გერმანიის სახელმწიფო მინისტრი - ხიდი, რომლის აშენებაც ჩვენ საქართველოსთან გვსურს, ევროპული ხიდია

ხიდი, რომლის აშენებაც ჩვენ საქართველოსთან გვსურს, ევროპული ხიდია, - ამის შესახებ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა მიხაილ როთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრმა საქართველოსა და გერმანიის საუკუნოვან ისტორიაზე ისაუბრა და გაიხსენა გერმანული დასახლებები საქართველოში. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობის დაახლოებაში.

„ვიზალიბერალიზაცია გასაღებია იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთს შეხვდნენ, გაცვლა-გამოცვლა შედგეს, რომ ერთმანეთი გავიცნოთ. ამ შემთხვევაში მე იმედს ახალგაზრდა თაობაზე ვამყარებ, რომ წინასწარი ცრუ შეხედულებების გარეშე გადავარჩენთ ევროპას და მას უსაფრთხოს გავხდით“, - აღნიშნა როთმა.

მისი განცხადებით, გერმანიის პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებაში სწორედ საერთო ღირებულებებით ხიდების მშნებლობას ეფუძნება.

„გაერთიანებული ევროპის მზერა მხოლოდ ძველი მეგობრებისკენ, დასავლეთის, სამხრეთის ან ჩრდილოეთის მეგობრებისაკენ კი არ არის მიმართული. გაერთიანებული ევროპის მზერა მიმართულია ასევე და პირველ რიგში აღმოსავლეთისაკენ. ევროკავშირის შემოქმედებითი ძალის გამოყენება, მის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის მშვიდობისა და თავისუფლებისათვის შესრულება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა მშვიდობისა და დემოკრატიის პროექტს - ევროკავშირს - მშვიდობისა და დემოკრატიის სრულიად ევროპის პროექტად ვაქცევთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის წინაშე გვაკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. ამაში საქართველო გამორჩეულ როლს თამაშობს, რადგან ჩვენი ქვეყნები პარტნიორობის გრძელ ისტორიას ითვლიან“, - განაცხადა მიხაილ როთმა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთთან მიმართებით ახალი პოლიტიკა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ეს ახალი პოლიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ამა თუ იმ ქვეყანამ ხიდი უნდა ჩატეხოს ტრადიციულ, ხშირ შემთხვევაში რთულ პარტნიორთან თუ მეზობელთან. საქმე ისაა, რომ ჩვენ ახალი პარტნიორობით ახალი ხიდების შენება გვინდა, რომელზეც ბევრი ადამიანი გაივლის. ეს ხიდი, რომლის აშენებაც ჩვენ საქართველოსთან გვსურს, ევროპული ხიდია. ეს არის ხიდი, რომელიც დაფუძნებულია ღირებულებებზე: დემოკრატიაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, უმცირესობების მიმართ პატივისცემაზე, პრინციპზე „კეთილდღეობა ბევრს“, - აღნიშნა როთმა.

მისი თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მან დადებითად შეაფასა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა და კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკა.

„ყველა ჩემ კოლეგას, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, კვლავ იქ დაბრუნება უნდა. მეც ასე ვარ. მეც ძალიან ვისიამოვნე, როცა თბილისში ვიყავი და იმედი მაქვს, რომ ჩემს პირველ მოგზაურობას, კვლავ ბევრი მოჰყვება. მხოლოდ ისეთი შესაძლებლობა ხომ არ არსებობს, როგორც თქვენ (მიმართავს მუსიკოსებს) რომ დატოვეთ თქვენი ქვეყანა და გერმანიაში მეორე, ახალი სამშობლო იპოვეთ. შეიძლება, შორეულ მომავალში ამა თუ იმ გერმანელმაც იპოვოს ახალი სამშობლო საქართველოში“, - განაცხადა მიხაილ როთმა.