ფოთის მოსახლეობა წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს

ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ფოთში თანამედროვე სტანდარტების წყალარინების ქსელის მოწყობის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 133 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროექტების მიმდინარეობის ტემპი და სამუშაოების ხარისხი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა, ADB-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ჰელმუტ ფიშერთან ერთად შეამოწმა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღემდე, ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია გამწმენდი ნაგებობაც. მიმდინარე პროექტები ითვალისწინებს 145 კმ. ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას. გარდა ამისა, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა.

პროექტების დასრულების შედეგად, ქალაქს ექნება წყალარინების სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც ფოთში მცხოვრებ 50-ათასზე მეტ ადამიანსა და იქ ჩასულ ტურისტებს მოემსახურება.

აზიის განვითარების ბანკის მისიამ ქალაქის წყალმომარაგების არსებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა, რომლის მშენებლობა ბანკის მხარდაჭერით 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდა. დღეს ფოთის მოსახლეობა 20-24 საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი.

წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტები მიმდინარეობს: ფოთში, ურეკში, ანაკლიაში, ზუგდიდში, თელავსა და წყალტუბოში. პროექტების დასრულების შემდეგ შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, გაუმჯობესდება სანიტარული ნორმები და 160 000 ადამიანს გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. ქობულეთში გამწმენდი ნაგებობა უკვე ფუნქციონირებს, შედეგად, 25 000 ადამიანს გაუუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები. დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოები საქართველოს 20 ქალაქში, მათ შორის: ქუთაისში, მესტიასა და ჭიათურაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს