გიორგი მიქაუტაძე - სასამართლოში კორუფციის რისკების დასასაბუთებლად, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში არ არის წარმოდგენილი არც ერთი ფაქტი

მართლმსაჯულების ხარისხის მაჩვენებლების გაუმჯობესების ფონზე, შეუსაბამოდ გამოიყურება და გარკვეულ ეჭვებს აჩენს კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც საზოგადოების ნდობა სასამართლოსადმი შემცირებულია და საზოგადოების აზრით სასამართლოში კორუფციის რისკები არსებობს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის რისკებს ეხება.

მიქაუტაძემ ბრიფინგზე კვლევასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის, მათ შორის მოსამართლე წევრების მოსაზრებები წარმოადგინა.

„მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში ერთობ დრამატული სურათია წარმოდგენილი სასამართლოში კორუფციის კუთხით არსებული ვითარების შესახებ, თავად ავტორებიც, ჩამოთვლილი ანგარიშებიც და კვლევაში მონაწილე „ანონიმური“ პირებიც კი აღიარებენ იმ ობიექტურ რეალობას, რომ ბოლო წლებში მართლმსაჯულების ხარისხის მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რომ 2012 წლის შემდეგ ერთმნიშვნელოვნად გაზრდილია გამამართლებელი განაჩენებისა და სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების რიცხვი, რომ განახევრებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემთხვევები, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის დონე რეალურად გაზრდილია. დასახელებული ფაქტორები, აგრეთვე სასამართლოსადმი მომართვიანობის მუდმივი ზრდა, საზოგადოების ნდობის მთავარ ინდიკატორს წარმოადგენს, აღნიშნულის ფონზე შეუსაბამოდ გამოიყურება და გარკვეულ ეჭვებს აჩენს კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც საზოგადოების ნდობა სასამართლოსადმი შემცირებულია და საზოგადოების აზრით სასამართლოში კორუფციის რისკები არსებობს.

აშკარა და თვალშისაცემია ავტორთა მიკერძოებულობა. სასამართლოში კორუფციის რისკების დასასაბუთებლად არ არის წარმოდგენილი არც ერთი დადასტურებული ფაქტი და მტკიცებულება. კვლევა შეიცავს მითითებას ერთეულ შემთხვევებზე, რომლებიც გადა იმისა რომ დაუდასტურებელია, არ შეიძლება იქნეს განზოგადებული. ფაქტებისა და მტკიცებულებების არარსებობა განაპირობებს კვლევის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ისეთ შეფასებებს, რომლებიც არ შეესაბამება სინამდვილეს და მხოლოდ მათ მოსაზრებად შეიძლება იქნეს მიჩნეული. მხედველობაში გვაქვს მოსაზრებები მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფებზე, მოსამართლეების მიმართ სასამართლოს თავმჯდომარეთა ზეგავლენაზე, სასურველი კონტაქტებით საქმეების გადაწყვეტის შესაძლებლობაზე და ა.შ. ამასთან, შეფასებები გაკეთებულია 7 ადამიანთან ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე, რომელთა ვინაობა (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის) კონფიდენციალურია და აჩენს ეჭვებს მათ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. წარმოუდგენელია 7 ადამიანის გამოკითხვით ობიექტური ინფორმაციის მიღება სასამართლო სისტემაზე, სადაც საანგარიშო პერიოდში ასობით ათასი საქმეა განხილული. გაურკვეველია, რა კრიტერიუმით შეირჩა კვლევაში მონაწილეობის მისაღებად თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, რომლის სუბიექტური შეფასებები და მოსაზრებები თითქმის ყველა საკითხს შეეხება“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, კვლევაში მითითებული გარკვეული საკითხები შეეხება არა უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ზოგადად სასამართლო სისტემის საქმიანობას, არამედ არსებული საკანონმდებლო რეგულაციების ხარვეზებს, რომლებითაც ხელმძღვანელობს სასამართლო სისტემა.

„თუ კვლევის ავტორები მიუთითებენ საკანონმდებლო დანაწესის ხარვეზებზე, აღნიშნულის მოწესრიგება შესაძლებელია მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებით და არ შეიძლება შეფასდეს როგორც სასამართლოს საქმიანობის ხარვეზი. ანგარიშში მითითებული საკითხების უმეტესობა შეეხება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროებას, რაც განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას“, - აცხადებს მიქაუტაძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს