სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის რეგიონები ერთობლივ ტურისტულ პროექტებზე მუშაობენ

სამეგრელო-ზემო სვანეთში ინტერმუნიციპალური და ინტერრეგიონული ტურისტული პროექტები განხორციელდება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ახალ ტურისტულ მარშრუტებზე და განსახორციელებელ პროექტებზე სამუშაო შეხვედრა მარტვილში გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მარტვილის და ხონის მუნიციპალიტეტებში ერთობლივად განსახორციელებელ ტურისტულ პროექტებზე ისაუბრეს.

“შექმნილია სამუშაო ჯგუფი რომელიც ორ კვირაში ახალ ტურისტულ მარშრუტებსა და არსებულ საჭიროებებზე პირველადი მოკვლევის შედეგების პრეზენტაციას გამართავს. სახელმწიფო რწმუნებულების აპარატებთან და მუნიციპალიტეტებთან ერთად სამუშაო ჯგუფში გეოგრაფები, სპელეოლოგები და დარგის სპეციალისტები შედიან. პრიორიტეტების შერჩევის დროს უპირატესობა ნაკლებად ცნობილ ტურისტულ ობიექტებს მიენიჭება“, - ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ჩვენ გვაქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, თუმცა ამის მცირედ ნაწილსაც კი ვერ ვიყენებთ, რისთვისაც საჭიროა, როგორც მუნიციპალური, ასევე რეგიონალური ერთობლივი პროექტების განხორციელება, რათა ტურისტებს რაც შეიძლება ბევრი საინტერესო ლოკაცია შევთავაზოთ, ეს უნდა იყოს კომპაქტური და ამავდროულად კომპლექსურად მართული პროცესი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ერთ რეგიონში მოსული ტურისტი მეორე რეგიონსაც მივაბათ და ერთობლივი ტურები შევთავაზოთ. ამისთვის საჭირო იქნება ერთობლივი ინფრასტრუქტურის მოწყობა და საერთო მარშრუტების შექმნა. მაგალითად, ტურისტები, რომლებიც პრომეთეს მღვიმეს, გორდის საზაფხულო რეზიდენციას და ოკაცეს კანიონს სტუმრობენ უნდა შემოვიდნენ მარტვილის და მიმდებარე მუნიციპალიტეტების ტურისტულ ობიექტებზე, ასევე პირიქით. უნდა არსებობდეს ბმა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ტურისტები რაც შეიძლება დიდი ხანი დავაყოვნოთ ჩვენს რეგიონებში, რომ აქ ბევრი ფული დახარჯონ, რაც თავისთავად დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა.

ლევან შონიას განცხადებით, ტობავარჩხილის ტურისტულ ლოკაციამდე მისასვლელად ტურისტებს უნდა შეეძლოთ როგორც - ჩხოროწყუდან, ასევე წალენჯიხიდან, მარტვილიდან და ხაიშიდან ჩასვლა, რისთვისაც მოხდება ერთობლივი ინტერმუნიციპალური პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს, როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე ერთიანი ტურისტული რუკების შექმნას, მარშრუტების განსაზღვრას, მარკირებას, გიდების და მაშველების გადამზადებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სენაკის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხონის მერები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და დაცული ტერიტორიების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, მუნიციპალიტეტები ახალი ტურისტული მარშრუტების შესწავლასა და დაგეგმარებაზე მუშაობენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა