დავით ზალკალიანი - ნატო-ს სამიტის ფარგლებში პირველად, საქართველო უმაღლეს დონეზე დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში პირველად, საქართველო უმაღლეს დონეზე დაგეგმილ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს და უკრაინის მონაწილეობით დაგეგმილი შეხვედრის ძირითადი თემა უსაფრთხოების და თავდაცვის რეფორმების მიმართულებით თანამშრომლობა იქნება.

"ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოლოდინი გახლდათ ის, რომ საქართველო წარმოდგენილი ყოფილიყო შესაბამის ფორმატებში, უმაღლეს დონეზე. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ ჩვენს ნატო-ელ პარტნიორებთან და გადაწყდა, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ნატო-ს სამიტის ფარგლებში უმაღლეს დონეზე გამართულ შეხვედრაში, უკრაინასთან ერთად. შეხვედრის ძირითადი თემა უსაფრთხოების სფეროში და თავდაცვის რეფორმების მიმართულებით თანამშრომლობა იქნება. ეს არის პირველად საქართველო-ნატო-ს ურთიერთობების ისტორიაში, როდესაც სამიტის ფარგლებში იმართება უმაღლესი დონის შეხვედრა. ეს არის ნატო-ს სტრატეგიის გამოვლინება, რომ საქართველო ნატო-ს მხრიდან რეგიონულ კონტექსტში უსაფრთხოების კუთხით ყოფილიყო აღქმული. ეს ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია ნატო-საქართველოს ურთიერთობებში და მიანიშნებს, რომ საქართველო, უკრაინასთან ერთად, ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ წინა პოზიციებზეა. ამ ფორმატის ფარგლებში საშუალება გვექნება, ვისაუბროთ ნატო-საქართველოს შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კუთხით ყველა ძირითად მიმართულებაზე, ასევე, შავ ზღვაზე უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენ ამ ფორმატს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე",- განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრი არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უნგრეთი აღნიშნულ შეხვედრაზე მისაღებ განცხადებას ბლოკავს.

"უნგრეთი არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი, რაც მათ არაერთხელ დაუფიქსირებიათ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ნატო-ს კონტექსტში. ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს უნგრეთი ბლოკავს საქართველოსთან მისაღებ განცხადებას, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ დაგვიდასტურეს ჩვენმა უნგრელმა პარტნიორებმა", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს დელეგაციას სამიტზე პრეზიდენტი უხელმძღვანელებს. დელეგაციის შემადგენლობაში თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები და უშიშროების საბჭოს მდივანი შევლენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა