ირაკლი სესიაშვილი - არ დავუშვებთ, რომ გიგა ოთხოზორიას საკითხი გალის ფორმატში არ იქნას განხილული

არ დავუშვებთ, რომ გიგა ოთხოზორიას საკითხი არ იქნას განხილული გალის ფორმატში - ეს ჩვენი პრინციპული პოზიცია იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

“ჩვენი პრინციპული პოზიციაა და მინდა ხაზი გავუსვა, არ დავუშვებთ აფხაზებმა ან რუსებმა წამოაყენონ ულტიმატუმი იმ მეტად მნიშვნელოვან, მტკივნეულ საკითხებზე, რომელიც ეხება ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არ დავუშვებთ, გალის ფორმატში არ იქნას განხილული ოთხოზორიას საკითხი“, - განუცხადა ჟურნალისტებს სესიაშვილმა.

სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკომიტეტო მოსმენაც გაიმართოს.

“არ გამოვრიცხავ, რომ ამ საკითხზე საკომიტეტო მოსმენაც კი ჩავატარო, იმიტომ, რომ ჩვენ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ დანაშაულზე პასუხი უნდა მოვითხოვოთ, არამედ, ჩვენი პრინციპულობით უნდა მოვახდინოთ პრევენცია იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაცულად იყვნენ და ოკუპანტებმა, აფხაზებმაც და ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებამაც კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ ასეთ არაადამიანურ და არაკანონიერ ქმედებებს არ დავუშვებთ“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა ჩაიშალა. ოკუპირებული აფხაზეთის და რუსული მხარის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს შეხვედრის დაწყებისას დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, განაცხადეს, რომ შეხვედრას დატოვებდნენ. საპასუხოდ მათ ქართული მხარის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ ეს საკითხი ქართული მხარისთვის პრინციპული და მნიშვნელოვანია, რის შემდეგაც დე ფაქტო აფხაზეთის და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა დატოვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო