მინდია უგრეხელიძე - ირაკლი ნადარეიშვილი მთავარი პროკურორობისთვის შესაფერისი კანდიდატურაა, არაჩვეულებრივად ერკვევა კანონმდებლობაში და არის ძალიან კარგად მომზადებული

პროკურატურაში, მე რაც მეგულება, ირაკლი ნადარეიშვილი მთავარი პროკურორობისთვის ყველაზე შესაფერისი კანდიდატურაა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია უგრეხელიძემ, მთავარი პროკურორობის კანდიდატების შეფასებისას განუცხადა.

უგრეხელიძე მიჩნეევს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს მთავარი პროკურორის შერჩევისას, კანდიდატის საქმეში ჩახედულობა და დარგის სპეციფიკის ცოდნაა.

„ჩვენთან დიდი სიცარიელე და ვაკუუმი შეიქმნა ამ მიმართულებით. ეს შეიქმნა იმიტომ, რომ როდესაც არის ტოტალიტარული, ავტორიტარული მმართველობა, იქ ფუნქციას კარგავს გამოძიება და გამომძიებელი, კარგავს ფუნქციას პროკურორი და სამართალდამცველი, რატომ იცით? - ერთი კაცი რასაც იტყვის, ის უნდა გაკეთდეს. ამიტომ დაქვეითდა ეს დარგი. კანონმდებლობა არ ვარგა. გამომძიებლები საკმაოდ დაბალი დონის შემოგვრჩა. ვინც არიან ისინიც, ასე ვთქვათ, დაშინებულები და დათრგუნულები არიან მდგომარეობით. მიუხედავად ამისა, აქა-იქ შემორჩა რამდენიმე კადრი და მათი კურსი უნდა იყოს აღებული ძირითადად, ალბათ, მანდ. ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც საინტერესოა რომ იყოს გათვალისწინებული, არის ის, რომ ჩახედული უნდა იყოს საქმეში და ნამსახურები უნდა იყოს ისეთ სტრუქტურებში, საიდანაც ჩანს სამყარო და ჩანს ამ დარგის სპეციფიკა. ერთ-ერთი ასეთი დარგი საკუთრივ არის პროკურატურა. პროკურატურაში, მე რაც მეგულება, ირაკლი ნადარეიშვილი შესაფერისი კანდიდატურაა, რადგან ის ამავე დროს არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში და რამდენჯერმე რომ მოვუსმინე, მინდა გითხრათ, რომ იგი არაჩვეულებრივად ერკვევა კანონმდებლობაში, არის ძალიან კარგად მომზადებული“, - განაცხადა უგრეხელიძემ.

სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი მთავარი პროკურორის პოსტზე ასევე „საინტერესოდ“ მიიჩნევს კიდევ ერთ კანდიდატ შალვა თადუმაძესაც.

„ასევე მიმაჩნია, რომ საკმაოდ საინტერესო კანდიდატურაა შალვა თადუმაძე, რადგან ის იყო ადრე ადვოკატი და მისი საადვოკატო საქმიანობა მახსოვს, ძალიან თავდადებით იცავდა ზოგიერთ ჩაგრულსა და უკანონოდ შევიწროვებულ ადამიანს. მისი ნამუშევარიც მაქვს ნანახი და უნდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო ნამუშევრები იყო, ისევე როგორც ძალიან საინტერესო შედეგები აქვს. ამასთან, რა თქმა უნდა, მინუსებიც არსებობს. არ არსებობს ისეთი რამ, რაც 100%-ით აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. ადამიანს ცოლად რომ მოყავს ვინმე, იდეალურ ცოლს ვერ იპოვის - ზოგს ფეხი არ უვარგა, ზოგს თვალი არ უვარგა, ზოგი ხაჭაპურს ვერ აცხობს, ზოგს განათლების დიპლომი არ უვარგა. ამიტომ უნდა შეარჩიო ისეთი, რომელიც მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს და ერგება დროის მოთხოვნებს“, - განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.

რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატურას, შალვა შავგულიძეს, მინდია უგრეხელიძე ეჭვობს, რომ არაერთი დამსახურების მიუხედავად, ის შეიძლება ვერ გაუმკლავდეს ისეთ ტვირთს, როგორიც პროკურატურის სახით დააწვება.

„შალვა შავგულიძე იყო ჩემი სტუდენტი, ძალიან კარგი სტუდენტი იყო და ამავე დროს ის არის კარგი ოჯახისშვილი. მისდამი ჩემი დამოკიდებულება ძალიან დადებითია. ამავე დროს მან ძალიან დადებითი როლი შეასრულა, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად, ერთ გუნდში ვიყავით და ვიბრძოდით ისეთი ინტერესების დასაცავად, როგორიცაა მაგალითად, გირგვლიანის ინტერესები, როგორიც არის სხვა დაჩაგრულთა ინტერესები. ადვოკატურის ფარგლებში იყო შექმნილი ძალიან საინტერესო ჯგუფი და იქ ვთანამშრომლობდით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი სუსტი მხარეები ადვილად გაუძლებს იმ ტვირთს, რომელიც პროკურატურის სახით დააწვება. მე ამაში დარწმუნებული არ ვარ და ეჭვი განსაკუთრებით მას შემდეგ შევიტანე, რაც მან, შესანიშნავმა იურისტმა და შინაგანად წესიერმა კაცმა, მოინდომა ისეთი რამე, რასაც ჰქვია პოლიტიკური საქმიანობა. დღეს რომ პოლიტიკური საქმიანობა მოგინდება პროფესიონალს, ძალიან ცუდი ნიშანია, რადგან როგორც წესი, პოლიტიკურ საქმიანობას ეტანებიან ხელმოცარული პროფესიონალები“, - განაცხადა სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელმა.

მინდია უგრეხელიძე ასევე არასწორს უწოდებს იმ ფორმულას, რომელიც მთავარი პროკურორის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ეხება.

„პროკურორი პირობითად შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სახელმწიფოს ადვოკატი, რომელიც გუშაგად უნდა ედგას იმ ინტერესებს, რომელიც სახელმწიფოს აქვს. პროკურორი არის მხარე, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეში. ის არ შეიძლება იყოს ნეიტრალური. თუ ნეიტრალურია, მაშინ მოსამართლე ყოფილა. აქედან გამომდინარე ის დებულება, არც თუ ისე უმანკოა, როგორც თქვენ გეჩვენებათ. ჩვენთან აიჩემეს ახლა ყველაფერზე „აპოლიტიკური“. პოლიტიკა საგინებელი სიტყვა კი არ არის. პოლიტიკა არის მიზანშეწონილობის მოთხოვნილება. ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ პოლიტიზირებული და პოლიტიკური იმ თვალსაზრისით, რომ „პოლიტიკა ეს არის მეცნიერება და ხელოვნება, საზოგადოების კეთილდღეობის შესახებ“. პროკურორმა არ უნდა იზრუნოს საზოგადოების კეთილდღეობაზე?! არისტოტელეზე უფრო ჭკვიანები ვართ, როცა ამას ვამბობთ?!“, - განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.

მთავარი პროკურორობისთვის ამ დროისთვის 20-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის. დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ყოფილი დეპუტატი შალვა შავგულიძე. საპროკურორო საბჭოში კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს იწურება.

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება