“თავისუფალი საქართველოს“ შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტისახელმწიფობრივი გადაწყვეტილება მიიღო

პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი საქართველოს“ შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტისახელმწიფობრივი გადაწყვეტილება მიიღო.

3 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა სხვადასხვა კონფესიების სარჩელი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის შეღავათების გაუქმების შესახებ. პარტიის თავმჯდომარის მოადგილის, თენგო ომანიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივია.

ომანიძე იმ არგუმენტებს ასახელებს, რაზეც მისივე აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ემსჯელა.

“მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივია რამდენიმე მიზეზის გამო. შეღავათები, რომლებსაც მართლმადიდებლური ეკლესია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში იღებს, წარმოადგენს, არა “პრივილეგიებს“ (როგორც ეს მოსარჩელეებს ჰგონიათ), არამედ კომპენსაციას იმ ზიანისთვის, რაც სწორედ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განიცადა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ეს პრაქტიკა ფართოდ გამოიყენება განვითარებული ევროპის ქვეყნებში. მაგალითად ავსტრიაში სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური გაერთიანებები ანაზღაურებას იღებს ნაცისტური ოკუპაციის დროს მიყენებული ზარალის სანაცვლოდ. თუკი ევანგელურ-ლუთერული ეკლესია (ერთ-ერთი მოსარჩელე) დაასაბუთებს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მსგავსად მათაც განიცადეს დევნა და შევიწროვება საქართველოში გასაბჭოების დროს, არავინ წავა მათთვის კომპენსაციის გადახდის წინააღმდეგი. ისტორიული ფაქტია, რომ სწორედ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და არა რომელიმე სხვა კონფესიამ მიიღო განსაკუთრებული ზიანი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში“, - აცხადებს თენგო ომანიძე.

მისივე თქმით, ქართული კანონმდებლობა არ კრძალავს უცხო სახელმწიფოების თუ უცხოეთში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ საქართველოში რელიგიური საქმიანობის დაფინანსებას.

“ცნობილი ფაქტია, სომხური ეკლესია დაფინანსებას იღებს სომხეთის სახელმწიფოსგან; მუსლიმი თემის რელიგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობას აფინანსებს თურქეთის სახელმწიფო; პროტესტანტული ეკლესიები ფინანსურ მხარდაჭერას იღებენ სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან; ვატიკანი მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც უზრუნველყოფს კათოლიკური ეკლესიის ფინანსურ-მატერიალურ მხარდაჭერას და ა.შ. რელიგიური უმცირესობების მიერ ქვეყნის გარედან მიღებული ფინანები ბევრჯერ აჭარბებს საქართველოს საპატრიარქოს შემოსავლებს. ამდენად, თუ ვსაუბრობთ თანასწორობაზე, ამ კონტექსტში, მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, სწორედაც რომ ყველაზე უფრო არათანაბარ პირობებში იმყოფება სხვა კონფესიებთან შედარებით, ვინაიდან, მათგან განსხვავებით, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ჰყავს (და ვერც ეყოლება) პატნიორები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ეკლესიის ერთადერთი ფინანსური მხარდამჭერი მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოა, რომელიც, სხვა ქვეყნების მსგავსად, უნდა ზრუნავდეს საკუთარი ტრადიციული ეკლესიის გაძლიერებასა და გადარჩენაზე. სრულიად უადგილოა მოსარჩელეების პოზიციონირება, რომ თითქოს საქართველოში დამკვიდრებული შეხედულებები ეწინააღმდეგება დასავლური დემოკრატიის ფასეულობებს. საზოგადოებას გავაცნობთ რამდენიმე მაგალითს ევროპული პრაქტიკიდან: ესპანეთი - კათოლიკური ეკლესია ერთადერთი ეკლესიაა, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო დაფინანსებას იღებს; საბერძნეთი - სახელმწიფო იხდის მართლმადიდებელი საეკლესიო მსახურების განათლების ყველა ხარჯს; დანია - ევანგელისტური ლუთერანული ეკლესია გამოცხადებულია სახალხო ეკლესიად (folkekirke) და სახელმწიფო პირდაპირი სახის დონაციას ახორციელებს მხოლოდ ამ ეკლესიის ბიუჯეტში; ნორვეგია - კონსტიტუციით ევანგელისტურ–ლუთერანული ეკლესია სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული. მეფე მოვალეა, იყოს ამ რელიგიის აღმსარებელი, ისევე როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრთა ნახევარი მაინც. გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ კონფესიები, რომლებიც მართლმადიდებლური ეკლესიისთვის შეღავათების გაუქმებას ითხოვენ, თავად იღებენ რამდენიმე მილიონიან დაფინანსებას საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მათი საჭიროებებისთვის", - აცხადებს ომანიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა