დირკ ვიზე - გერმანიის მთავრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ფინანსურ დახმარებას ზრდის

„გერმანიის მთავრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდასაჭერად ფინანსურ დახმარებას ზრდის“, - ამის შესახებ რუსეთთან, ცენტრალურ აზიასთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან საზოგადოებრივი თანამშრომლობის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა დირკ ვიზემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, დირკ ვიზემ მონაწილეობა მიიღო ფრიდრიხ ებერტის ფონდის დისკუსიაში „საქართველო დასავლეთისკენ მიისწრაფვის“. ვიზეს განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პრეზენტაციის შემდგომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობას მკაფიო ხედვა აქვს და დასავლეთისკენ მიიწევს. მისივე თქმით, გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ხედვასა და პერსპექტივებს.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს მკაფიო ხედვა და დღევანდელ შეხვედრაზეც ვიხილეთ, რომ საქართველო მიიწევს დასავლეთისკენ. რაც დღეს მოვისმინეთ, არის ძალიან პოზიტიური სიგნალი და რაშიც შემიძლია დაგარწმუნოთ, არის ის, რომ გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს ამ გზას და ამ პერსპექტივას. პოზიტიური სიგნალია, რომ საქართველოს მოსახლეობის მხრიდან არსებობს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ, რასაც კვლევებიც ადასტურებს. 90 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას, ევროკავშირს და ევროპულ ფასეულობებს, რომელსაც ვიზიარებთ, რაც შთამბეჭდავია იმასთან შედარებით, რომ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანაში ეს მხარდაჭერა ძალიან დაბალია“, - განაცხადა დირკ ვიზემ.

მისი თქმით, გერმანიის მხრიდან საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერის პრაქტიკული გამოხატულებაა ის, რომ გერმანიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდასაჭერი პროგრამის დაფინანსება 14 მილიონი ევროდან 17 მილიონ ევრომდე იზრდება. მისი თქმით, ეს საშუალებას მისცემს მხარეებს განავითარონ ურთიერთობები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოს ჰყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც აქტიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საკუთარ გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობასა და ამ კუთხით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება მნიშვნელოვანი სიგნალია გერმანიის მხრიდან.

საგარეო უწყების ცნობით, დირკ ვიზემ დადებითად შეაფასა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც მისი განცხადებით, მიმართულია საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებისკენ.

სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ასევე პოზიტურად შეაფასა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც დივერსიფიკაციისკენ და საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისკენ არის მიმართული.

„დღეს თქვენ ცდილობთ ეკონომიკური თანამშრომლობის დივერსიფიკაციას, როგორც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით, ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სხვადასხვა ქვეყნებთან. თქვენ ცდილობთ საქართველო იყოს დასავლეთ და აღმოსვალეთ ქვეყნების დამაკავშირებელი ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი. ასევე, ჩართულები ხართ ჩინეთის მთავრობის ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივაში. ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, თქვენი ეკონომიკის განსავითარებლად და ასევე იმ გამოწვევების დასაძლევად, რაც ახლა გაქვთ, მათ შორის თუნდაც ეკონომიკის მიმართულებით. ვხედავთ, რომ ბევრი ტურისტი სტუმრობს საქართველოს, რაც ასევე ხელს უწყობს თქვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო კარგ გზაზე დგას ევროპული ინტეგრაციის კუთხით“, -აღნიშნა ვიზემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა