დავით ნარმანია - როგორც ჩანს, “ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი ნაშიერები ბოლომდე მომყვებიან - კი ბატონო, მდიონ

როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი ნაშიერები ბოლომდე მომყვებიან, კი ბატონო, მდიონ, ვერაფერს მიაღწევენ, - ასე პასუხობს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებას იმის შესახებ, რომ ქონებრივი დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული.

“ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ნარმანია გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ აუდიტის სამსახური და საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, თუ როგორ შეიძინა ყოფილმა მერმა 180 ათას დოლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი.

“ეს არის მორიგი თითიდან გამოწოვილი ბრალდება, რაც არაერთხელ გაუკეთებია ხაბეიშვილს. მე დეკლარაციაში ყველაფერი ასახული მაქვს დადგენილი წესის მიხედვით. გავყიდე საცხოვრებელი ბინა, რომელსაც დავამატე საბანკო კრედიტი და ჯამური თანხით შევისყიდე მიწა. უბრალოდ ბინის გაყიდვა ამ დეკლარაციაში ვერ მოვხვდა, მომდევნო დეკლარაციაში მოხვდება, ვინაიდან გაიყიდა გაზაფხულზე, თუმცა მიწა, როგორც საკუთრებაში არსებული ქონება, დადგენილი წესით ასახულია დეკლარაციაში. ყველაფერი წესრიგშია და ხაბეიშვილს შეუძლია მშვიდად იყოს. შეუძლიათ რეესტრში შევიდნენ და ნახონ, რომ 140 კვადრატული მეტრის ბინა, რომელიც ჩემს საკუთრებაში იყო, გავყიდე, დავამატე კრედიტი და შევიძინე მიწის ნაკვეთი“, - განაცხადა ნარმანიამ.

ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ მის მიმართ ბრალდებები არ წყდება, „ვინაიდან “ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ნაშიერებს, ყოველთვის შესაბამის პასუხებს სცემდა“.

“არ ვიცი, რა ინტერესებს ემსახურება ეს ყველაფერი. ალბათ, გამოწვეულია იმით, რომ მე ყოველთვის კრიჭაში ვედექი ოპოზიციას და განსაკუთრებით “ნაციონალურ მოძრაობის“ წარმომადგენლებს და მათ ნაშიერებს. არ ვუთმობდი არც ერთ თემას, ყოველთვის ვცემდი პასუხს ღირსეულად, ისე როგორც საჭირო იყო. როგორც ჩანს, მომყვებიან ბოლომდე და მდიონ, ვერაფერს მიაღწევენ“, - განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, დაინტერესდნენ, საიდან შეიძინა თბილისის ყოფილმა მერმა დავით ნარმანიამ 180 000 დოლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი.

როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, თბილისის ყოფილმა მერმა ცოტა ხნის წინ შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ მიმდინარე წელს დიღმის ქუჩა #7–ში, 1 500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი 180 000 დოლარად შეიძინა. ხაბეიშვილის განცხადებით, დეკლარაციაში ნარმანიას მითითებული აქვს, რომ აღებული აქვს 50 000 დოლარის იპოთეკური სესხი, თუმცა დეკლარაციაში არ ჩანს 130 000 დოლარის წარმომავლობა.

“ნარმანიას მიერ შევსებული დეკლარაციიდან გაურკვეველია, საიდან მოიტანა ნარმანიამ 130 000 დოლარი. შემოსავლებით დგინდება, რომ ნარმანიას წლიდან წლამდე შემოსავალი 40 000 ლარი აქვს, თუმცა აჩვენებს, რომ 180 000 დოლარი გადაიხადა მიწის ნაკვეთში. საიდან მოიტანა ნარმანიამ ეს თანხა, არავინ იცის. საგამოძიებო სამსახური, აუდიტი და ვისაც ეხება, მათ უნდა დაადგინონ ამ თანხის წარმომავლობა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო