სერგი კაპანაძე - სამსახურიდან გაშვება, ცუდად გახდომა და ა.შ. ვერავის გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, რომ საგამოძიებო კომისიას ჩვენება მისცეს

სამსახურიდან გაშვება, ცუდად გახდომა და ა.შ. ვერავის გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, რომ მოვიდეს და ახსნა-განმარტება მოგვცეს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას არ ესწრება.

„სამწუხაროა, რომ ბატონი სიგუა ჯერ არ მოსულა. პრესიდან გავიგეთ, რომ შეიძლება ცუდად იყოს. ამას გავარკვევთ, იმიტომ რომ ჩვენთან შეტყობინება არ მოსულა იმასთან დაკავშირებით, რომ ის ცუდად არის. თუ ეს მართლაც ასე არის, მოუწევს ამის ახსნა და დადასტურება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენ მის მიმართ კითხვები გვაქვს, მას მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს არის გარდაუვალი. ამიტომ ყველას მინდა მოვუწოდო, რომ კარგად მოემზადონ აქ მოსასვლელად და ნუ ექნებათ იმედი, რომ ჯანმრთელობის ან სხვა რაიმე მიზეზით თავს აარიდებენ იმ კითხვებს, რომელიც გააჩნია საზოგადოებას და კომისიას“, - განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, იოსებ სიგუა გუშინდელი სხდომის შემდეგ, სავარაუდოდ, სამსახურიდან გაათავისუფლეს, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ეს გაირკვევა.

„თუ სამსახურიდან გაუშვეს გუშინდელი სხდომის მერე, ჩვენ მოგვიწევს იმის გარკვევა, თუ რა მიზეზით გაუშვეს, რა იცის მან და რა კითხვებზე შეეცადნენ, რომ პასუხები ყოფილიყო არიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, არის თუ არა თანამდებობაზე, ყველას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, მათ შორის შოთაძესაც“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

შსს-ს დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომას, ოფიციალური მიზეზით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არ ესწრება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს