გიორგი გახარია საფრანგეთის შს მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება, განსაკუთრებით კი იმ გამოწვევებზე რეაგირება, რაც ევროკავშირის და შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოდან არალეგალურ მიგრაციასა და ქართველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჟერარ კოლომბს შეხვდა.

როგორც სამინისტროს პრესსამსახურში განმარტავენ, საქართველოს და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმებას, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობაში.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან საპოლიციო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტს.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და შესაბამისი რეფორმების განხორციელებას.

“გიორგი გახარიამ და ჟერარ კოლომბმა ხაზგასმით აღნიშნეს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩატარებული კრიმინალური დაჯგუფების წევრების ერთობლივი დაკავების ღონისძიებების ფარგლებში ქართველი და ფრანგი სამართალდამცველების წარმატებული თანამშრომლობა და 2018 წელს საფრანგეთის რესპუბლიკაში ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია.

მხარეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული გამოწვევებიც განიხილეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო და ამ კუთხით თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა.

გიორგი გახარიამ და ჟერარ კოლომბმა საუბრისას განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისიის საკითხებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა, რაც ქართული მხარის მიერ საფრანგეთიდან რეადმისიის შესახებ მოთხოვნების თითქმის 100%-ის შესრულებაში გამოიხატება“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა