სტუდენტები ახალი სისტემით 2019 წლის სექტემბრიდან დაფინანსდებიან

სტუდენტები ახალი სისტემით 2019 წლის სექტემბრიდან დაფინანსდებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე თევზაძემ განუცხადა.

როგორც თევზაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, სტუდენტების დაფინანსების პრინციპები 2019 წლის პირველი იანვრიდან შეიცვლება, მუშაობა უკვე დაწყებულია.

„2019 წლიდან დაგეგმილია უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა. ამ მიმართულებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნაყოფიერად მუშაობს მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან ერთად. პირველადი ანგარიში საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებულ მოდელზე და სისტემაში არსებულ გამოწვევებზე მსოფლიო ბანკმა წარმოადგინა მაისის ბოლოს. საბოლოო ანგარიშის მომზადება დაგეგმილია სექტემბრისათვის. დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა დაიწყება 2019 წლის იანვრიდან. ცნობილი იქნება დაფინანსების პრინციპები, რაც აბიტურიენტებს დაეხმარება კონკრეტული უნივერსიტეტების, სპეციალობებისა თუ საგანმანათლებლო პროგრამების არჩევაში. იანვარში დაწყებული ცვლილებების შედეგად, სექტემბერში ახლად ჩარიცხული სტუდენტების საუნივერსიტეტო სწავლების დაფინანსება ახალი მოდელის ფარგლებში იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა თევზაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, რაც სტუდენტების დაფინანსების კუთხით იგეგმება, თევზაძემ განაცხადა: „ცვლილებები შეეხება სახელმწიფო უნივერსტეტების დაფინანსების პრინციპებს. გაჩნდება ე.წ. საბაზო დაფინანსების მუხლი, რაც ნიშნავს, რომ უნივერსიტეტების შემოსავალი არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ სტუდენტების მიერ შეტანილ სწავლის გადასახადზე. უნივერსიტეტები შეძლებენ საბაზო დაფინანსებით მიღებული თანხების გამოყენებას როგორც წარჩინებული სტუდენტების დასაფინანსებლად, ასევე სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის, სამეცნიერო კვლევების დასაფინანსებლად და სტრატეგიული განვითარებისათვის.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო დაფინანსების მოდელის წარმატების ერთ-ერთი საყრდენი კომპონენტი იქნება თანხის განაწილების მოდელის გამჭვირვალობა. ფინანსების განაწილება მოხდება თვლად კრიტერიუმებზე დაყრდნობით. დღეისათვის მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რომელი კრიტერიუმები შეიძლება ჩაითვალოს, ერთის მხრივ, ტექნიკურად სანდო მახასიათებლად, მეორეს მხრივ კი, უნივერსიტეტების წარმატების საზომ ერთეულად. საბოლოო მოდელზე შეჯერება მოხდება უნივერსიტეტებთან ერთად გამართული საჯარო განხილვების შემდეგ, მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით“, - აღნიშნა თევზაძემ და დასძინა, რომ 2019 წლის იანვარი სავსებით რეალური ვადაა რომ ცვლილება ძალაში შევიდეს.

„სამინისტრო თანმიმდევრულად განახორციელებს ყველა საჭირო სამართლებრივ თუ ტექნიკურ ცვლილებას პროცესის შეუფერხებლად წარსამართავად“, - აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე: რა მიდგომა აქვს სახელმწიფოს სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით და რამდენ სტუდენტს აქვს სტატუსი შეჩერებული? - თევზაძემ განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, ბაკალავრიატში სტატუსი შეჩერებული აქვს 35 ათასამდე ახალგაზრდას, ხოლო წინა სემესტრთან შედარებით ეს რიცხვი 2400-ით გაიზარდა.

„სტუდენტები სტატუსის შეჩერების მექანიზმს იყებენენ სხვადასხვა მიზნებისთვის, როდესაც სჭირდებათ უნივერსიტეტის აკადემიური პროცესიდან გარკვეული დროით მოწყვეტა. სტუდენტის მიერ სტატუსის შეჩერების მიზეზის დეკლარაცია ნებაყოფლობითია და განიხილება როგორც სტუდენტის არჩევნის თავისუფლების კომპონენტი. სტუდენტის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია 5 წლის განმავლობაში. ასევე შეუზღუდავია სწავლაში სტატუსის შეჩერებებით გამოწვეული ინტერვალების რაოდენობა. არსებული ლიბერალური მიდგომის შედეგია, რომ სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა დაგროვებითი რიცხვია, რომელიც ყოველ წელს გარკვეული სიდიდით იზრდება. მაგალითისთვის, ბოლო მონაცემებით, ბაკალავრიატში სტატუსი შეჩერებული აქვს 35 ათასამდე ახალგაზრდას, ხოლო წინა სემესტრთან შედარებით ეს რიცხვი 2400-ით გაიზარდა.

სტუდენტთა ამ საერთო რიცხვში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი და შეიჩერეს სტუდენტის სტატუსი, რადგანაც ვერ დაფარეს სწავლის მიმდინარე გადასახადი. ჩვენი ამოცანაა ვუზრუნველყოთ სწავლის დაფინანსება, როდესაც სტუდენტს აინტერესებს სპეციალობა რომელზედაც სწავლობს, აქვს კარგი აკადემიური მოსწრება და სწავლის გაგრძელების სურვილი. ამ მიმართულებით გასატარებელი ღონისძიებები შეიძლება გავყოთ სამ ძირითად მიმართულებად - უნივერსტეტების ხარისხის უზრუნველყოფა, დაფინანსების მოცულობის გაზრდა და დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება.

მიმდინარე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. გაზიარებულია ევროპული გამოცდილება: შემოღებულია ახალი სტანდარტები, რომლებიც უნივერსიტეტების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის პროცესში ითავლისწინებენ უცხოელი ექსპერტების ჩართულობასაც. ამან უნდა მიგვიყვანოს უკეთესი ხარისხის საუნივერსიტეტო პროგრამებთან, რომელთა ხარისხი დააკმაყოფილებს ახალგაზრდებს და არ გახდება სტატუსის შეჩერებისა და ალტერნატიული საგანმანათლებლო პროგრამის ძიების მიზეზი. იზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ოდენობაც - უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საერთო დაფინანსების მოცულობა გაორმაგდა. ამ მხრივ, საუნივერსტეტო განათლების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მნიშვნელოვანია უნივერსტეტების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება, რომ თავად უნივერსტეტებმა შეძლონ ინდივიდუალური წარჩინებული სტუდენტების დაფინანსება, რათა ფინანსური დავალიანება არ გახდეს სწავლის შეჩერების მიზეზი“, - აღნიშნა ალექსანდრე თევზაძემ.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა