პეტრე დევრიშაძის კომპანიისგან სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საკითხზე, შესაძლოა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელონ

სახელმწიფო უწყებების მიერ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გასამართლებული პირისგან, პეტრე დევრიშაძისგან სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საკითხზე, შესაძლოა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმსჯელონ.

როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოში აცხადებენ, ნატო-ს ბრიუსელის სამიტამდე იგეგმება უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, რომელიც 11-12 ივლისს დაგეგმილ სამიტს მიეძღვნება, თუმცა სავარაუდოდ, საუბარი იქნება თავდაცვისა და შს სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვების თემაზეც, რომელშიც რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პირი მონაწილეობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მდივანი განცხადებასაც ავრცელებს.

„ბოლო დღეებში, ქართულ საზოგადოებაში აქტიურად განიხილება საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განხორციელებული შესყიდვები, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული ჯაშუშობისთვის გასამართლებულ პირთან დაკავშირებული ორგანიზაცია აღმოჩნდა. თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურები არსებული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდა. შესაბამისად, ირკვევა, რომ არსებული პრაქტიკა არ გამორიცხავს ამ ტიპის შემთხვევების არსებობას წარსულში, ისევე, როგორც მათი გამეორების შესაძლობას. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი იქნება, თუკი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და ნდობის ჯგუფი, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის ფარგლებში, დაინტერესდებიან და გამოიკვლევენ როგორც ამ კონკრეტულ, ასევე, ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურად საზიანო სხვა შესაძლო შემთხვევებს და შეიმუშავებენ კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც მიმართული იქნება შესყიდვების მოქმედი პრაქტიკისა და კანონმდებლობის დახვეწაზე იმ ნაწილში, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან დაკვშირებულ საკითხებზე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ პირებთან და/ან კომპანიებთან „კანონიერმა“ თანამშრომლობამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს იმ ნდობაზე, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქართულ საზოგადოებაში სრულიად დამსახურებულად სარგებლობს და აქედან გამომდინარე, წარმოქმნას ნეგატიური დამოკიდებულება როგორც კონკრეტული სახელმწიფო უწყებების, ასევე, მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მიმართ“, - ნათქვამია უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებაში.

ცნობისთვის, სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

დევრიშაძე 2010 წელს „გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა და საჯაროდ დღემდე არ უარყვია. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო