„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - პროკურატურამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას იმ შემთხვევების გამოსაძიებლად, როდესაც ეჭვქვეშ დგება მოსამართლეთა დამოუკიდებლობა

ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების განცხადებები სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის რისკების შესახებ რეაგირების გარეშე რჩება, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკებს ეხება. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საგამოძიებო ორგანოებს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა ჰქონდეთ ეფექტიანი რეაგირება სასამართლოში კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე, ხოლო სასამართლო სისტემასთან და მის მოხელეებთან დაკავშირებული ყველა მიმდინარე გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს.

„როგორც წესი, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების (მათ შორის, ავტორიტეტული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს ასოციაციების, მედიასაშუალებების) განცხადებები სასამართლო სისტემაში არსებული კორუფციის რისკების შესახებ რეაგირების გარეშე რჩება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული სამართლებრივი და ინსტიტუციური ხარვეზები, რომლებიც ხელს უწყობს ასეთ უმოქმედობას, მთავარ პრობლემად იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის მხრიდან კორუფციის სავარაუდო შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების ნების არარსებობა რჩება. პროკურატურამ დროული და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ყველა იმ შემთხვევის გამოსაძიებლად, რომელშიც ეჭვქვეშ დგება მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კორუფციის რისკების შესამცირებლად სასამართლოების თავმჯდომარეებს უნდა ჩამოერთვას ის უფლებამოსილებები, რომლებიც მათ საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაზე მანიპულირების შესაძლებლობას აძლევთ.

„მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარეებს უნდა ჩამოერთვათ უფლებამოსილება, ერთპიროვნულად განსაზღვრონ ვიწრო სპეციალიზაციის შემადგენლობა სასამართლო კოლეგიებში, რაც საქმეთა განაწილების მოქმედი წესის მიზნების საპირისპიროდ, საქმეთა განაწილებაში არასათანადო ჩარევის სერიოზულ რისკებს შეიცავს“, - აღნიშნულია დასკვნაში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ სასამართლოებში უნდა მოგვარდეს საქმეთა გადატვირთულობის პრობლემა და უნდა გაუმჯობესდეს მოსამართლეების სოციალური გარანტიები.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეისწავლოს საქმისწარმოების არსებული პრაქტიკა, საქმეთა გაჭიანურების ძირითადი მიზეზები, სასამართლოს თანამშრომელთა რაოდენობა და შეიმუშაოს საქმეთა გადატვირთულობის შესამცირებელი ყოვლისმომცველი სტრატეგია. ამავე დროს, უნდა გაიზარდოს მოსამართლეებისთვის დაწესებული პენსია, ხოლო მოსამართლის მიერ მიღებული ნებისმიერი სახელფასო დანამატი უნდა იყოს დასაბუთებული წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. სხვა შემთხვევაში, უმჯობესია სახელფასო დანამატები გაუქმდეს და ამ გზით შემცირდეს კორუფციის რისკები სისტემაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო