იუსტიციის საბჭოს წევრები - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში ნათქვამია, რომ საბჭო ხელს უწყობს სასამართლოების გადატვირთულობას, რაც სიცრუეა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელოვნურად უწყობს ხელს სასამართლოების გადატვირთულობას, რაც აშკარა სიცრუეა, - ამის შესახებ იუტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“კვლევას პასუხობენ. საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით, კვლევაში არაობიექტური ფაქტებია მოყვანილი და ხშირ შემთხვევაში კვლევის ავტორები ორმაგ სტანდარტებს მიმართავენ.

„კვლევაში საუბარია მოსამართლეთა არასათანადო სოციალური დაცვის გარანტიებზე და არ არის აღნიშნული, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოსამართლეებსა და სასამართლოს აპარატის მოხელეებს გაეზარდათ ხელფასები. პირიქით, ხაზგასმულია ყოველგვარ საფუძველს მოკლებული მსჯელობა, თითქოსდა მოსამართლეებზე დანამატები გაიცემა ინდივიდუალურად და აღნიშნული სისტემა საბჭოს მიერ გამოიყენება მოსამართლეებზე არასათანადო ზემოქმედებისათვის, მაშინ როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უარი თქვა დანამატების ყოველკვარტალურად გაცემაზე და დაადგინა ყოველთვიური დანამატი, რაც ფაქტობრივად ნიშნავს მოსამართლის ყოველთვიური შრომის ანაზღაურების ზრდას. არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წლების განმავლობაში აქტიურად მუშაობს მოსამართლეთა საპენსიო სისტემის გაუმჯობესებაზე, რისთვისაც ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს, თუმცა აღნიშნულის განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოს ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. კვლევაში აღნიშნულია მოსამართლეთა არადამაკმაყოფილებელ სამუშაო პირობებზე და სიტყვაც არ არის ნახსენები იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ახალი შენობა წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში. ამასთან, დაწყებულია სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კვლევაში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელოვნურად უწყობს ხელს სასამართლოების გადატვირთულობას, რაც აშკარა სიცრუეა. თავად საბჭომ საქმეთა გადატვირთულობა პირველ პრობლემად და პრიორიტეტად დაასახელა. საბჭო აქტიურად მუშაობს გადატვირთულობის პრობლემის მოსახსნელად“, - ნათქვამია განცხადებაში.

საბჭოს წევრები ასევე მიიჩნევენ, რომ იმ ბრალდებების ფონზე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად არ ხსნის კარს ახალი სამოსამართლო კადრებისათვის, არაფერია ნათქვამი იმ ღონისძიებებზე, რომლებიც კადრების შერჩევის სისტემის დასახვეწად გატარდა.

„აბსურდულია ბრალდება, რომ არასათანადო ზეგავლენის ხერხს წარმოადგენს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა, მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით მოსამართლეთა უვადოდ გამწესება მათი დამოუკიდებლობის უმთავრესი გარანტიაა. კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებზე ზემოქმედების ბერკეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელში არის დისციპლინური სამართალწარმოება, თუმცა ამავდროულად დისციპლინური დევნის დასაწყებად დადგენილი კვორუმი, საბჭოს შემადგენლობის 2/3, გაკრიტიკებულია და მიჩნეულია დაბრკოლებად დისციპლინური პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, რაც ვფიქრობთ, რომ ორმაგი სტანდარტია. აქვე ხაზგასასმელია, რომ განხორციელებული რეფორმის შესაბამისად, დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად გადაცემული აქვს დამოუკიდებელ ინსპექტორს. ამასთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის სრულყოფისათვის. ასევე დაუსაბუთებელია ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მითითება განსხვავებული აზრის დევნაზე, თითქოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ნიშნავს უვადოდ იმ პირებს, ვინც ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის“ წევრია. აღსანიშნავია, რომ გასული წლების განმავლობაში მოსამართლედ დაინიშნა მითითებული ასოციაციის ოცამდე წევრი, ამასთან 5 წევრი დაინიშნა უვადოდ, ხოლო 2 მათგანი სასამართლოს თავმჯდომარედ. უარყოფითად არის შეფასებული დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსის დახურულ რეჟიმში ჩატარება, რაც კანონმდებლობით პირდაპირ მოწესრიგებული საკითხია. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის დახურვა ეფუძნებოდა პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობას“, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის განცხადებაში და აქვე აღნიშნულია, რომ საბჭო აქტიურად თანამშრომლობს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებთან, სხვადასხვა საკითხებით გაუმჯებესბის კუთხით.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან და იუსტიციის სამინისტროსთან სასამართლო რეფორმის მთავარი მიმართულებების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიების გაზრდის, მოსამართლის დანიშვნისა და შეფასების პროცესის სრულყოფის, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გაუმჯობესების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგლამენტირებელი აქტების სრულყოფის კუთხით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა