გიორგი მიქაუტაძის შეფასებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მის მიერ მომზადებული კვლევით სურს, სასამართლო სისტემას ჩირქი მოსცხოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევას „ცრუ ინფორმაციაზე დაფუძნებულს“ უწოდებს. როგორც მიქაუტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, წლებია საბჭოს მიმართ ისმის ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ბრალდებები - თითქოს სასამართლო სისტემაში არის კორუფცია.

„ველოდებოდით, რომ კვლევის პრეზენტაცია გაიმართებოდა შეხვედრის ფორმატში, რისთვისაც მზად ვიყავით, თუმცა, სამწუხაროდ, ცალხმრივად გადაწყდა ამ კვლევის გაშუქება. ეს არ არის კრიტიკა, ეს არის ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით მცდელობა იმისა, რომ რაღაც ჩირქი მოეცხოს სასმართლო სისტემას და არასწორი ფაქტების გადმოცემით შეიქმნას იმის ილუზია, თითქოს სასამართლო სისტემაში არის კორუფცია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ თავად კვლევაშიც მითითებული არის, რომ მოცემულ შემთხვევაში კორუფცია არ გულისხმობს ქრთამის აღებას და ამის არც ერთი ფაქტი არ არსებობს სასამართლო სისტემაში.

გაკრიტიკებული არის ძირითადად საკანონმდებლო ბაზა და ამაზე არაერთხელ გვითქვამს, რომ სასამართლო სისტემა, ასე ვთქვათ, იმ უფლებებით, რაც მას გააჩნია და საუბარი არის მხოლოდ და მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივაზე, ძალიან აქტიურად მონაწილეობს სასამართლო საკანონმდებლო პროცესში და სასამართლოში მიმდინარე რეფორმებში. კვლევა შეეხება თვმჯდომარეების არასათანადო გავლენებს, თუმცა არცერთი მტკიცებულება და ფაქტი არ არის მოყვანილი ამ გავლენებთან დაკავშირებით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 7 კონფიდენციალური პირის შეფასება, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს აქვთ გავლენები მაშინ, როდესაც საკანონმდებლო დონეზე სასამართლოს თვმჯდომარეების ფუნქციები მინიმუმამდე არის შემცირებული. არის ბრალდებები, რომ თამჯდომარეები ერევიან საქმეთა განაწილების სისტემაში და არც ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი, რომ ძალიან დიდი და პროგრესული ნაბიჯი იყო გადადგმული, როდესაც სასამართლოში დაინერგა საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა და ფაქტობრივად გამორიცხულია და თეორიულადაც კი ვერავინ დამისახელებს იმის შესაძლებლობას, რომ ელექტრონული განაწილების პროგრამაში შესაძლებელია ჩაერიოს ან თავმჯდომარე ან ნებისმიერი სხვა მოსამართლე ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, კვლევაში მოყვანილია მაგალითები, რომელიც აბსოლუტური სიცრუეა და ტყუილ ფაქტებზეა აგებული.

„საუბარი არის სოციალურ გარანტიებზე და ნაწილობრივ ვეთანხმებით, რომ არასათანადო სოციალური გარანტიები არის დღევანდელი მდგომარეობით სასამართლო სისტემაში, თუმცა ამ სოციალური გარანტიების დაკავშირება სასამართლოში კორუფციასთან აბსოლუტურად გაუგებარი და შეუსაბამოა. საუბარია, რომ სამუშაო პირობები არის ცუდი სასამართლო სისტემაში, რასაც ასევე ჩვენც ვადასტურებთ, თუმცა არ არის ნახსენები, რომ ბოლო პერიოდში თითქმის არ დარჩა სასამართლო შენობა, რომელიც არ გარემონტდა, არ მოეწყო დამატებითი დარბაზები. საქალაქო სასამართლოში ნოემბერში ველოდებით ახალი ფლიგელის ექსპლუატაციაში შესვლას და ასევე საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი აგრეთვე, დამოკიდებულია საბიუჯეტო ხარჯებზე, მათ შორის სოციალური გარანტიები დამოკიდებული არის შესაძლებლობებზე და ფინანსებზე და სასამართლო განკარგავს მხოლოდ იმ ფინანსებს, რაც მას გააჩნია.

ასევე, აბსურდულია ბრალდება, რომ საბჭო ხელს უწყობს სასამართლოში გადატვირთულობას. ახალი მოწვევის საბჭოს შეკრებებისთავანვე პირველივე პრობლემა, რომელზეც საუბარი დავიწყეთ, მისი იდენტიფიცირება მოვახდინეთ და პრიორიტეტად დავსახეთ, ეს იყო სასამართლოში გადატვირთულობა. არაერთი საკანონმდებლო წინადადება წარვადგინეთ ამ კუთხით, რომელსაც ბევრ მათგანს უკვე კანონის სახე აქვს და ბევრზე კვლავ გრძელდება მუშაობა. ასევე, არის არასწორი შეფასება გაკეთებული, რომ უვადოდ განმწესებით ხდება მოსამართლეებზე კონტროლის დამყარება. ეს არის აბსოლუტურად პირიქით. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაცია იყო მოსამართლეების უვადოდ განმწესება და ალბათ, ეს არის ყველაზე უფრო დიდი გარანტია ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის ზრდისთვის. უვადოდ განმწესებული მოსამართლის საქმიანობაში ჩარევის და მასზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტი ფაქტობრივად, აღარ არსებობს“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, კვლევაში გაკრიტიკებულია დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი და აქაც ორმაგ სტანდარტს ვხვდებით.

„საუბარია აგრეთვე, განსხვავებული აზრის დევნაზე, რაც წლებია ასევე გვესმის და მოყვანილი არის მაგალითად ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობა“, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ფაქტების მიხედვით, ოცამდე მოსამართლე ბოლო წლების განმავლობაში დანიშნული არის თანამდებობებზე მოსამართლედ, მათ შორის უვადოდ და მათ შორის სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციებზე.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით შევისწავლით ამ კვლევას და მოვახდენთ რეაგირებას ისეთ ფაქტებზე, რაზეც ვთვლით, რომ რეაგირებაა საჭირო და ყოველ ჯერზე აუცილებლად ძალიან ყურადღებით მოვუსმენთ არასამთავრობო სექტორს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ძირითადი ფაქტები, რაც აქ გადმოცემულია, არის სიცრუე“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა