თამაზ ურთმელიძე - კვლევა, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის შესაძლო რისკებს ეხება, ყურადღებას იმსახურებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ უკანასკნელ პერიოდში მომზადებული კვლევა, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის შესაძლო რისკებს ეხება, ყურადღებას იმსახურებს, - ამის შესახებ ყოფილი მოსამართლის თამაზ ურთმელიძის განცხადებაშია ნათქვამი.

ურთმელიძე ამბობს, რომ სასამართლოს უაღრესად მნიშვნელოვანი როლიდან გამომდინარე, საზოგადოება მგრძნობიარედ ეკიდება ყველა პუბლიკაციასა და კვლევას. ამასთან, ყოფილი მოსამართლე ამბობს, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა იმ ოპერატიულ-სამძებრო ინსტრუმენტით, რაც აქვს პროკურატურის ორგანოებს.

„სასამართლოს უაღრესად მნიშვნელოვანი როლიდან გამომდინარე, საზოგადოება მგრძნობიარედ ეკიდება ყველა პუბლიკაციასა და კვლევას, რაც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მზადდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ უკანასკნელ პერიოდში მომზადებული კვლევა, რომელიც სასამართლო სისტემაში კორუფციის შესაძლო რისკებს ეხება, ყურადღებას იმსახურებს.

ჩვენ, როგორც საქართველოს პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეები თვალყურს ვადევნებთ სასამართლო სისტემაში განვითარებულ ნებისმიერ მოვლენას. სასამართლო სისტემა, ისე, როგორც ნებისმიერი ინსტიტუცია, რომელიც ძალაუფლებას ფლობს, არაა დაზღვეული კორუფციული რისკებისგან. მაგრამ ისმის კითხვა, რამდენად პასუხობს მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოში არსებულ გამოწვევებს.

10-15 წლის წინ ჩვენ მოწმე ვიყავით სატელევიზიო დაკავებებისა, როცა მოსამართლეებს საკუთარ კაბინეტებში აკავებდნენ სხვადასხვა ბრალდებით და ამის ტრანსლირება ხდებოდა პირდაპირ ეთერში. თუმცა, ამ ხმაურიანმა დაჭერებმა, უზენაესი და ქვემდგომი სასამართლოების მოსამართლეთა იძულებითმა გათავისუფლებებმა დაკავებული თანამდებობიდან, და ზოგადად სასამართლო ხელისუფლებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების უპრეცედენტო ზეწოლამ, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების პირობებში, გამოიღო ის შედეგი, რომ სასამართლო ხელისუფლება გახდა უკიდურესად დასუსტებული და დისკრედიტირებული ორგანო, რომელსაც ინსტიტუციურ დონეზე აღარ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია ხელისუფლების ზეწოლისათვის და ამით დაემკვიდრებია სამართლიანობა საზოგადოებაში. ეს გზა გავლილი გვაქვს და შესაბამისი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

ვფიქრობთ, რომ დღეს არსებული დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა იმ ოპერატიულ-სამძებრო ინსტრუმენტით, რაც აქვს პროკურატურის ორგანოებს. მათ შორის მტკიცებულებათა მოპოვების, საგამოძიებო ოპერატიული ღონისციებების გატარების და სხვა. დამოუკიდებელი ისპექტორის ინსტიტუტმა უნდა აიღოს მთავარი პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემის გადაცდომების პრევენციაზე, რადგან ჩვეულებრივ პროკურატურის ორგანოების ზედმეტი ჩართულობა სასამართლოს მიმართ არსებულ პრობლემებში გამოიწვევს ამ ორგანოს ფორმალურ, თუ არაფორმალურ ზეწოლას სასამართლოზე, რაც არ იქნება სასურველი დამოუკიდებელი სასამართლოსათვის, რადგან სასამართლოს თვითონ აქვს ვალდებულება, რომ გააკონტროლოს პროკურატურის მიერ მომზადებული სისხლის სამართლის საქმეები. ჩვენი მიდგომა ეფუძნება აშშ-ს ზოგიერთ შტატში არსებულ სისტემას დამოუკიდებელი ინსპექტორის თაობაზე. (2014 წელს აშშ-ს ჯორჯიას შტატში სამსახურებრივი ვიზიტის დროს შევხვდით დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელიც არ შედის პროკურატურის შემადგენლობაში და არის მთავარი გარანტი სამოსამართლო ეთიკის მაღალი ხარისხისა). აღნიშნული სისტემა გამართულად მუშაობს და აშშ-ს მოსამართლეები არიან ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პიროვნებები“, - ნათქვამია ურთმელიძის განცხადებაში.

ურთმელიძე ამბობს, რომ ნებისმიერი ჩინოვნიკის თუ ჩვეულებრივი მოქალაქის საზრუნავი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება.

„ნებისმიერი ორგანოს მთავარი პრინციპი უნდა იყოს, რომ პატივისცემით მოეპყროს მოსამართლეს, როგორც ადამიანის უფლებათა მთავარ გარანტს, როცა სასამართლოს მიმართ ახორციელებს დისციპლინურ ან ნებისმიერ სამართლებრივ პროცედურებს. სასამართლო სისტემისა და ზოგადად მოსამართლეთა მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვებას (ამის გარეშე კი ეს ხელისუფლება ფიქციად იქცევა), სჭირდება ათწლეულებით მუშაობა, ხოლო უსაფუძვლო კრიტიკა, ნებისმიერი უპატივცემულობა გამოჩენილი სასამართლოსა და მოსამართლეების მიმართ იწვევს მყისიერ ნეგატიურ შედეგებს. საზოგადოებას უჩნდება სამართლებრივი ნიჰილიზმი და იგი აღარ არის კანონმორჩილი. საზოგადოებაში მკვიდრდება ძალადობა და უიმედობა.

საქართველო ახალი დემოკრატიის ქვეყანაა, რომლის უმთავრესი პრობლემა სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტე და საზოგადოების მხრიდან არასათანადო ნდობაა, ამიტომ ნებისმიერი ჩინოვნიკის თუ ჩვეულებრივი მოქალაქის საზრუნავი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება, მათი მაღალი რეპუტაცია, რაც პირველ რიგში თავად ხელისუფლების წარმომადგენლების საზრუნავია. ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები ნიშნავს საზოგადოების კეთიდღეობას და ადამიანის უფლებების ძლიერ დაცვას.

როცა ისმის სასამართლოსა და მოსამართლის კრიტიკა, აუცილებელია, რომ უპასუხოდ არ დარჩეს არც ერთი ასეთი განცხადება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სასამართლოთა პრესცენტრებმა, თავად მოსამართლეებმა პასუხი უნდა გასცენ ასეთ პრეტენზიებს, ხოლო თუ დაუსაბუთებელი კრიტიკა გადადის ზომიერ ფარგლებს ან ცილისწამებას აქვს ადგილი, საკუთარი გამოცდილებითაც მიმაჩნია, რომ უპრიანი იქნება სასამართლო წესით მოხდეს რეპუტაციისა და ღირსების აღდგენა, რადგან სასამართლო ხელისუფლების ლეგიტიმაცია მისადმი ნდობაზე გადის“, - აცხადებს თამაზ ურთმელიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა