„ნაციონალური მოძრაობა“ თავდაცვის და შს მინისტრების თავდაცვის და უშიშროების კომიტეტში მისვლას მოითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს მიმართავს და თავდაცვისა და შს მინისტრების კომიტეტის სხდომაზე გამოცხადებას მოითხოვს.

როგორც პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს და შესყიდვების საკითხს, სადაც პეტრე დევრიშაძე ფიგურირებს.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე მიმართა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტს. ჩვენ მოვითხოვეთ გამოცხადდეს თავდაცვის მინისტრი, ისევე როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი კომიტეტზე და მივიღოთ პასუხი იმაზე, თუ რატომ იგებდა მრავალმილიონიან ტენდერებს იმ ადამიანის კომპანია, რომელიც მხილებული იყო ჯაშუშობაში ოკუპანტი სახელმწიფოს სასარგებლოდ.

ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება რომელიც დღემდე არ შეცვლილა და მინდა მივმართო მათ შორის ეკა ბესელიას, რომელმაც კონსტიტუციის დარღვევით ამ პარლამენტს მიაღებინა სია, რომლითაც გამოაცხადა მრავალი ათეული ადამიანი პოლიტპატიმრებად. თუ ბატონი დევრიშაძე ერთ-ერთი ასეთი პიროვნება იყო, რომელიც უსამართლოდ იდევნებოდა, მაშინ მოგეხსნათ ყოფილი ჯაშუშის სტატუსი.

დღემდე ეს ადამიანი სარგებლობს ყოფილი ჯაშუშის სტატუსით.

როგორც ჩანს, ამჟამინდელ ხელისუფლებას არანაირი ეჭვი არ ჰქონდა იმასთან დაკავშირებით რომ პეტრე დევრიშაძე მართლაც არის რუსეთის ჯაშუში, მაგრამ მათ არანაირი დისკომფორტი არ გააჩნიათ მასთან თანამშრომლობის.

თავდაცვის სამინისტროს უმთავრესი ფუნქციაა დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, თავდაცვამ არ უნდა ითანამშრომლოს და ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფული არ უნდა მისცეს რუსეთის ჯაშუშს“, -განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, იმედია, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაინტერესდება აღნიშნული თემით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია სხვა ზომებს მიმართავს, რათა ძალოვანი უწყებების მინისტრები ფრაქციის სხდომებზე დაიბარონ.

სტუდია ”მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მისი ოჯახის ორმა კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ტენდერი მოიგო. კომპანიები სახელმწიფო შეკვეთებს ძირითადად შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისგან იღებენ.

ამასთან, 3 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტენდერი, რომელშიც პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, შეწყვიტა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრო ტენდერს, რომელშიც ოპერაცია "ენვერის" დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, აუქმებს.

შეგახსენებთ, რომ დევრიშაძე 2010 წელს ”გრუ“-სთან თანამშრომლობის ბრალდებით დააპატიმრეს. ის ოპერაცია “ენვერის” დროს დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, რომელმაც რუსულ სპეცსამსახურთან თანამშრომლობა აღიარა. პეტრე დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება 2011 წელს გაუფორმეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა