ვახტანგ შაქარიშვილი - მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე მერიამ რაციონალური წინადადებები წარმოადგინა

მიწისქვეშა პარკინგის მოწყობაზე მერიამ რაციონალური წინადადებები წარმოადგინა, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, რომელიც თბილისში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობის მიზნით, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა ინვესტორებისთვის მიწის ნაკვეთის 1 ლარად არა იჯარით, არამედ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. შაქარიშვილის განცხადებით, მერიამ მნიშვნელოვნად შეცვალა სატენდერო პირობები და განახლებული ფორმით ახალი წინადადებები წარმოადგინა.

„მას შემდეგ, რაც პირველ ეტაპზე ინტერესთა გამოხატვაში ბიზნესმა მონაწილეობა არ მიიღო, ჩვენ გამოვთქვით აბსოლუტური მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გადაგვეხედა კონკრეტული პირობებისთვის, იმ ეკონომიკური მოდელებისთვის, რაც მერიამ წარმოადგინა ბიზნესისთვის შეთავაზების სახით. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი იყო მიწის საკუთრებაში გადაცემა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კერძო სექტორის მონაწილეობა პარკირების სისტემის პრობლემის გადაწყვეტაში ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით ამასთან ეფექტურად ბრძოლა შეუძლებელია. ეს არის აპრობირებული მოდელი, კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელი, რომლის პირობებშიც ვფიქრობ, შესაძლებელია იგივე პარკინგებთან მიმართებაში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგას ბიზნესის და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის კუთხით“,- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, მერიის მხრიდან რაციონალური წინადადებებია წარმოდგენილი.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებას იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პროექტი ბიზნესმა შესაძლოა კომერციული ინტერესებისთვის გამოიყენოს და საკუთრებაში გადაცემის შემდეგ კონკრეტულ ტერიტორიებზე საერთოდ არ მოაწყოს პარკინგი, საკრებულოს უმრავლესობის წევრი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მისი განცხადებით, ინტერესთა გამოხატვის პროცესის დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ პარკინგის მოწყობა სავალდებულოა, ასევე საპარკინგე ადგილების კონკრეტული რაოდენობაა განსაზღვრული.

„გეგეშიძის მიმდებარედ არსებულ ფალიაშვილის ქუჩის მიწისქვეშა ტერიტორიაზე 175 ავტომობილზე გათვლილ საპარკინგე ადგილზეა საუბარი. ეს, რა თქმა უნდა, იქნება ვალდებულება, რომელიც უკვე მეორე, ხელშეკრულების ეტაპზე გაიწერება და იქ სხვა დანიშნულების ობიექტს ბიზნესი ვერ განათავსებს. თავისთავად პარკინგი იქნება კომერციული და მომგებიანი ბიზნესისთვის“,- განაცხადა შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც პარკირების სისტემაში არსებობს საკმაოდ დიდი დისბალანსი მოთხოვნა-მიწოდებას შორის, ეს არ არის ერთადერთი პროექტი, რითიც ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება. ვახტანგ შაქარიშვილის განცხადებით, საკითხს სჭირდება კომპლექსური მიდგომა და ამ ნაბიჯების შესახებ საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება.

ნანა ჩაჩუა - ისეთ ცნებებთან და გრძნობებთან, როგორიცაა  სამშობლო და ღმერთი, პოლიტიკოსები ჯამბაზობენ და ამ მგრძნობიარე ინსტრუმენტებით ჯამბაზებივით ცდილობენ მანიპულირებას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2019
ზაზა ფირალიშვილი - არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შიდა პოლიტიკაში ვითარება რთულია ხელისუფლებისათვის და არანაკლებად რთულია ოპოზიციისათვის