამდე შესაძლებლობა ჰქონდათ განსაკუთრებით შემთხვევებში მოქალაქეობის მინიჭებაზე პირდაპირ პრეზიდენტისთვის მიემართათ, პირდაპირი მიმართვის შესაძლებლობა იკარგება. არის ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა მაგალითად, საქართველოს ინტერსებშია, რომ ესა თუ ის სპორტსმენი იყოს ჩვენი გუნდის წევრი და მნიშვნელოვანია, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე შეფასებით, კანონში დაგეგემილი ცვლილებების ეს ნაწილი არის იუსტიციის მინისტრის თეა წუკუკიანის მსოფლმხედველობის შედეგი და პარლამენტი მინისტრის პირადი ბრაზის დაკანონებას ცდილობს.

“თუ გავიხსენებთ არცთუ შორეულ პრეისტორიას, იყო ძალიან დაძაბული და სამარცხვინო პოზიციონირება, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს ჰქონდა. ის კომისიას ებრძოდა. მისი ბრძოლა იქამდეც კი მივიდა, რომ ეს ადამიანები იუსტიციის სახლიდან გამოასახლა და არ აძლევა მათ იუსტიციის სახლში მუშაობის შესაძლებლობას, რომელიც არის სახელმწიფოს საკუთრება და არა მისი კერძო საკუთრება. საბოლოოდ მინისტრი იძულებული გახდა, რომ კომისია იუსტიციის სახლში შეეშვა. მთელი პრეისტორიაა, თუ როგორ უკმაყოფილიყო იყო იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტის ხელში არსებული უფლებამოსილებებით. იუსტიციის მინისტრი ერჩოდა კომისიას, ერჩოდა უფლებამოსილებებს და იყენებს შესაძლებლობას, რომ საკუთარი დამოკიდებულება კანონით გაამტკიცოს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქმეში პრეზიდენტის კომპეტენცია იცვლება. “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, პრეზიდენტს აღარ ექნება მოქალაქეობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული რიგი საკითხების რეგულირების კომპეტენცია. ერთ-ერთი ცვლილებით, საგამონაკლისო წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე განცხადებას პრეზიდენტს აღარ წარუდგენს - ცვლილებების მიხედვით, საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

გარდა ამისა, მოქალაქეობის მინიჭების, შეწყვეტის, დაკარგვის წესი, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქის მინიჭების წესი პრეზიდენტის ბრძანების ნაცვლად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილებით განისაზღვრება.

კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო