რამაზ საყვარელიძე - უსუფაშვილმა იჩქარა, მარგველაშვილისთვის მომგებიანია, რომ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფში არ არის

საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისთვის მომგებიანი იქნება, რომ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფში არ იყოს გაერთიანებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

საყვარელიძე გამოეხმაურა “შენების“ მოძრაობის ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანება შესთავაზა.

“მე მგონია, რომ უსუფაშვილმა იჩქარა. გიორგი მარგველაშვილმა შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში წარადგინოს თავისი კანდიდატურა, თუმცა მისთვის მომგებიანი მომენტი იქნება, რომ არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფში არ იყოს გაერთიანებული, ისევე როგორც თავის დროზე ელისაშვილმა თქვა უარი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაზე მერის არჩევნების დროს. ჩემი აზრით, უსუფაშვილის მხრიდან საჯაროდ შეთავაზება ცოტა უტაქტო იყო, რადგან გამოდის, რომ ფაქტის წინაშე აყენებს მარგველაშვილს, რომელსაც შესანიშნავად იცნობს და შეეძლო ეს საკითხი ჩვეულებრივი მოლაპარაკებით მოეგვარებინა. ეჭვი არ მეპარება ამ წერილის ავტორის გულწრფელობაში, თუმცა ამ კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაში, როცა წინ საპრეზიდენტი არჩევნებია, ჩემთვის გაუგებარია ამ წერილის ფუნქცია, მიზანი და შედეგიანობა. ვინაიდან წერილით მიმართა მარგველაშვილს, ალბათ, უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მისთვის ეს გაერთიანება მომგებიანი იქნება. მაგრამ ზოგადად, ალიანსები დგება მას შემდეგ, რაც პარტია მიიღებს მხარდაჭერას და მერე პარტიები იწყებენ იმაზე მსჯელობას, გაერთიანდნენ თუ არა. მინიმალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური გუნდების წინასწარ გაერთიანება და გაცხადება იმისა, რომ მოდით, გავერთიანდეთ და ქვეყანა გადავარჩინოთო, სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

„შენების“ მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა.

უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პოლიტიკური ამოცანაა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემძლე გუნდის ფორმირება.

“ამისთვის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ, თუ გიორგი მარგველაშვილი თანახმაა, საპარლამენტო არჩევნების მომგები გუნდის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, მე მზად ვარ, ან მე ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი ან ის იყოს კანდიდატი ან სხვა კანდიდატი მოვძებნოთ. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემძლე გუნდის ამოცანებს უნდა დაექვემდებაროს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი გადაწყვეტილებები“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დავით უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა