ვახუშტი მენაბდე - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წარდგენის პროცედურა ხარვეზიანია და შესაძლებელია პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დავა წარმოშვას

პრეზიდენტის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის პროცედურა ხარვეზიანია და შესაძლებელია წარმოშვას დავა უფლებამოსილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ კონსტიტუციის სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

მენაბდის განმარტებით, თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ მას მთავრობის თანხმობა არ სჭირდება, ის ამ ნაბიჯს გადადგამს და აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატს ცენტრალური მთავრობის თანხმობის გარეშე წარადგენს.

“საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას მთავრობის წინასწარი თანხმობით წარადგენს. იმ ვითარებას კი, რაც დღეს არის, როცა საუბარია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტაზე, საქართველოს კონსტიტუცია პასუხს არ სცემს. ამის პასუხს იძლევა საქართველოს კონსტიტუციური კანონი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრების კანდიდატურებს, თუმცა აქ ცენტრალური მთავრობის წინასწარი თანხმობის ვალდებულება მითითებული არ არის. იქმნება ვათარება, რომელიც განმარტებას მოითხოვს, რადგან პირდაპირი პასუხი არა გვაქვს არც საქართველოს კონსტიტუციიდან და არც “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონიდან. პირადად მე ვფიქრობ, რომ “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციური კანონი ამ პროცედურაში მოიაზრებს იმას, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული და ჩემი ინტერპრეტაციით, ამ შემთხვევაშიც საჭიროა საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა იმ კანდიდატზე, რომელსაც პრეზიდენტი წარადგენს. თუმცა საკითხი დგას ასე - ამ შემთხვევაში კანონს ვინც იყებს, არის პრეზიდენტი. შესაბამისად, ის იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორი ინტერპრეტაცია გაუკეთოს კონსტიტუციის ნორმებს. მას ამ შემთხვევაში ეს უპირატესობა აქვს. ამიტომ თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ მას მთავრობის თანხმობა არ სჭირდება, ის ამ ნაბიჯს გადადგამს და აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატს ცენტრალური მთავრობის თანხმობის გარეშე შეიტანს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ორი რამ: - თუ მთავრობა პრეზიდენტის ამდაგვარ ინტერპრეტაციას არ დაეთანხმა, მაშინ მას მოუწევს საკონსტიტუციო სასამართლოში დავა კომპეტენციებთან დაკავშირებით და მოგვიწევს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის დალოდება. აჭარის უმაღლესმა საბჭომ შეიძლება უარი თქვას ამდაგვარი პროცედურით წარმოდგენილი მთავრობის თავმჯდომარეობის ნდობაზე. ასეთ შემთხვევაში, უფლებამოსილებას გადამდგარი თავმჯდომარე შეასრულებს ან შესაძლებელია აჭარის უმაღლესმა საბჭომ ნდობა გამოუცხადოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას და მაინც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად იყო ეს კონსტიტუციის შესაბამისი“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ვახუშტი მენაბდემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც პატარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა