მდინარე ხობისწყლის კალაპოტში, სავარაუდოდ, გეოლოგიური წარმონაქმნები, კონკრეციები აღმოაჩინეს

ხობის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, მდინარე ხობისწყლის კალაპოტში სავარაუდოდ გეოლოგიური წარმონაქმნები, კონკრეციები (მათ შორის სეპტარიები) აღმოაჩინეს. ისინი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტმა ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის საკითხებში გოგიტა ჩიტაიამ შენიშნა. მან აღნიშნულის ამსახველი ფოტომასალა მეცნიერებს გადაუგზავნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხობის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ განუცხადა, აღნიშნული საკითხის შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს და მან დახმარება შესაბამის სამსახურებს უკვე სთხოვა. ბერაიას ინფორმაციით, ფოტომასალების დათვალიერების შემდეგ საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე პრეზიდენტმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა ზურაბ ჯანელიძემ მათ პირველადი დასკვნა გამოუგზავნა.

დასკვნის თანახმად, მდინარის კალაპოტის გასწვრივ მიმობნეული გეოლოგიური წარმონაქმნები კირქვიანი კონკრეციებია, რომელიც მდინარის დინების მიერაა დამუშავებული. მისი თქმით, ასეთი ფორმისა და ზომის ნიმუშები დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ჯანელიძის ვარაუდით, არსებული ნიმუშები დიდი ხნის წინათ გადაშენებული ზღვის ცხოველებს, ე.წ. ამონიტებს გვანან, რომლებიც დაახლოებით 60 მილიონი წლის წინათ ბინადრობდნენ.

„ამ ეტაპზე ერთადერთი დოკუმენტი, რაც გვაქვს, ეს არის ზურაბ ჯაფარიძის წინასწარი დასკვნა, რომელიც მან მხოლოდ ფოტოების დათვალიერების შედეგად გააკეთა. აგრეთვე გვირჩია, რომ გვჭირდება პალეონთოლოგები და ლითოლოგები. არსებობს, რამდენიმე ვარაუდი, რომ ეს არის ამონიტები. არის საუბარი, რომ ეს არის კირქვიანი კონკრეციები. ჯერჯერობით სანამ ამ საკითხის შესწავლა არ მოხდება, მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვით, თუმცა ამის არ შესწავლა დანაშაულად მიმაჩნია და აქტიურად ვარ ჩართული სპეციალისტების მოძიებაში. უკვე ვთხოვე დახმარება შესაბამის უწყებებს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

პროფესორი ზურაბ ჯანელიძე თავის დასკვნაში ხობის მუნიციპალიტეტის მერიას შესაბამის რეკომენდაციას აძლევს. წერილში ნათქვამია, რომ აღმოჩენილი წარმონაქმნების გადატანა ისეთ ადგილზე უნდა მოხდეს, სადაც ის განადგურებისგან დაცული იქნება. გარდა ამისა, ისინი პროფესიონალმა პალეონთოლოგებმა და ლითოლოგებმა უნდა შეისწავლონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა