პუტინი უკრაინულ დემოკრატიას უკრაინული დემოკრატიის წინააღმდეგ იყენებს

უკარაინისა და საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი" კიევო-მოგილიოვსკის აკადემიის პროფესორს, ფონდ „დემოკრატიული ინიციატივების“ სამეცნიერო დირექტორს, ალექსეი გარანს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა პუტინმა „სასახელო სამხედრო ტრადიციების შენარჩუნების მიზნით“, რუსეთის შეიარაღებული ძალების არაერთ სამხედრო ნაწილს უკრაინის ქალაქების სახელი მიანიჭა. უკვე არსებობენ ლვოვის მე-6 სატანკო პოლკი, ასევე „ლვოვის გვარდია“, 153-ე ნეჟენსკის სატანკო პოლკი და სხვა. როგორ აღიქვა უკრაინულმა საზოგადოებამ კრემლის ეს მორიგი აქცია და თქვენ როგოორ შეაფასებდით მომხდარს?

- ეს, სხვა არაფერია თუ არა კრემლის მხრიდან მორიგი ინფორმაციული პროვოკაცია. უკრაინულმა საზოგადოებამ მომხდარი სწორედ ასე აღიქვა. საკმაოდ ცინიკური, აგრესიული გადაწყვეტილებაა.

- რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის უკრაინული ქალაქების სახელების მინიჭებას? ანუ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ლვოვის მე-6 სატანკო პოლკი, „ლვოვის გვარდია“, 153-ე ნეჟენსკის სატანკო პოლკი და რუსული ქვედანაყოფები ლვოვის, ანაც ნეჟენსკის მიმართულებით დაიძრან?

- თუ ამგვარი რამ მართლაც მოხდა, ეს უკვე იქნება რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ახლა უკრაინის საკითხში პუტინი ფსონს საკითხის ძალისმიერი გზით გადაჭრაზე არ აკეთებს.

რუსული სამხედრო შენაერთებისთვის უკრაინული ქალაქების სახელების მინიჭება უკრაინულმა საზოგადოებამ კრემლის მორიგ ინფორმაციულ ცინიკურ და აგრესიულ პროვოკაციად აღიქვა

არა იმიტომ, რომ მას ამის გაკეთება არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ ამგვარ ნაბიჯებზე წასვლის შემთხვევაში პირადად იგი ბევრს წააგებს. მხედველობაში მაქვს ისიც, რომ რუსეთს საკმაოდ დიდი მატერიალური და ადამიანური დანაკარგები ექნება. გარდა ამისა, მის ამგვარ ნაბიჯზე დასავლეთს კიდევ უფრო მძაფრი რეაქცია ექნება.

ჩემი აზრით, პუტინის ტაქტიკა უკრაინის მიმართ ორიენტირებულია იმაზე, რომ დაღალოს კონფლიქტის ზონაში უკრაინული ქვედანაყოფები, უკრაინის შიგნით მოხდინოს ვითარების დესტაბილიზაცია. ჩემი აზრით, პუტინი იმედებს ამყარებს იმაზე, რომ შემდეგ არჩევნებში უკრაინის ხელისუფლებაში მოვლენ ისეთი ადამიანები, რომლებიც რუსეთის მიმართ უფრო ლოიალურები იქნებიან. რომ უკრაინის ახლი ხელისუფლება მზად იქნება მოსკოვის მოთხოვნების მიმართ უფრო მეტად დამთმობი პოლიტიკა გაატაროს.

- ჩვენ ამ თემებზე კიდევ ვისაუბრებთ. ბელორუსმა უარი თქვა თავის ტერიტორიაზე განათავსოს რუსული ბაზა. რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თუ ომის დაწყებას არა, გარკვეული ძალისმიერი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

- გეთანხმებით, რომ შესაძლოა კრემლში უკრაინის საკითხში ძალის გამოყენება ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. რუსეთისგან გამორიცხული არაფერია, ამისთვის უკრაინა მზად უნდა იყოს.

ახლა უკრაინასთან მიმართებაში პუტინის მიზანია, მოახდინოს ქვეყნის შიგნით ვითარების დესტაბილიზაცია და უკრაინის ხელისუფლებაში ისეთი ხალხი მოვიდეს, ვისთანაც კრემლს საუბარი არ გაუჭირდება

მაგრამ მე არ ვთვლი, რომ ახლა როცა რუსეთს აქვს იმის გამოცდილება, რომ უკრაინას შესწევს უნარი ძალას ძალა დაუპირისპიროს, კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების სასარგებლოდ გააკეთოს არჩევანი.

ჩემი დაკვირვებით, ახლა უკრაინასთან მიმართებაში პუტინის მიზანია მოახდინოს ქვეყნის შიგნით ვითარების დესტაბილიზაცია და უკრაინის ხელისუფლებაში ისეთი ხალხი მოვიდეს, ვისთანაც კრემლს საუბარი არ გაუჭირდება.

- ბრძანეთ, რუსეთის მიზანია უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაცია, თქვენი დაკვირვებით, რამდენად წარმატებით ახერხებს კრემლი უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციას და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მონაწილეობას?

- რუსეთი უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ფრონტის წინა ხაზზე ცდილობს უკრაინული ქვედანაყოფების დაღლას. დროებითი დაზავების მიუხედავად, დაპირისპირების ზოლზე ყოველდღე ხდება გაუგებრობები. სახეზეა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ეკონომიკური ზეწოლა, მხედველობაში მაქვს ის, რომ ყველა შეთანხმების იგნორირებით მნიშვნელოვნად შემცირებულია უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტი.

ქვეყნის შიგნით ვითარების დესტაბილიზაციისათვის რუსეთი აქტიურად იყენებს მეხუთე კოლონას. ამის შესაძლებლობას მას უკრაინული დემოკრატია აძლევს. პრორუსული მედია უპრობლემოდ საქმიანობს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. განსაკუთრებით აღასანიშნავია აშკარად პრორუსული ტელევიზიების გააქტიურება. ისინი თითქოს კრიტიკულები არიან რუსეთის მიმართ, მაგრამ სინამდვილეში უკრაინაში კრემლის პროპაგანდისტულ ამოცანებს ასრულებენ.

უკრაინაში მოქმედი პრორუსული მედიასაშუალებები ღიად ეწევიან ზოგადად დასავლეთის და დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას. საზოგადოებას ახსენებენ „დიად“ საბჭოთა წარსულს და ცდილობენ იმავე საზოგადოებაში სსრკ-ს მიმართ ნოსტალგიური განწყობების გაღვივებას.

- გასაგებია. მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფრთხის შემცველია უკრაინისთვის რუსეთის მცდელობები როგორმე აურიოს შიდაპოლიტიკური სიტუაცია უკრაინაში?

- სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკრაინის მიმართ კრემლის პოლიტიკა ყოველთვის იყო საფრთხის შემცველი, მაგრამ 2014 წელს დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ ამგვარი საფრთხეები მნიშვნელოვნად შემცირდა. ასე იმის გამო მოხდა, რომ უკრაინულ საზოგადობაში რუსეთის მიმართ განწყობებში სერიოზული ცვლილებები მოხდა. რუსეთმა უკრაინელ ხალხს თავად აჩვენა, რომ იგი აგრესორია.

პუტინი უკრაინულ დემოკრატიას უკრაინული დემოკრატიის წინააღმდეგ იყენებს. დემოკრატია ხალხს საშუალებას აძლევს გამოთქვან თავისი შეხედულებები და მოსაზრებები ამა თუ იმ, უკრაინისთვის მნიშვნელოვან საკითხზე.

უკრაინული დემოკრატიის საშუალებით სარგებლობენ ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთი აგრესორია, მაგრამ საჭიროა მასთან კომპრომისზე წასვლა, უნდა ვცდილობდეთ მასთან მშვიდობიანი პოლიტიკის წარმოებას და მშვიდობასა და თანამშრომლობას. როცა მათ მათივე ოპონენტები ეუბნებიან, რომ ისინი აგრესორის პოლიტიაკს ატარებენ, მათი პასუხი ასეთია - არა, ჩვენ მხოლოდ ჩვენს მოსაზრებას გამოვთქვამთ.

უკრაინაში მოქმედი პრორუსული მედიასაშუალებები ღიად ეწევიან ზოგადად დასავლეთისა და დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციას. საზოგადოებას ახსენებენ „დიად“ საბჭოთა წარსულს და ცდილობენ იმავე საზოგადოებაში სსრკ-ს მიმართ ნოსტალგიური განწყობების გაღვივებას

უკრაინაში არსებულ პრორუსულ ძალებს უკრაინული დემოკრატია უკრაინის მიმართ კრემლისა და რუსული პროპაგანდის უმთავრესი თეზისების ტირაჟირების საშუალებას აძლევს. არა მგონია, ანალოგიური პრობლემები არ ჰქონდეს ქართულ დემოკრატიასაც

- გასაგებია, ჩვეთანაც პრაქტიკულად იგივე ხდება. თქვენი ინფორმაციით ახლა რა ვითარებაა უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ზონაში?

- დაპირისიპირების ზონაში ახალ არაფერი ხდება. არც ომისა და არც მშვიდობის ვითარება ნარჩუნდება. რუსეთი აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების კონტროლს. ამ რაიონებში კრიმინოგენური ვითარება დღითიდღე მძიმდება. ამ რეგიონების უკან სულ უფრო დაუფარავად დგანან რუსი სამხედროები, რუსეთის სპეცსამსახურები. მოკლედ, გრძელდება ის, რაც საქართველომ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" მაგალითებზე კარგად იცის.

- როგორ შეაფასებდით უკრაინის მიმართ აშშ-სა და ევროპის მხარდაჭერას? რამდენადაც ვიცი, უკრაინა აგრძელებს აშშ-სგან თავდაცვითი ლეტალური იარაღის მიღებას...

- აშშ-ს მიღებული აქვს პრინციპული გადაწყვეტილება უკრაინისათვის თავდაცვითი ლეტალური იარაღის მიწოდების შესახებ. მოგეხსენებათ, ობამას პრეზიდენტობის დროს ამგვარი გადაწყვეტილება არ მიღებულა. აშშ-სგან უკრაინის მიერ ამ იარაღის მიღების პროგრამა ხორციელდება. ევროპა აგრძელებს რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების პოლიტიკას. რუსეთის მიმართ ევროკავშირის სექტორალური სანქციების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული.

უკრაინაში არსებულ პრორუსულ ძალებს უკრაინული დემოკრატია უკრაინის მიმართ კრემლისა და რუსული პროპაგანდის უმთავრესი თეზისების ტირაჟირების საშუალებას აძლევს. არა მგონია, ანალოგიური პრობლემები არ ჰქონდეს ქართულ დემოკრატიასაც

სხვა საკითხია ის, რომ ასეთ ვითარებაში რუსეთი მუდმივად ცდილობს მის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შეზღუდვას. ამ მიზნის მიღწევას რუსეთი თავისი ლობისტების მეშვეობით ცდილობს. მხედველობაში მყვანან როგორც ევროპელი რადიკალური მემარცხენეები, ისე რადიკალური მემარჯვენეები.

კრემლი ხშირად იყენებს ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მთავრობებს, რომლებიც აკეთებენ განცხადებებს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის სასარგებლოდ. ამ ლოზუნგებით მოიგეს არჩევნები იტალიელმა პოპულისტებმა. მიუხედავად ამისა, იტალიის მთავრობამ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 6 თვით გაგრძელებას.

- მალე ჰელსინკში ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება. მოსკოვში იმედს გამოთქვამენ, რომ ამ შეხვედრაზე უკრაინის საკითხი არ განიხილება. თქვენი აზრით, ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის შედეგებზე რა მოლოდინებია კიევში?

- დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპსა და პუტინის შეხვედრაზე უკრაინის საკითხი საუბრის ერთ-ერთი განსახილველი თემა იქნება. საქმე ისაა, რომ ტრამპის ქმედებები მისსავე რიტორიკას აცდენილია. ფაქტია, რომ განცხადებების კეთებისას აშშ-ს პრეზიდენტი საკმაოდ ბევრ შეცდომას უშვებს. მათზე ამერიკული და ევროპული პრესა ხშირად ხმაურიანადაც მსჯელობს. შემდეგ აღმოჩნდება, რომ იგივე ტრამპი რეალურად სხვა ნაბიჯებს დგამს. მისი ამგვარი მოქმედება მშვიდად ყოფნის საშუალებას არ იძლევა.

ამგვარი განცხადებებით ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროსაც გამოირჩეოდა. მაგრამ შემდეგ მას თავისივე ქმედებებში მნიშვნელოვანი კორექტივები შეჰქონდა. ის, რომ პრეზიდენტ ტრამპის ქმედებები დაბალანსებულია, ეს ამერიკული სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ამერიკული დემოკრატიის მუშაობის შედეგია. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ტრამპის პოზიცია რუსეთის მიმართ საკმაოდ მკაფიო და მკაცრი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის განცხადებების კორექტირების არაერთი შემთხვევა უკვე იყო, მაინც არ შეიძლება ვიყოთ მშვიდად, რადგან საქმე აშშ-ს არაორდინალურ პრეზიდენტ ტრამპს ეხება. ამგვარ განცდას ისიც აღრმავებს, რომ არავინ იცის, რას ეტყვის ტრამპი პუტინს თუ მათ შორის შეხვედრა ერთი ერთზე მართლაც შედგა.

- ტრამპი-პუტინის ერთი ერთზე შეხვედრის ალბათობაზე ინფორმაცია კი გავრცელდა, მაგრამ თეთრ სახლს ამგვარი შესაძლებლობა ჯერ არ დაუდასტურებია.

- დიახ, ვიცი, მაგრამ ტრაპის ქცევიდან გამომდინარე, მაინც არსებობს მცირე საშიშროების ალბათობა. რადგან ასეა, ჩვენ მაინც უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ აშშ-ს პოლიტიკის კანონები იმუშავებენ.

იმ შემთხვევაში, თუ ჰელსინკში ტრამპმა რუსეთის მიმართ პოზიციები სხვადასხვა მიზეზთა გამო შეარბილა. დარწმუნებული ვარ თეთრი სახლი და კონგრესი შემდეგ მათ დააბალანსებენ.

რუსეთი მუდმივად ცდილობს მის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების შეზღუდვას. ამ მიზნის მიღწევას რუსეთი თავისი ლობისტების მეშვეობით ცდილობს. მხედველობაში მყვანან როგორც ევროპელი რადიკალური მემარცხენეები, ისე რადიკალური მემარჯვენეები

- უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია კონსტანტინოპოლისაგან თქვენი მართლმადიდებლური ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭებას მოითხოვს. ცნობილია, რომ ამ პროცესში უკრაინის ხელისუფლებაც ჩართულია. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ირგვლივ?

- კიევი კონსტანტინოპოლისაგან კი არ მოითხოვს, არამედ მიმართა მას აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა და აღადგინოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია.

დარწმუნებული ვარ, საქართველოში კარგად ესმით უკრაინული ეკლესიის, უკრაინელი მართლმადიდებლური მრევლის სურვილი. უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიისა და მრავალმილიონიანი მრევლის არსებობა მყარი საფუძველია იმისათვის, რომ ჩვენს ეკლესიას ავტოკეფალია კანონიკურად მიენიჭოს.

ის, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალია არ აქვს, ეს ისტორიული ნონსენსია. პოლონეთსა და ალბანეთში მოქმედ მართლმადიდებლურ ეკლესიებს ავტოკეფალია აქვთ, უკრაინას კი არ აქვს.

და ეს მაშინ, როცა რუსული ეკლესიის მართლმადიდებლობა სწორედაც რომ კიევის ეკლესიის მართლმადიდებლობიდან იღებს სათავეს. მეტიც, უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის კონსტანტიტოპოლის ეკლესია დედა-ეკლესიაა.

კონსტანტინოპოლის ეკლესია მე-17 საუკუნეში იძულებული გახდა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია გადაეცა სამართავად მოსკოვის მართლმადიდებლური ეკლესიისათვის. ეს აქტი, რომ უამრავი დარღვევებით განხორციელდა, იცის კონსტანტინოპოლმა და იცის მოსკოვმა.

დროა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ აღდგეს ისტორიული სამართლიანობა. ჩვენ ყველა საფუძველი გვაქვს გვქონდეს იმედი, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება. მოხარული ვიქნებით თუ ეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერით მოხდება.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს