გია ხუხაშვილი - დავით უსუფაშვილს საჯარო პოლიტიკა კარგად არ გამოსდის, გიორგი მარგველაშვილის გეგმები კი მისთვისვე ბუნდოვანია

როცა საჯარო წერილით მიმართვა ხდება, ეს თავისთავად გულისხმობს, რომ მარგველაშვილ-უსუფაშვილს შორის კომუნიკაციაში არის პრობლემა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

ხუხაშვილი გამოეხმაურა “შენების“ მოძრაობის ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებას, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის გაერთიანება შესთავაზა.

“როგორც წესი, ასეთი ალიანსები კულისებში მოლაპარაკებებით დგება და შემდეგ ცხადდება ამის შესახებ. ვფიქრობ, უსუფაშვილმა ამ მიმართვით დაადასტურა, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაციაში არსებობს პრობლემა, ამიტომ საჯაროდ გადაწყვიტა მიმართვა. მეორე მომენტია, რომ თვითონ საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს ამ ალიანსს, თუმცა შესაძლოა ისტორიული განვითარების კვალდაკვალ მას უნდა დოკუმენტური ალიბი შეიქმნას იმისა, რომ იცოდა სწორი გეგმა, მაგრამ სხვების მიზეზით ეს გეგმა არ განხორციელდა. მე ვფიქრობ, ამ წერილის დაწერის ორი ძირითადი მოტივი სწორედ ესენია. რაც შეეხება იმას, რომ თეორიულად ასეთი ალიანსი შეიძლება შედგეს, მე ამ ალიანსში სინერგიას ვერ ვხედავ. არ ვფიქრობ, რომ ამ ალიანსს არ შეუძლია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი შექმნას ქვეყანაში, მითუმეტეს, რომ იქ საუბარია ასეულობით ინტელექტუალის შემოკრებაზე. ეს საკმაოდ პრობლემატური პროცესია. ასეთი განაცხადი ბევრს გაუკეთებია ქვეყანაში, მაგრამ შესრულებით ვერავის შეუსრულებია“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ყველაფრის მიუხედავად, დავით უსუფაშვილის პოლიტიკური მოსაზრებები პატივსაცემია.

“მე პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ დავით უსუფაშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე ამ ქვეყანაში და ნამდვილად საჭიროა, რომ სახელმწიფოს ემსახურებოდეს, მაგრამ საჯარო პოლიტიკა მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის. არის კიდევ ერთი მომენტი, მე ვფიქრობ, ზედმეტად დრამატიზებული აქვს მას ეს პროცესი. გასაგებია, რომ ქვეყანაში არის მმართველობითი პროცესის სერიოზული კრიზისი, მაგრამ ქვეყანა რომ ინგრევა და ეს პროცესი შეუქცევადია - ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. მე ვფიქრობ, ჯერ კიდევ შესაძლებელია გამოსწორდეს სიტუაცია ქვეყანაში. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მისი გეგმები ბუნდოვანია. რაც ყველაზე მთავარია, ბუნდოვანია არა მხოლოდ ჩემთვის და თქვენთვის, არამედ თავადაც არ აქვს გამოკვეთილი გეგმა საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე. როდესაც ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში არ არსებობს გეგმა და არც მობილიზებული რესურსები, მის შანსებსაც საკმაოდ სკეპტიკურად შევხედავდი“, - აღნიშნა ექსპერტმა.

“შენების“ მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ მარგველაშვილს ღია წერილით მიმართა.

უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარი პოლიტიკური ამოცანაა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემძლე გუნდის ფორმირება.

“ამისთვის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ, თუ გიორგი მარგველაშვილი თანახმაა, საპარლამენტო არჩევნების მომგები გუნდის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, მე მზად ვარ, ან მე ვიყო პრეზიდენტობის კანდიდატი ან ის იყოს კანდიდატი ან სხვა კანდიდატი მოვძებნოთ. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემძლე გუნდის ამოცანებს უნდა დაექვემდებაროს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი გადაწყვეტილებები“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ დავით უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა