მაია მწარიაშვილი - ვერავინ იტყვის, რომ შალვა თადუმაძე არ არის აფილირებული ხელისუფლებასთან, ირაკლი ნადარეიშვილი კი სისტემაში ერთ-ერთი საუკეთესო პროკურორია

ვერავინ იტყვის, რომ შალვა თადუმაძე, მისი დღევანდელი თანამდებობის გათვალისწინებით, არ არის აფილირებული ხელისუფლებასთან, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც მთავარი პროკურორობის კანდიდატები შეაფასა.

როგორც ყოფილმა პროკურორმა აღნიშნა, „თადუმაძის დღევანდელი თანამდებობა არ მოითხოვდა იმ თვისებებს, რასაც მთავარი პროკურორის პოსტი მოითხოვს“. მისივე თქმით, ნებისმიერი სტრუქტურის აპარატი მის ხელმძღვანელობაზეა ორიენტირებული და ამისგან განსხვავებით, პროკურატურას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მოეთხოვება.

„სირაქლემას პოზაში ვერავინ დადგება. ვერავინ იტყვის, რომ შალვა თადუმაძე, მისი დღევანდელი თანამდებობის გათვალისწინებით, არ არის აფილირებული ხელისუფლებასთან. პროკურატურას მოეთხოვება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, პროფესიონალიზმი და სათანადო დონის ანგარიშვალდებულება. მთავარი პროკურორი სულ ცოტა ამ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ცივილურ და ევროპულ სახელმწიფოებში ასეთი მოთხოვნები ყველა პროკურატურის მიმართ არსებობს. ის ფრონტი, სადაც ის საქმიანობდა, არ მოითხოვდა იმ თვისებებს, რასაც მთავარი პროკურორის პოსტი მოითხოვს. მთავრობის აპარატი სხვა ტიპის სტრუქტურაა. ნებისმიერი სტრუქტურის აპარატი ყოველთვის ორიენტირებულია ხელმძღვანელზე, ამიტომ იქ სხვა თვისებები მოითხოვება. იმ უნარებში კი, რაც პროკურატურაში მოითხოვება, შალვა თადუმაძეს ვერ შევაფასებ, რადგან არ ვიცნობ. ჩემი სამოსამართლეო და საპროკურორო საქმიანობისას მასთან პროფესიული კვეთა არასოდეს მქონია,“ - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.

თბილისის ყოფილმა პროკურორმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მთავარი პროკურორობის სხვა კანდიდატებზეც გააკეთა კომენტარი. მისი შეფასებით, შალვა შავგულიძე და ირაკლი ნადარეიშვილი მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან.

„შეუძლებელია, ამ პროფესიაში იყო და არ იცნობდე შალვა შავგულიძეს მთელი მისი დამსახურებებით. პროფესიული თუ პიროვნული თვისებების გამო მას უაღრესად დიდ პატივს ვცემ. ასევე ვიცნობ ირაკლი ნადარეიშვილს მისი პროფესიული საქმიანობიდან და ვთვლი, რომ სისტემაში არის ერთ-ერთი საუკეთესო პროკურორი. საქმიდან გამომდინარე ვიცი, როგორი პროკურორია და როგორი პროფესიული ღირებულებები აქვს,“ - განაცხადა მწარიაშვილმა.

მთავარი პროკურორობისთვის ამ დროისთვის 20-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის. დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე. საპროკურორო საბჭოში კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს იწურება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა