იუტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშზე - კვლევაში დაუსაბუთებელი ბრალდებებია გამოთქმული

ანგარიშში გამოთქმულია დაუსაბუთებელი ბრალდებები, თითქოს სასამართლოს თავმჯდომარეებს შეუძლიათ ზეგავლენა იქონიონ საქმეთა განაწილებაზე და სასურველი საქმე, სასურველ მოსამართლეს შეახვედრონ, რაც შეუძლებელია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი, მათ შორის მოსამართლე წევრები, სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკების თაობაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევას პასუხობენ. საბჭოს წევრების აზრით, სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დანერგვით, უამრავი კითხვა მოიხსნა.

„კვლევაში ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე მითითებულია, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები ინარჩუნებენ გადაჭარბებულ უფლებამოსილებებს, მაშინ როდესაც მოქმედი კანონმდებლობით რაიონულ და სააპელაციო დონეზე სასამართლოს თავმჯდომარს უფლებები მინიმალურია. საქმეთა ელექტრონული განაწილების წესთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო რეფორმის უმნიშვნელოვანეს მიღწევას წარმოადგენს, გამოთქმულია დაუსაბუთებელი ბრალდებები, თითქოს სასამართლოს თავმჯდომარეებს შეუძლიათ ზეგავლენა იქონიონ საქმეთა განაწილებაზე და სასურველი საქმე სასურველ მოსამართლეს შეახვედრონ, რაც შეუძლებელია და ამის თეორიულ მაგალითსაც ვერ დაასახელებენ. საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის დანერგვით მოიხსნა უამრავი კითხვა, რომელიც შეეხებოდა სასამართლოს თავმჯდომარეთა მიერ განაწილების პროცესში მონაწილეობით გამოწვეულ რისკებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, საბჭოს წევრები აღნიშნავენ, რომ საქმეთა განაწილების წესს, ორგანული კანონი არეგულირებს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ითვალისწინებს მხოლოდ საქმეთა ავტომატურად განაწილების ელექტრონული სისტემის დროებითი შეფერხებისას საქმეთა განაწილების შესაძლებლობას სისტემის გარეშე, თუმცა აქაც ყოველგვარი ეჭვების გამორიცხვის მიზნით ადგენს განაწილების წესს, კერძოდ, საქმეთა განაწილებას რიგითობის წესით, საქმეთა შემოსვლის რიგითობისა და მოსამართლეთა ანბანური რიგითობის მიხედვით. ყოველგვარი ეჭვის გასაქარწყლებლად, განაწილების წესი დეტალურად და ამომწურავად არეგულირებს განაწილებაში ჩარევის შემთხვევებს, ასევე სისტემის შეფერხების შემთხვევაში აწესებს შეტყობინების ვალდებულებას და შემდგომ სისტემის გარეშე განაწილებული საქმეების კონტროლის შესაძლებლობას, რაც საერთოდ გამორიცხავს გარეშე პირთა თვითნებური ჩარევის შესაძლებლობას. ობიექტურად შეუძლებელია საქმეთა განაწილების პროცესში სასამართლოს თავმჯდომარეთა ჩარევა ვიწრო სპეციალიზაციაში მოსამართლეთა შემადგენლობის განსაზღვრის გზით, ამასთან საგულისხმოა, რომ ვიწრო სპეციალიზაცია მხოლოდ 2 სასამართლოში მოქმედებს. განაწილებაზე ზემოქმედების მაგალითად მოყვანილია რამდენიმე მსგავსი შინაარსის სარჩელის ერთდროულად დარეგისტრირება და მათი განაწილების შემდეგ არასასურველ მოსამართლეებთან განაწილებული სარჩელების უკან გამოხმობა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან საქმეთა განაწილების წესში ასეთი შემთხვევების პრევენცია პირდაპირ არის გავალისწინებული“, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო