კახა კალაძე - მხოლოდ ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარება ეკოლოგიურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს, ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომები

მხოლოდ ელიავას ბაზრობის ტერიტორიის განვითარება ქალაქში ეკოლოგიურ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომები, - ამის შესახებ თბილისის მერმა ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძემ ქალაქში არსებულ ძველ ავტომობილებზეც გაამახვილა ყურადღება.

"ელიავას ტერიტორია ეკოლოგიურ მდგომარეობას ქალაქში ვერ გააუმჯობესებს. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომები.სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს და ერთობლიობაში ის ქმნის პრობლემას, რაც გვაქვს ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ეს არის გაუბედურებული, ძველი ავტომობილები, რომელიც მოძრაობს, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ეს არის მშენებლობები და ყველაფერი ეს ერთობლიობაში წარმოქმნის იმ პრობლემას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ამასთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვას. ჩვენ ვიწყებთ, სატრანსპორტო პოლიტიკით, რას ვაპირებთ, რა უნდა გავაკეთოთ და ეტაპები იქნება გაწერილი ყველა მიმართულებით. საზოგადოებრივი ტრანაპორტის განახლება იგეგმება", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, იგეგმება ავტობუსების მთლიანად ჩანაცვლება, რადგან მხოლოდ 100 ავტობუსი არსებულ მდგომარეობას ვერ შეცვლის.

"100 ავტობუსი ვერ შეცვლის არსებულ მდგომარეობას, კარგია, რა თქმა უნდა, თუმცა, ჩვენ გვინდა სრულად ჩავანაცვლოთ პარკი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა კალაძემ.