ქართული პრესის მიმოხილვა 05.07.2018

ორი ყველაზე რეალური კანდიდატი 21 პრეტენდენტიდან

დიდი საკადრო წმენდა მმართველ გუნდში: რომელი გუბერნატორი დატოვებს თანამდებობას

გია ყანჩელის იდეა - საქართველოს ჰიმნი უნდა შეიცვალოს

* * *

ორი ყველაზე რეალური კანდიდატი 21 პრეტენდენტიდან

"რეგისტრაცია დასრულდა. მთავარი პროკურორის პოსტისთვის 21 კანდიდატი იბრძვის. მათგან "ქართული ოცნების" ფავორიტად 2 კანდიდატი უკვე გამოკვეთილია, პირველია შალვა თადუმაძე, ვინც ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, ის 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი იყო. ასევე ცნობილია, რომ თადუმაძეს ნათესაური კავშირი აქვს თეა წულუკიანთან. "ოცნების" მეორე ფავორიტია ირაკლი ნადარეიშვილი. ის მოქმედი პროკურორი და იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელია, რომელიც სამართლიანობის აღდგენაზეა პასუხისმგებელი. ახალი მთავარი პროკურორი ქვეყანას 3 კვირაში ეყოლება. საპროკურორო საბჭოში მთავარი პროკურორობის მსურველთა რეგისტრაცია გუშინ დასრულდა. მსურველი სულ 21 ადამიანია. მათგან 3 კანდიდატი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უნდა შეარჩიოს და შემდეგ საპროკურორო საბჭოს წარუდგენს, რომელიც, თავის მხრივ, 1 კანდიდატს შეარჩევს და ის ჯერ მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად. დამტკიცებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ორი ყველაზე რეალური კანდიდატი 21 პრეტენდენტიდან / მთავარი პროკურორი 3 კვირაში გვეყოლება, მათგან "ოცნების" მთავარი ფავორიტები თადუმაძე და ნადარეიშვილი არიან.

"მთავარი პროკურორი 6 წლის ვადით აირჩევა, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ 2012 წლიდან დღემდე "ოცნებამ" 4 მთავარი პროკურორი აირჩია და არც ერთ მათგანს უფლებამოსილების ვადის ნახევარიც კი არ დაუსრულებია. მათ შორის ოთარ ფარცხალაძე და ირაკლი შოთაძე სკანდალის შემდეგ გადადგნენ. 21-კაციან სიაში რამდენიმე ცნობილი სახეა, თუმცა ოპოზიცია და უფლებადამცველები დარწმუნებული არიან, რომ მთავარი ბრძოლა შალვა თადუმაძესა და ირაკლი ნადარეიშვილს შორის გაიმართება. ცნობილი სახეებიდან სიაში ასევე არის "ევროპული საქართველოს" მიერ წარდგენილი კანდიდატი შალვა შავგულიძეც, თუმცა მისი შანსები ძალიან მცირეა, რადგან ის "ოცნების" ოპოზიციაშია. მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს არასამთავრობოებმა. მათი შეფასებით, შერჩევის პროცესი არაერთ კითხვას არჩევს და 21-კაციან სიაში ნეიტრალური კანდიდატები არ არიან. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ორი დღის წინ მთავრობას საგანგებოდაც მიმართეს და რამდენიმე თვით მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის შეჩერება მოითხოვეს, თუმცა მმართველმა პარტიამ მესამე სექტორის მოთხოვნას კატეგორიული უარით უპასუხა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ძალიან დაბალია შანსი, საბოლოოდ ისეთი კანდიდატი იყოს არჩეული, ვისაც ექნება მაღალი ლეგიტიმაცია, ვინც იქნება დამოუკიდებელი. მთელი პრობლემა ისაა, რომ, დღეს არსებული წესით, კანდიდატმა უნდა გაიაროს მთავრობა და პარლამენტი, ვინც პოლიტიკური ინტერესის მატარებელი იყოს ამ პროცესში, რომ მთავარ პროკურორად ჰყავდეს ადამიანი, ვისზეც მას მეტი ნდობა ექნება და არა ის, ვინც შეიძლება, დამოუკიდებელი იყოს", - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე. პირდაპირი და კატეგორიული იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ღიად განაცხადა: "თუ მთავარი პროკურორობის კანდიდატურის წარმდგენი ისევ თეა წულუკიანი იქნება, მაშინ ამ პროცესს საზოგადოების თვალში ვერანაირი ნდობა ვერ ექნება". პროცესს უნდობლობას უცხადებს ოპოზიციაც. ისინი აცხადებენ, რომ ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული იყო, "ოცნება" თავის ფავორიტს გაიყვანს და არა - საზოგადოებისთვის მისაღებ ფიგურას. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ შეუძლებელია, პროკურატურის დამოუკიდებლობაზე იყოს საუბარი მაშინ, როდესაც მთავარი პროკურორის კანდიდატად განიხილება ივანიშვილის პირადი ადვოკატი შალვა თადუმაძე", - განაგრძობს გამოცემა.

"ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი ეს საუბარი სახალხო პროტესტის ფონზე, თითქოს დაინიშნებოდა დამოუკიდებელი გენერალური პროკურორი, იყო ტყუილი და ფარსი. ივანიშვილი არაფრისდიდებით არ დათმობს ამ პოსტს, რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდება შს მინისტრთან ერთად, რომელიც იქნება სრულიად მორჩილი და შეასრულებს კონკრეტულად მის დაკვეთებს, ნაცვლად იმისა, რომ ემსახუროს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. "ევროპული საქართველო" კი ითხოვს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს ჩამოშორდეს თეა წულუკიანი და ის იუსტიციის მინისტრობიდან გადააყენონ. "ყველა მის მიერ წარდგენილი წინა პროკურორი თანამდებობაზე მუშაობას ამთავრებდა პოლიტიკური სკანდალებით და, რა თქმა უნდა, არც ამ პროცესში გვაქვს მოლოდინი, რომ მის მიერ შერჩეული კანდიდატი, მით უმეტეს, როდესაც პროცესს ბოიკოტირებას უწევენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რამენაირად იქნება ობიექტური", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ირაკლი ნადარეიშვილის კანდიდატურას ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ლობირებს", - დასძენს გამოცემა.

"როდესაც დღეს ვსაუბრობთ რეჟიმის გასამართლებაზე და როდესაც ვსაუბრობთ, რომ ეს იყო დანაშაულებრივი სისტემა, მხოლოდ ირაკლი ნადარეიშვილი აღმოჩნდა ის პროკურორი, რომელმაც შეძლო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წაყენება და ამ ბრალის დაცვა სასამართლოში", - აცხადებს კაკაბაძე. "ქართული ოცნების" წევრები კი სიმპათიას თადუმაძის მიმართ გამოხატავენ, თუმცა ღიად არ აფიქსირებენ, თუ ვის დაუჭერენ მხარს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის თქმით, "ქართული ოცნების" ფავორიტი კანონის უზენაესობა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპია და მხარს დაუჭერს "პროფესიონალსა და საზოგადოების ნდობით აღჭურვილ პირს". ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ თადუმაძეს დიდი ხანია, იცნობს და ის კარგი ადამიანი და კარგი იურისტია. "როდესაც წინა ხელისუფლებაში პატიმრობაში ვყავდი, თადუმაძეს ხშირად ვხვდებოდი. პიროვნულად ძალიან დადებითად დავახასიათებ, მაღალი კლასის ადვოკატი იყო, კარგი იურისტია. შალვა თადუმაძეს ჩამოყალიბებული ფასეულობათა სისტემა აქვს", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა და დასძენს, რომ თადუმაძე "ძალიან კარგი ადამიანია", - წერს სტატიის ავტორი.

დიდი საკადრო წმენდა მმართველ გუნდში: რომელი გუბერნატორი დატოვებს თანამდებობას

"დიდი საკადრო ცვლილებები მმართველ გუნდში - გიორგი კვირიკაშვილის კადრები სახელისუფლო შტოებს ტოვებენ. გუშინ თანამდებობა დატოვა აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ. პოლიტოლოგების შეფასებით, ეს ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის კადრების დათხოვნის მასშტაბური პროცესის ნაწილია, რომელსაც უახლოეს დღეებში კვირიკაშვილის პრემიერობისას დანიშნული გუბერნატორების გადაყენება მოჰყვება და ასევე განსაკუთრებული წმენდა პარტიის შიგნითაც დაიწყება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ კვირიკაშვილის კადრების მიმართ ნაკლები ნდობა იყოს, რასაც საჯარო სამსახურებში ხელმძღვანელი პირებისა და პარტიის რეგიონული მმართველების ცვლილებებიც მოჰყვება", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით დიდი საკადრო წმენდა მმართველ გუნდში: რომელი გუბერნატორი დატოვებს თანამდებობას.

"ანალიტიკოსების აზრით, პატარიძის შემდეგ, სავარაუდოდ, სამეგრელოს გუბერნატორსაც გადააყენებენ, რადგანაც მის მიმართ ბოლო დროს ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა. ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ საკადრო ცვლილებები მოსალოდნელი და ლოგიკური იყო, რადგანაც ახალი პრემიერი, სულ მცირე, პასუხისმგებელი უნდა იყოს იმ გუნდზე, რომელიც მან უნდა მართოს. ლაგაზიძე ამბობს, რომ წინა პრემიერის დატოვებულ კადრებზე პასუხისმგებლობის აღება რთულია. შესაბამისად, ბახტაძე ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ცვლილებებს განახორციელებს. ლაგაზიძე აჭარის მთავრობის გადაყენების შემდეგ გუბერნატორების სახლში წასვლას პროგნოზირებს. მისივე აზრით, პარტიის შიგნითაც განსაკუთრებული წმენდა მოხდება და კვირიკაშვილის გუნდს ბახტაძის გუნდი ჩაანაცვლებს - "გვახსოვს, კვირიკაშვილმა წასვლამდე რეგიონული პარტიის ხელმძღვანელები ყველა რომ შეცვალა, შესაბამისად, ამ ადამიანების ჩანაცვლებაც მოხდება - ველი, რომ პარტიაშიც დიდი ცვლილებები იქნება" - აცხადებს ლაგაზიძე და თვლის, რომ "კვირიკაშვილის გუნდს ყველა საპასუხისმგებლო პოზიციიდან ჩამოაქვეითებენ" .ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ როცა ხელისუფლებაში ახალი პრემიერი მოდის, მან იმ ადამიანებთან უნდა იმუშაოს, რომლებთანაც თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, მით უმეტეს, ბახტაძეს არ სჭირდება პატარიძის მსგავსი არაფრის მთქმელი მოხელე", - განაგრძობს გამოცემა.

"არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეებში გუბერნატორების წასვლაც ვიხილოთ. მთავარია ისე არ გავერთოთ, რომ საჯარო სექტორის დაბალ რგოლებსაც შევეხოთ. დაუშვებელია, რომ ყველა ხელმძღვანელის შეცვლის შემდეგ, მათი შეცვლაც მოხდეს. მთავარია ახალი მმართველებიც საკუთარი მეგობრებისა და ძმაბიჭების მოყვანით არ დაკავდნენ. პირველი პირების შეცვლა ჩვეულებრივი ამბავია, მით უმეტეს, რომ წინასაპრეზიდენტო არჩევნებისთვის "ქართულ ოცნებას" სანდო და ერთგული ხელმძღვანელები სჭირდება უბრალოდ. კვირიკაშვილის მთავარი პრობლემა მაინც ის მგონია, რომ მან ბოლომდე გუნდის ფორმირება ვერ შეძლო. არ მგონია მას დიდი გუნდის შეკვრა მოეხერხებინა. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, პარტიაშიც დიდი რყევებს არ ველი", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

გია ყანჩელის იდეა - საქართველოს ჰიმნი უნდა შეიცვალოს

ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი თავის სპეციალურ მიმართვაში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შეცვლის იდეით გამოდის. მისი შეფასებით, ახლანდელი ჰიმნი - "თავისუფლება" - შესასრულებლად რთულია და მუსიკალური აკომპანიმენტის გარეშე მისი შესრულება არაეფექტურია. მას კონკრეტული მოსაზრებაც აქვს თუ რომელიც ცნობილი მელოდიის მოტივზე უნდა შეიქმნას საქართველოს ახალი ჰიმნი. ყანჩელის თქმით, "გაერთიანებულ ქვეყანას დაამშვენებდა სიცოცხლით სავსე, ხალისიანი და ამავე დროს ადვილად სასიმღერო სახელმწიფო ჰიმნი". მისივე აზრით, კომპოზიტორ ანდრია ყარაშვილის მიერ შექმნილი სიმღერა "სამშობლოს" პირველი ნაწილი "წარმოადგენს სრულყოფილ, ადვილად სამღერ (თანხლების გარეშე) სიმარტივითა და ამავე დროს დიდებით აღსავსე ბრწყინვალე ჰიმნს", ხოლო ახალი ჰიმნისთვის სიტყვების დაწერა, ყანჩელის აზრით, დავით მაღრაძემ უნდა ითავოს. ყანჩალისვე განცხადებით, ნიკოლოზ რაჭველი და სიმონ ჯანგულაშვილი არიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ ამის საკადრისად ასრულებას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით გია ყანჩელის იდეა: საქართველოს ჰიმნი უნდა შეიცვალოს და ახალი ჰიმნი "სამშობლოს" საფუძველზე უნდა გაკეთდეს.

"კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ჰიმნის შესაცვლელად საკონსტიტუციო ცვლილება არ იქნება საჭირო. ამისთვის საკმარისია პარლამენტმა "საქართველოს ჰიმნის შესახებ კანონში" შეიტანოს ცვლილება. "კონსტიტუციაში კონკრეტულად არ არის დაფიქსირებული, თუ რა არის საქართველოს ჰიმნი. კონსტიტუცია ადგენს, რომ სახელმწიფო სიმბოლიკა განისაზღვრება ორგანული კანონის მიხედვით ანუ უნდა გადაისინჯოს "კანონის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ. ამისთვის საჭიროა პარლამენტში შევიდეს შესაბამისი საკანონდებლო ინიციატივა, პროცედურები გაგრძელდება და ის დაადგენს, საჭიროა თუა არა ცვლილება. თუ რამდენად მიზანშეწონილია ამგვარი ცვლილება - მე ვერ გეტყვით" - აცხადებს დემეტრაშვილი. მისივე თქმით, დღეს მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით არ არის დადგენილი ჰიმნის მიღების წესები. ამ წესებს ადგენდა საქართველოს პირველი საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, მაგრამ ის უკვე აღარ მოქმედებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ჯერ მოქმედებს 1995 წლის კონსტიტუციის ის რედაქცია, რომელიც 2010 წლის 15 ოქტომბრით არის დათარიღებული. არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ ამოქმედდება ახალი რედაქცია, მაგრამ იმ ახალ რედაქციაშიც არ დაკონკრეტებული, რომელია ჩვენი სახელმწიფო ჰიმნი, დროშა და ა.შ. იქაც ბლანკეტური ნორმაა, რომ ამას განსაზღვრავს ორგანული კანონი", - ამბობს კონსტიტუციონალისტი, რომელიც აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ინიციატივით მთავრობას შეუძლია პარლამენტში შეიტანოს შესაბამისი კანონპროექტი. საპარლამენტი უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ გია ყანჩელის პარლამენტში განხილვას არაფერი უშლის ხელს... გამოაცხადებს თუ არა კულტურის სამინისტრო ახალი სახელმწიფო ჰიმნის შესარჩევად კონკურსს, ჯერჯერობით უცნობია - როგორს სამინისტროში "რეზონანსს" განუცხადეს, ახლო მომავალში სახელმწიდო სიმბოლიკის შეცვლის პროცედურა შესაძლოა მნიშვნელოვნად გართულდეს", - დასძენს გამოცემა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა