ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2018

წულუკიანის ინიციატივით, პრეზიდენტს კიდევ ერთ უფლებას ართმევენ?

არეშიძე: "მაჩალიკაშვილი, სულ მცირე, იმ ადამიანებთან იყო კონტაქტში, რომლებიც საქართველოში ტერაქტის მოსაწყობად ჩამოვიდნენ"***

წულუკიანის ინიციატივით, პრეზიდენტს კიდევ ერთ უფლებას ართმევენ?

"ქართული ოცნება" ისევ აგრძელებს პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცა-შეზღუდვის კამპანიას. ამჯერად ქვეყნის მეთაურს მოქალაქეობის მინიჭების უფლება ეზღუდება, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თეა წულუკიანის "პირადი ბრაზის დაკანონებას" უწოდებენ, "ოცნების" დეპუტატები კი, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც ირწმუნებიან, რომ კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოჰყავთ და პრეზიდენტს "უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენებას" უზღუდავენ. ანა ნაცვლიშვილი დარწმუნებულია, რომ ამის უკან იუსტიციის მინისტრი დგას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, წულუკიანის ინიციატივით, პრეზიდენტს კიდევ ერთ უფლებას ართმევენ?

"გუშინ ხმაურით მიმდინარეობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პარლამენტში. კონკრეტულად, "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონში შედის ცვლილება, რის მიხედვითაც, პრეზიდენტს ეკრძალება, დანიშნოს იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით სწორედ პრეზიდენტს უნდა მოუმზადოს სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნა, მიანიჭოს თუ არა მოქალაქეობა ამა თუ იმ ადამიანს. პლუს, მოქალაქეობის მიღების მსურველი საგამონაკლისო წესით განცხადებას პრეზიდენტს აღარ წარუდგენს, განცხადება წარედგინება სააგენტოს, საზღვარგარეთ - დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. გარდა ამისა, მოქალაქეობის მინიჭების, შეწყვეტის, დაკარგვის წესი, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქის მინიჭების წესი, პრეზიდენტის ბრძანების ნაცვლად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილებით განისაზღვრება", - აღნიშნავს გამოცემა.

"პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ეს ცვლილებები მიუღებელია და "გრძელდება პოლიტიკა, როცა ამ წლების განმავლობაში თანდათან და მიზანმიმართულად მცირდება ისედაც შეკვეცილი უფლებამოსილებები, რომლებიც სახელმწიფოს მეთაურს ჰქონდა". მისი თქმით, დაგეგმილი ცვლილებებით გამოხატულია უნდობლობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ხდება ინსტიტუტის რყევა, პრეზიდენტის უფლებამოსილების კიდევ უფრო შეკვეცა და ამ ყველაფრის ახალი რედაქციის კონსტიტუციისთვის დაბრალება", - განაგრძობს გამოცემა.

"შემოთავაზებულ ცვლილებაში ჩვენ ვხედავთ, რომ კომისია, რომელიც ინსტრუმენტია დადამხმარე ფუნქცია აქვს, ჰყავსთავმჯდომარე და პრეზიდენტს ერთმევა მისი დანიშვნის უფლება. გთხოვდით, მიმითითოთ,კონსტიტუციის კონკრეტულადრომელი ჩანაწერი ამბობს, რომ თავმჯდომარის დანიშვნის უფლებაუნდა წაერთვას პრეზიდენტს.თუაქ ცვლილებები არ განხორციელდა, გამოდის, რომ ჩვენ კონსტიტუციასთან ჰარმონიზებას კი არ ვაკეთებთ კანონმდებლობისას, პირიქით, გაცილებით უფრო ვცდებით იმას, რასაც კონსტიტუცია გვეუბნება", - განაცხადა ნაცვლიშვილმა კომიტეტის სხდომაზე. ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტისთვის კომისიის ხელმძღვანელის დანიშვნის უფლების ჩამორთმევა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შეხედულების გატარებასა და პირადი ბრაზის დაკანონებას ემსახურება. თუ გავიხსენებთ არცთუ შორეულ პრეისტორიას, იყო ძალიან დაძაბული და სამარცხვინო პოზიციონირება, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს ჰქონდა. ის კომისიას ებრძოდა. მისი ბრძოლა იქამდეც კი მივიდა, რომ ეს ადამიანები იუსტიციის სახლიდან გამოასახლა და არ აძლევდა მათ იმ იუსტიციის სახლში მუშაობის შესაძლებლობას, რომელიც არის სახელმწიფოს საკუთრება და არა - თავისი კერძო საკუთრება. საბოლოოდ, მინისტრი იძულებული გახდა, კომისია იუსტიციის სახლში შეეშვა. მთელი პრეისტორიაა, თუ როგორი უკმაყოფილო იყო იუსტიციის მინისტრი პრეზიდენტის ხელში არსებული უფლებამოსილებებით. იუსტიციის მინისტრი ერჩოდა კომისიას, ერჩოდა უფლებამოსილებებს და იყენებს შესაძლებლობას, რომ საკუთარი დამოკიდებულება კანონით გაამტკიცოს", - დასძენს გამოცემა.

"პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გედევან ფოფხაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის საპასუხოდ აღნიშნავს, რომ კანონპროექტში ცვლილებების შეტანით ქვეყნის პირველ პირს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საშუალება ერთმევა. დისკრეცია, როგორც ასეთი, პრეზიდენტის, მისცეს ან არ მისცეს ადამიანს ორმაგი მოქალაქეობა, ან საერთოდ მოხდეს ნატურალიზაციის წესით მოქალაქეობის მიცემა, არ შეიძლება იყოს ძალიან ფართო. ერთი რომელიმე ინსტიტუციის ხელში, თუნდაც, პრეზიდენტის ხელში დისკრეციის ფარგლებში ამის მოქცევა, ჩემი აზრით, სწორი არ იქნება იმიტომ, რომ ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, ამის ბოროტად გამოყენების საშუალება, ჩემი აზრით, არავის არ უნდა ჰქონდეს", - განაცხადა ფოფხაძემ. ოპოზიცია აცხადებს, რომ მმართველი ძალის მიზანია, პრეზიდენტი აბსოლუტურად უმოქმედო იყოს და იყოს მხოლოდ რაღაც ბუტაფორიული", - წერს სტატიის ავტორი.

არეშიძე: "მაჩალიკაშვილი, სულ მცირე, იმ ადამიანებთან იყო კონტაქტში, რომლებიც საქართველოში ტერაქტის მოსაწყობად ჩამოვიდნენ"

"ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებული ნფორმაციით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი და თბილისში, ბერი სალოსის ქუჩაზე ქართველი სამართალდამცველების მიერ ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ახმედ ჩატაევი ნათესავები აღმოჩნდნენ. ამასთანავე, "იმედის კვირის" მიერ მოპოვებული მოკლე ტექსტური შეტყობინებების ფრაგმენტის თანახმად, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის იმ ტელეფონიდან აღადგინეს, რომელიც 19 წლის ახალგაზრდას სპეცოპერაციის ღამეს ხელში ეჭირა. "აიფონიდან" შეტყობინებები "ვოთსაფის" აპლიკაციითაა გაგზავნილი და ბოლო სამი ციფრი 800-ით მთავრდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით არეშიძე: "მაჩალიკაშვილი, სულ მცირე, იმ ადამიანებთან იყო კონტაქტში, რომლებიც საქართველოში ტერაქტის მოსაწყობად ჩამოვიდნენ"

"მიმოწერაში ხშირად არის ნახსენები სიტყვა "ისტიშხადი", რაც თვითმკვლელობის მონაწილეობით ჩატარებულ სამხედრო თუ ტერორისტულ ოპერაციებს გულისხმობს. გთავაზობთ მიმოწერას, რომელსაც "იმედი" ავრცელებს:

"თემირლანი: - იცი, რა არის ისტიშხადი?

უცნობი - მე რა ვიცი?

თემირლანი - თეთრი მანქანით ვინც ადის, არის ის, ვინც აკეთებს ისტიშხადს, ანუ თვითლიკვიდაციას. ვინც აფეთქებით შედის, ის არის ისტიშხადის გამკეთებელი. ის შედის, რომ ააფეთქოს ქრისტიანები.

უცნობი - ხოო, გავიგე.

თემირლანი - და მას, ვისაც თავი უნდა აეფეთქებინა როდესაც მიდიოდა, მან მოიყვანა ბერკეტი მოქმედებაში.

უცნობი - ჰოო…

თემირლანი - და ზუსტად ასე მე უნდა ავიფეთქო თავი.

თემირლანი - ქალაქში, მეტროსადგურის მოედნის გაჩერების შიგნით.

უცნობი - კარგი რა, საკმარისია.

თემირლანი - თუ ადამიანს აქვს რწმენა, მსგავს საკითხებზე ასე არ იტყვის.

უცნობი - ღმერთმანი, მე შენ არაფერს არ გეტყვი.

თემირლანი - ვინც ჭეშმარიტ გზაზე ქრისტიანების წინააღმდეგ ბრძოლაში შაჰადის თქმით მოკვდება, ის არის ჩემთვის ყველაზე დიდად სანატრელი", - აღნიშნავს გამოცემა

"ჩატაევისა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირებზე ახალი დეტალები ცნობილი 25 ივნისს გახდა. "იმედის" ცნობით, გამოძიების ხელთ არსებული სატელეფონო ჩანაწერებიდან ირკვევა, თუ ვისთან დარეკა აჰმედ ჩატაევმა სოფელ კირნათიდან, თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისთანავე და ეს ნომერი მაჩალიკაშვილზე ოფიციალურად იყო გაფორმებული. მოგვიანებით გავრცელდა კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც აჰმედ ჩატაევმა, სავარაუდოდ, "აისის"- ის ერთ-ერთ ლიდერ აბუ ჯიჰადს (ისლამ ატაბიევი) გაუგზავნა. აჰმედ ჩატაევი და ისლამ ატაბიევი რუსეთის იმ 6 მოქალაქეს შორის არიან, რომლებიც 2015 წელს ევროკავშირმა ტერორისტების სიაში შეიყვანა. ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად, დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდგეობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია", - განაგრძობს გამოცემა.

"ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სუს-მა მეორე სპეცოპერაცია პანკისში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. სუს-ი აცხადებს, რომ პანკისში დაკავებულები და სალოსის ქუჩაზე დახოცილები საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. "რეზონანსი" ამ საკითხთან დაკავშირებით ექსპერტ მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ არსებობს საფუძველი იმისა, რომ მაჩალიკაშვილს ტერორისტებთან ჰქონდა კონტაქტი, მაგრამ თავად ტერორიზმში მისი დადანაშაულება დამტკიცებას მოითხოვს. "ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, გვაძლევს საფუძველს, რომ მაჩალიკაშვილი, სულ მცირე, იმ ადამიანებთან იყო კონტაქტში, რომლებიც საქართველოში ტერაქტის მოსაწყობად ჩამოვიდნენ. ეს არის აქსიომა; იმ შემთხვევაში, თუ გვსურს, სიტუაცია დავარბილოთ, ვთქვათ, რომ მაჩალიკაშვილმა არ იცოდა ჩატაევის ყოფნის შესახებ საქართველოში (მისი ახლობლები სურათის ასე წარმოჩენას ცდილობენ), დანარჩენების ბიოგრაფიის შესახებ მან იცოდა, რადგან გვერდზე ნაპოვნი ფოტოსურათები ამაზე მეტყველებს", - დასძენს გამოცემა.

"ჩვენ ვნახეთ მისი პირადი გვერდიდან ამოღებული მიმოწერა, რომელიც არ არის კორექტურული და ისეთი, რომელიც მის აბსოლუტურ ნეიტრალობაზე ან ლოიალობაზე მიუთითებდა. რელიგიური გემოვნება იყო ჩამოყალიბებული ისლამისტური იდეოლოგიის გავლენით, რომელსაც ბევრი პანკისელი ახალგაზრდა ცნობს. არეშიძის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილის პოზიცია გასაგებია, რადგან ის არის მამა, რომელსაც სურს, შვილის უდანაშაულობა დაამტკიცოს. ჩვენც ყოველთვის ვაკეთებდით ისეთ რაღაცას, რის შესახებაც მშობლებმა არ იცოდნენ. მე მესმის მალხაზ მაჩალიკაშვილის პოზიციისა. ის არის მამა და ცდილობს, თავისი შვილი მაქსიმალურად უდანაშაულო გამოიყვანოს, მაგრამ ფაქტები ნაწილობრივ სხვა რამეზე მეტყველებს. მე არ ვამბობ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი რამეშია დამნაშავე ჯერჯერობით, გარდა იმ მიმოწერისა, რაც სოციალურ ქსელში იყო. კანონში არსებობს მუხლი, რომელიც ტერორისტების ხელშეწყობას გულისხმობს. მაჩალიკაშვილის დანაშაული იკვეთება - ტერორიზმში ხელშეწყობის კუთხით, მაგრამ ჩატაევი, ფაქტობრივად სასამართლომ ცნო უდანაშაულოდ. იმ ხალხმაც უნდა აგოს პასუხი, ვინც ეს საქმე გამოიძია, ამ პოზიციამდე მიიყვანა და შემდეგ ეს კაცი გაუშვა", - წერს სტატიის ავტორი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა