საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი გაეროს კომისიის სხდომაზე ოფიციალურად მიიწვიეს

ნიუ-იორკში, გაეროს საერთაშორისო ვაჭრობის კომისიის (UNCITRAL) სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) წარმომადგენლები ოფიციალურად იყვნენ მიწვეული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიება ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო ოფისში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა, დამკვირვებელმა წევრებმა და ასევე მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ UNCITRAL-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მოლაპარაკების მთავარი თემა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისთვის UNCITRAL-ში დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება და ასევე მოსამართლეებისთვის ერთობლივი ტრეინინგების ჩატარება იყო.

„ამ ეტაპზე საკითხი გადაწყვეტის პროცესშია და სულ მალე შესაძლოა ჩვენს ცენტრს გაეროს შესაბამის კომისიაში დამკვირვებელი წევრის სტატუსი მიენიჭოს. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და ეტაპზე დგინდება, რამდენად აკმაყოფილებს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არსებულ მოთხოვნებს. იმედი გვაქვს, რომ დამკვირვებელი წევრის სტატუსს სულ მალე მივიღებთ. ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსთვის, რომელიც რეგიონში არბიტრაჟის მიმართულებით ერთგვარ ჰაბად ყალიბდება“, - აღნიშნა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ.

გამართული სხდომა ,,უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების შესახებ“ ნიუ-იორკის 1958 წლის კონვენციის 60 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა ნიუ-იორკის კონვენციისადმი მიძღვნილი ვიდეო-რგოლი, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის მინიტრმა თეა წულუკიანმა.

ღონისძიება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის იურიდიული საკითხების ხელმძღვანელმა გახსნა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: UNCITAL-ის გენერალური მდივანი და გაერთიანებული ერების საერთაშორისო ვაჭრობის სამართლის განყოფილების უფროსი, კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭოს (ICCA) პრეზიდენტი, სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, ასევე, არბიტრაჟის სხვადასხვა ცნობილი ექსპერტები. ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: UNCITRAL-ის მანდატი არბიტრაჟის განვითარების სხვადასხვა პროექტებში, ნიუ-იორკის კონვენციის ეფექტური გამოყენება, UNCITRAL-ის კონვენციები დავების გადაწყვეტის სფეროში: მედიაცია და გამჭირვალობა. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ანგარიშს მედიაციის შესახებ და საინვესტიციო არბიტრაჟში სამომავლო რეფორმები საკითხებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა