საპარლამენტო კომიტეტები ხვალ ახალი რეგლამენტის პროექტს განიხილავენ

საპარლამენტო კომიტეტები ხვალ ახალი რეგლამენტის პროექტს განიხილავენ, რომელიც ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება.

ძირითადი ცვლილებები შეეხება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას, საკანონმდებლო პროცესის დახვეწას, პარლამენტის სტრუქტურასთან დაკავშირებულ ცვლილებებს და თავად პარლამენტის ანგარიშვალდებულების გაზრდას.

საპარლამენტო კონტროლისა და ზედამხედველობის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის ახალი პროექტით გათვალისწინებულია: - პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში პოლიტიკური დებატებით; პრემიერ-მინისტრის რიგგარეშე მოხსენება და ანგარიში; ინტერპელაციის წესის დამკვიდრება - პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება ექნება შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატები შეკითხვას პირადად უპასუხებენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რასაც შემდეგ პოლიტიკური დებატები მოჰყვება; მთავრობის წევრის, ან სხვა ანგარიშვალდებული თანამდებობის პირის დაბარება კომიტეტის სხდომაზე; მინისტრის საათის ფორმატის დანერგვა; დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის გამარტივება; ზედამხედველობა საკანონმდებლო აქტების აღსრულებაზე; თემატური მოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა; პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა და სხვა.

საკანონმდებლო პროცესის გაუმჯობესების მიზნით, რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს: თემატური მომხსენებლის დანიშვნას; დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის შეზღუდვას; პლენარული სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გამიჯვნას; საკომიტეტო სხდომების დღის წესრიგის 3 დღით ადრე გამოქვეყნებას; მთავრობის მიერ თავისი კანონშემოქმედებითი გეგმების პარლამენტში წარდგენის ვალდებულებას ყოველი მორიგი საპარლამენტო სესიისთვის და სხვ.

ახალი რეგლამენტის პროექტს ხვალ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განიხილავენ. ასევე გაიმართება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს