აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნესსექტორს საქმიანობის ანგარიში გააცნო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნეს-სექტორს საკუთარი საქმიანობის შესახებ ანგარიში გააცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა აქტიურად მუშაობს დევნილთა მიერ დაარსებულ კომპანიებთან. მათ არაერთი ღონისძიება გამართეს ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩატარდა პროდუქციის გამოფენა, რომელიც დევნილთა მიერ დაფუძნებული კომპანიების ნაწარმს წარმოადგენდა. ასევე აქტიურად მუშაობს საქართველოს სავაჭრო პალატასთან ერთად იმ ინციატივის ფარგლებში, რომელიც მთავრობამ წარადგინა. საუბარია, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც გულისხმობს ადმინისტრაციულ საზღვრისპირა რეგიონებში ვაჭრობის ხელშეწყობას. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.

ანგარიშის წარდგენის ფარგლებში გაიმართა პალატის სამომავლო გეგმების პრეზენტაციაც. წარადგინეს ის დაგეგმილი აქტივობები, რომლებიც სამთავრობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში იგეგმება, ასევე პრეზენტაციის ნაწილში მოხდა დევნილებში ბიზნეს-სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობების წარდგენაც. საუბარი შეეხო ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ მეწარმე სუბიექტებში ტრენინგის საჭიროებების დადგენისა და ტრენინგების ჩატარების საკითხსაც, რაშიც მხარდაჭერას აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატა აღმოუჩენენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა კანონის შესაბამისად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შემადგენელი ნაწილია. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე მისი ოფისი განთავსებულია თბილისში. აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გაწევრიანებულები არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებული ის პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. მათ შორის არიან, როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთო კრება გაიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო