ნინო ჩხობაძე - სპეციალისტების მიერ საჭიროა ნენსკრას შენაკადების ნახვა, რისთვისაც საჭიროა სპეცვერტმფრენები

ვარაუდი იმისა, რომ კიდევ შეიძლება განმეორდეს მდინარის ადიდება, აბსოლუტურად რეალურია, - ამის შესახებ გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ პრესკონფერენციაზე განაცხდა. მისი თქმით, ამ მასშტაბის წყალდიდობა ნენსკრას ხეობაში აქამდე არ ყოფილა. როგორც მან აღნიშნა, სტიქია, სავარაუდოდ, მყინვარის დნობამ გამოიწვია.

"ნენსკრას ასეთი მასშტაბის ადიდება არც ერთ უხუცესსა და სპეციალისტს არ ახსოვს.

სავარაუდოა, რომ ეს მოხდა მდინარე ნენსკრას ერთ-ერთი შენაკადის გამო, რომელიც სათავეს იღებს მყინვარიდან. გახსოვთ, რომ წინა დღეები საკმაოდ ცხელი იყო და მყინვარის ინტენსიური დნობის შედეგად შესაძლებელია, რომ მყინვარს მოწყდა რაღაც, ჩავარდა წყალში და მერე ამას დაემატა ინტენსიური წვიმა. ამ ორი მოვლენის დამთხვევამ, სავარაუდოდ, გამოიწვია ის, რომ ნენსკრას შენაკადის სათავეში მეწყერი ჩამოწვა, რაღაც გადაიკეტა და წყლის ძალიან დიდი მასის დაგროვება მოხდა. ანუ გლობალური კლიმატის ცვლილების ფონია სახეზე,"- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია სპეციალისტების მიერ მდინარის შენაკადების ნახვა, თუმცა ამისათვის სპეცვერტმფრენებია საჭირო.

"ვარაუდი იმისა, რომ კიდევ შეიძლება განმეორდეს მდინარის ადიდება, აბსოლუტურად რეალურია. აუცილებელია, სპეციალისტების მიერ ინახოს შენაკადების ხეობები, თუმცა რამდენად მოახერხებენ ამას, გაურკვეველია. საჭიროა სპეცვერტმფრენები, გვაქვს თუ არა ამის შესაძლებლობა, უცნობია. ძალიან კარგია, რომ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო", - აღნიშნა მან.

გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი საუბრისას ნენსკრა ჰესის მშენებლობის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, მომხდარის შემდეგ ჰესის მშენებელ კომპანიას მთელი პროექტის დიზაინის შეცვლა და ახალი კვლევების ჩატარება მოუწევს.

"ნენსკრა ჰესის მშენებლობა იმ ფაზაზე არ იყო, რომ დატბორვა დაწყებულიყო ან რამე საფრთხე შეექმნა. ახლა ნენსკრა ჰესს არ შეეძლო, რომ სტიქიაზე ზემოქმედება მოეხდინა, თუმცა ნენსკრა ჰესის მშენებარე კომპანიას არაერთხელ მიეცა საკმაოდ მკაცრი რეკომენდაცია, რომ მათი გეოლოგია ბოლომდე გამოკვლეული არ არის. ახლა უკვე თავიდან არის მთელი გეოლოგია გასაკეთებელი, თავიდან არის რისკები შესაფასებელი, თავიდან არის დასათვლელი ყველა ხარჯი. საკითხია დასასმელი - რა ჯობია, ავაშენოთ და ვიყოთ რისკის ქვეშ თუ არ ავაშენოთ და სხვა ზომებს მივმართოთ, რომელიც არანაკლებ ძვირი იქნება. ფაქტი ერთია - დღეს ნენსკრა ჰესს მთელი პროექტის დიზაინის შეცვლა და ახალი კვლევების ჩატარება სჭირდება,"- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო