შალვა ბედოიძე - ხორავაზე მკვლელობის საქმის ყველა ფიგურანტის დაკავების შესახებ შს მინისტრის მოადგილეს იმ მომენტისათვის დადასტურებული ინფორმაცია მივაწოდე

შს მინისტრის მოადგილისთვის ხორავას საქმეზე ყველა ფიგურანტის დაკავების შესახებ არასწორი ინფორმაცია არ მიმიწოდებია, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ბედოიძემ პარლამენტში დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის წევრ ირმა ნადირაშვილს.

ირმა ნადირაშვილმა შალვა ბედოიძეს შეახსენა, რომ 4 დეკემბერს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საქმის ყველა ფიგურანტის დაკავების შესახებ განაცხადა. ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ამ განცხადებამდე შს მინისტრს მასთან კომუნიკაცია და ბედოიძემ მიაწოდა თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია.

შალვა ბედოიძის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაცია შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძეს მიაწოდა და შეეძლო, ეს ინფორმაცია გიორგი გახარიასთვისაც მიეწოდებინა.

„4 დეკემბერს დაკავებული იყო გ.ბ. მკვლელობის ფაქტზე. ასევე გ.ჯ. იყო არათუ დაკავებული, არამედ, მის მიმართ გამოიტანეს ბრალდების დადგენილება 4 დეკემბრისთვის. სწორედ ეს არის ჩემთვის საფუძველი, რასაც შემიძლია დავეყრდნო და ვთქვა, რომ ამ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულები დააკავეს. რა დროსაც მივეცი ეს განმარტება, ანუ ინფორმაცია, იმ მომენტისათვის ეს ინფორმაცია არსებობდა დადასტურებულად. არასწორი ინფორმაცია არ მიმიწოდებია. იმ მომენტისთვის ჩვენს ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და იმ დასაბუთებული ვარაუდით, რაც წარედგინა ბრალდება, ორივე არასრულწლოვნის მკვლელობაზე იყვნენ დაკავებული პირები. ბუნებრივია, ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ეყრდნობოდა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და დღეს იმ გარემოებას აწარმოებს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, რომელთანაც მე შეხება არ მაქვს“, – განაცხადა შალვა ბედოიძემ.

ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, როდესაც მინისტრის განცხადებას ისმენს მაგალითად, დეტექტივების სამმართველოს უფროსი ირაკლი ფიფია, რომ ყველა ფიგურანტი უკვე დაკავებულია, მან ახალი ფიგურანტიც რომ დაინახოს, გამოავლენს თუ არა მას და სწორი იყო თუ არა ასეთი ნაჩქარევი განცხადება. ამის საპასუხოდ ბედოიძემ განაცხადა: „იმ მომენტში, ჩვენ რომ დაკავებული გვყავდა, ირაკლი ფიფიამ კარგად იცის, რადგან ის აწარმოებდა საქმეს“. ბედოიძის თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოძიება გრძელდება.

„თუ მოიკვლევენ მტკიცებულებებს, რომ ვინმე სხვა პირი მონაწილეობდა ამ არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ბუნებრივი შეფასება მიეცემა და მიეცემიან პასუხისგებაში“, - აღნიშნა ბედოიძემ.

შალვა ბედოიძის კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა